ტოსკანის მზის ქვეშ

როცა პირველად იტალიაში ჩავედი, ჩემი კომპიუტერის მონიტორი გამახსენდა. მთელი წელი „ვტკებებოდი“ ტოსკანას პანორამული ხედებით. რა ლამაზი ყოფილა! გადაწყვეტილი მქონდა, მენახა ტოსკანა მთელი მისი დიდებულებით: კულტურული ძგელებით, ხედებით, ღვინის ტურებით, მთით, ზღვით და სოფლებით. ზუსტად ასეთ ტოსკანას გთავაზობთ მეც.

როგორც კი ფლორენციაში მოვხვდი სანტა-მარია-დელ-ფიორეს ტაძრისკენ გავიქეცი. მსოფლიოში სიდიდით მესამე ტაძარი ვნახე თუ არა, თითქოს პარალელურ სამყაროში გადავედი, სადღაც წარსულში. 

აქედან ფეხით, ზუსტად 8 წუთში (საათი დავინიშნე) გალერეა უფიციში მოვხვდი. გალერეაში რას არ ნახავ – ბოტიჩელი, ტიციანი, ლეონარდო და ვინჩი. არ არის აუცილებელი მხატვრობაში ერკვეოდე, ყველაფერი ისეთი მომნუსხველია!

*ფლორენცია

ტოსკანას დათვალიერება თუ გინდათ (ისე როგორც მე დავათვალიერე) დაგჭირდებათ მანქანა, რომელსაც ფლორენციაში იქირავებთ. ან შეგიძლიათ სხვადასხვა ტურებით ისარგებლოთ. ავტობუსი კომფორტულია და თანაც ახალი მეგობრების შეძენის საშუალებას იძლევა. იმისთვის, რომ მისია შეუსრულებელი არ გეგონოთ ეს ამბავი, აქვე გეტყვით: ტოსკანას ფართობი სიდიდით დასავლეთ საქართველოს ფართობს დიდად არ აღემატება.

ფლორენციას რომ ამოწურავთ (ცხადია ამოუწურავია) გაუყვებით გზას პიზისკენ. სანამ პიზამდე მიხვალთ, დაახლოებით 1 საათში აბრაზე დაინახავთ წარწერას: სან მინიატო. აქ შეჩერდით (როგორც რიკოთზე გაჩერდებოდით საქართველოში მოგზაურობის დროს). ეს ის ადგილია, სადაც აუცილებლად უნდა გასინჯოთ სოკო ტრუფელი, რომლითაც პოპულარულია  ტოსკანას  რეგიონი და გასნაკუთრებით სან-მანიატო.

ყველამ იცის, რომ ყველაზე გემრიელი ტრუფელები Papaveri & Papere-ში აქვთ, თუმცა თუ ადგილს ვერ ნახავთ, იცოდეთ, არომატული სოკო ნებისმიერ ტოსკანურ კაფეში შეგიძლიათ გასინჯოთ.

*კაფე Papaveri and Papere

გააგრძელებთ გზა პიზისკენ. მანქანით მოძრაობის მთელი ხიბლი ისაა, რომ სადაც გინდათ იქ გააჩერებთ. სულ რაღაც 45 წუთში პიზას მიადგებით. მიუხედავად იმისა, რომ გადახრილ კოშკს მთელი ჩვენი ცხოვრება ვუყურებდით უამრავ ნახატზე, პოსტერზე, თუ ბაზრობების დახლებზე შემოწყობილ მათემატიკის რვეულის გარეკანზეც – მერწმუნეთ, ეს ლეგენდა როცა ხელშესახები გახდება ემოციით ბოლომდე დაიმუხტებით. იმავე დღეს ნახავთ პატარა ქალაქს – ლუკას.

*პიზა

ლუკას 20 წუთში მიადგებით. საუცხოო ქალაქია, სადაც თთქოს ერთად შეყარეს ევროპის ყველაზე ლამაზი რომანული სტილის შენობები. ამ ყველაფერს რომ დაათვალიერებთ (აუცილებლად ფეხით)  ჩაისეირნეთ ცაცხვისა და წაბლის ულამაზეს ხეივნებში.

*კიანტი

მეორე დღეს სამხრეთისკენ შეგიძლიათ გაემართოთ. ფლორენციიდან 45 წუთში კიანტიში ჩახვალთ. ეს იტალიაა ჩემი კომპიუტერის მონიტორიდან – ლამაზი პეიზაჟები, ხეობაში გაშლილი ვენახები, მშვიდი გარემო და ზეთისხილის ხეები. ტირილამდე მივყავარ ამ სილამაზეს.

კიანტიში დააგემოვნებთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღვინოს – კიანტის. ამ მხარეში შთამბეჭდავი ღვინის ტურებია. იგრძნობა იტალიური სტუმართმოყვარეობა და ისტორია. 

*ტოსკანა

განსაკუთრებით პოპულარულია ღვინის ტურები ახალდაქორწინებულ წყვილებში. ძველისძველ იტალიურ სახლში, ხეხილით სავსე ეზოში შეყვარებული წყვილები სიამოვნებით ვახშმობენ და თან საუცხოო ღვინოს წრუპავენ. თუ რომანტიკული საღამოები არ გაინტერესებთ, მაშინ მოემზადეთ: ღვინოს, ყველს და ბრუსკეტებს ისტორიებთან ერთად დაგახვედრებენ. სახლის მასპინძლები ემოციურად მოგიყვებიან საგვარეულო ამბებს, სადაც ვენახს, მარანს, და არომატს ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს. კიანტი საუცხოო ადგილია! ნამდვილი სასწაული!

შემდეგი გაჩერება სან ჯიმიანოა. მე-11-მე-13 საუკუნეებში აგებული 72 კოშკიდან, დღეს მხოლოდ 15-ია შემორჩენილი.

*სან ჯიმიანო

ველოსიპედით სან-ჯიმიანოს ქუჩების შემორბენა უბრალოდ აუცილებელია. ხალხი თბილი და სალმიანია. ხანდახან გგონია, რომ ჩხუბობენ – მაგრამ მერე ხვდები რომ ასე საუბრობენ. სან ჯიმიანოდან იტალიის სამოთხემდე სულ რაღაც 48 წუთი გაშორებთ.

აი, სიენას ქვის კედლებში სეირნობა იგივე დროში მოგზაურობაა! სიენაში ბევრი მნიშვნელოვანი ძეგლია და მაინც, განსაკუთრებულია აქაური ქუჩები. იმისათვის რომ ქალაქის ცენტრში აღმოჩნდე ქვის კედლებში უნდა გაძვრე-გამოძვრე. არაჩვეულებრივი სამყაროა სავსე ემოციებით და თავგადასავლებით. კამოლიას ქუჩას  ხუთ-ექვსი წუთში მონტანინის ქუჩა ანაცვლებს. გზად სალიმბენისა და ტოლომეის ულამაზეს მოედნებს ნახავთ. ეს სეირნობა მთავარ მოედანზე მთავრდება.

Piazza del Campo იტალიის ყველაზე ლამაზი მოედანია! თუ გინდათ კარგად გაიგოთ რას ნიშნავს, როცა სამოთხეში დილა  თენდება – სიენაში ღამე გაჩერდით!

*Piazza del campo

დილით ადრე თუ გაიღვიძებთ, ჩემი რჩევაა სიენაში იტალიურ პატარა კაფეში ისაუზმოთ. სელფიც დადეთ. აქ შეგიძლიათ თამამად აუწყოთ „ფრენდებს“, რომ წინ კორტონა გელით. აქედან კორტონა 50 წუთშია.

როგორც კი კორტონაში ჩახვალთ დიდი შანსია ფერად ბაზარს მიაწყდეთ. უგემრიელესი და ულამაზესი ხილის გროვებს ხმაურიანად ყიდიან ადგილობრივი გლეხები. ვენახის მდელოებით, ზეთისხილის ხეებითა და მზესუმზირის ყანებით სავსე სოფელი აგავსებთ სითბოთი და სიყვარულით.

კორტონა აგროკულტურული ცენტრია და კიდევ ადგილი, სადაც გადაიღეს ყველასათვის საყვარელი “ტოსკანის მზის ქვეშ“. ამ ფილმის გასვლის შემდეგ კორტონა ამერიკელებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქალაქად იქცა.

*კორტონა

თუმცა აქ ჩამოსვლის მთავარი მიზანი ესაა: აქედან იშლება ტოსკანას სრულიად გასაგიჟებელი ხედები ულამაზეს ტბაზე – ტრაზიმენოზე და ასევე ვალ-დი-კიანოს უკიდეგანო ხეობაზე.

კორტონადან მთებში წადით და ნახეთ ლა ვერნა. მთის მწვერვალზე წმინდა ფრანჩესკოს მონასტერი მომლოცველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. თუმცა ბევრი ამ ადგილს მაინც ცნობისმოყვარეობის გამო სტუმრობს ვიდრე სალოცავად. კლდის პირას, ველურ ბუნებაში მდგარ მონასტერსა და ამ ადგილებს ადვილად ვერ გამოემშვიდობებით.

*ლა ვერნა

და ბოლოს. მეორე დღეს ყველაზე გრძელი მარშრუტი აიღეთ. „ყველაზე გრძელი“ მხოლოდ სამ საათს ნიშნავს.

მთიდან დაეშვებით და Castagneto Carducci-ის სანაპირო ზოლს მიადგებით. კლდოვანი სოფელი სულ რამდემინე კილომეტრითაა დაშორებული ქვიშიანი სანაპიროსგან. 

*Castagneto Carducci-ის სანაპირო ზოლი

წყლის პირას, რომელიმე ლოდზე წამოჯექით და კარგად იფიქრეთ იმაზე რაც ამ დღეებში ნახეთ. იქ მიხვდებით როგორი ლამაზია სამყაროს ეს კუნჭული და რა ბედნიერებაა აქ რომ ხართ, “ტოსკანის მზის ქვეშ”, მზესუმზირის ყანებში.

 
Publishers keep publishing books just like those books have a glance at this page.