Amore a Prima Vista!

რომი საოცარი ქალაქია! მზიანი და ხალისიანი! რომელიღაც იტალიელი მეგა-დიზაინერის მაღაზიას გულგრილად ჩავურბინეთ და გვერდით, ბროწეულის ფრეშის რიგში დავდექით. ბურჟუები გაკვირვებულები გვიყურებდნენ, მაგრამ რომიც ეს არის, საბოლოო ჯამში, ისინიც კმაყოფილები არიან და ჩვენც.

სასტუმროსთან ყველაფერი გვაქვს: ბრუსკეტების მაღაზია, ყველი, ღვინოები, მეზობლის სარეცხი ფანჯრებში. სხვა იტალიურ ქალაქთან შედარებით, ყველაფერი ისეთი იაფია! ჭამა, სუვენირები, ტანსაცმელი და მთელი რომი.

განიერი ქუჩები, უზარმაზარი პიაცები, უამრავი ხალხი.

*რომი

მეტრო 90იანების თბილისს გავს ხალხის რაოდენობით. მატარებელში კი არ შევდივართ, ერთმანეთს ვტენით. რომში ნუცასთან ერთად ჩავედი. ნუცა ყოველი სადგურის გაჩერებაზე მატარებლიდან ვარდებოდა და ისევ უკან ტენიდნენ კეთილი იტალიელები.

*მეტროსადგური რომში

ხო, იტალიელები არიან ხმამაღალი ადამიანები. ვიცი რომ იცით, მაგრამ ერთხელ კიდევ მოისმინეთ. “ვოდაფონის” ოპერატორს დავურეკეთ, დაგვამხო თავზე. გვიან მივხვდით, რომ უბრალოდ გველაპარაკებოდა. სულ მგონია, რომ ბიგუდები უკეთიათ ასეთ ქალებს, ხალათი აცვიათ, სამზარეულოში სხედან და არა “ვოდაფონის” ოფისებში.

*იტალიელი ქალბატონი რომში

იმდენად დაუჯერებელი ემოციით ლაპარაკობენ, რომ კიდევ მგონია ფლეშმობია. გამოვა ბოლოს ვიღაც და გვეტყვის გეღადავებოდითო.

როგორც კი რომში ჩამოვედით შადრევანთან გავიქეცით. მონეტა ჩავაგდეთ. რა „ორიგინალურები“ ვართ. ნუცამ დაგუგლა: ერხელ ჩაგდებული მონეტა რომში დაბრუნდებას ნიშავსო, 2- რომანს, 3 – ქორწილია, 4 -სიმდიდრე, 5 – განშორება.

*რომის შადრევანი

ჩემი მეგობარი ფულის მოყვარული ყოფილა. 4ჯერ ისროლა. მე ცხადია ერთხელ. სხვა არაფერი არ მინდოდა ცხოვრებაში აქ დაბრუნების გარდა. ნუცას კიდევ უნდოდა ორჯერ ჩაგდება, სხვა სურვილებისთვის. მაგრამ ღარიბი ტურისტები ვიყავით და გაანალიზებული გვქონდა, რომ 9 ევროდ პიცა შეგვეძლო გვეჭამა და წყალში არ გვეყარა ფული.

ღამითაც მივედით შადრევანთან. “ბეიბი-ბლუ” წყალია და გვინდოდა განათებული გადაგვეღო. შადრევანი დიდია, მაგრამ მოგვიანებით ხვდები, რომ დიდი კი არაა, ჩვეულებივია, უბრალოდ შენობის ფასადზე რომ არის მიდგმული მთელი სასწაული მაგაშია.

ესპანურ კიბეებზე ვიყავით. ოდრი რომ ნაყინს ჭამს ზუსტად იქ, შემწვარი წაბლი ვჭამეთ.

*ესპანური კიბეები. რომი

რომში იცით რა მომწონს? გადახუნებული სტაფილოსფერი ძველი კორპუსები. მგონი რომაულ ჩუქურთმებს მირჩევნია. ხის გრძელდარაბიან სახლებს ვგულისხმობ, სახლებს კინოდან. სულ მგონია, რომ ის “ბიგუდებიანი” არანორმალური ქალები ცხოვრობენ შიგნით.

*ვია ნაციონალე. რომი

კოლიზეუმში გიდს მაქსიმუსი ერქვა. მგონი სპეციალურად ირქმევენ ასეთ სახელებს, რომ ტურისტები გააგიჟონ. შემაძრწუნებელი ადგილია. მასშტაბური. დიდი და ბოროტი ქვა. აუცილებლად სანახავი.

*კოლიზეუმი

ნანგრევების ხროვააო, ამბობენ. კი, არის. და ამიტომაცაა მძიმე და მძაფრი განცდების მომგვრელი. ქვას თუ შეიძლება ხმა ქონდეს, კოლიზეუმს აქვს. სასოწარკვეთილი ადამიანების ხმა.

არენა, ანუ სცენა სადაც გლადიატორები იბრძოდნენ აღარ არსებობს. სამაგიეროდ ჩანს თუ როგორი საკნები იყო არენის ქვეშ. მიწისქვეშა ჯოჯოხეთი! შეგიძლია ნათლად წარმიდგინო კოლიზეუმის ქვეშ დამწყვდეული მონების ყოფა. ცხოველების ან გლადიატორების მსხვერპლი მხოლოდ კარგი სანახაობის გამო რომ ხდებოდნენ. სიკვდილის მოლოდინში მყოფი მონები თავიანთ რიგს ელოდებოდნენ!

მე-18 საუკუნემდე რომის პაპები არ თვლიდნენ, რომ კოლიზეუმი ღირებული შენობაა და დროდადრო ქვებსაც აცლიდნენ მას სხვადასხვა გამოყენებისთვის. მათი ნამოქმედარი ეტყობა კიდეც ნაგებობას. კედლებზე უზარმაზარი შავი ხვრელებია – ეს „მოპარული“ ქვების ნაკვალევია. უცნაური სანახავია. კედლებს ჩიჩქნიდნენ, რომ ამოეღოთ შიგნიდან რკინა, რომელიც წარმოადგენდა შენობის მთავარ სიმაგრეს.

აი, ასე გლეჯდნენ და ჯიჯგნიდნენ კოლიზეუმს საუკუნეების განმავლობაში. ხან რკინის მაძიებელმა ღარიბებმა გაძარცვეს, ხანაც რომის პაპები ზიდავდნენ მის ქვებს.

შემორჩენილია კიბე, საიდანაც გლადიატორები გადიოდნენ არენაზე. ვომიტორი ქვია. VOMIT რწყევას და ამონთხევას ნიშნავს როგორც ლათინურად, ისე ინგლისურად. დავიბენით. გიდმა აგვიხსნა – ანუ ისევე სწრაფად ადიხარ კიბეზე, რა სისწრაფითაც არწყევო. უცნაური შედარებაა.

*სცენისკენ მიმავალი კიბეები. კოლიზეუმი

ვნახეთ ე.წ. “ლუზერების” გასასვლელი. საიდანაც გაქონდათ გვამები ან გაყავდათ ცხოველებისგან და გლადიატორებისგან  დაგლეჯილი მონები. მარჯვენა მხარესაა „გამარჯვებულთა“ გასასვლელი.

მე და ნუცა იმპერატორის შესასვლელში შევედით. ჩვენი სახეები უნდა გენახათ. უძველესი VIP გასასვლელით ვისარგებლეთ.

კოლიზეუმში სანახაობის დროს ქათმის ფრთებს ჭამდნენ. ეს იყო მათი პოპკორნი. ძვლების დატოვება არ შეიძლებოდა, რადგან არენადან საკნებში ჩაცვენილი ძვლებით მონები ვენებს იჭრიდნენ.

*რომის ფორუმი

ვნახეთ ასევე რომის ძველი ნაწილი. ფორუმი. ზუსტად 10 წუთის ფეხით სავალზეა კოლიზეუმიდან.

ფორუმის გიდი იყო ძალიან ცუდი! ერთ კედელზე მიგვაყუდა, მოგვიყვა სამხრეთული ინგლისურით „ჯანგოს“ სტილში 2 ღერი ამბავი ფორუმზე. მერე მოარტყა 20 წუთიანი „სფიჩი“ როგორ არ უნდა ვიშოპინგოთ და რომ უნდა ვიაროთ ანტიკურ ნაწილში. ევროპის მნიშვნელობაზე ისაუბრა, გლობალურ დათბობაზე, რომზე და რომაულ “ფილინგებზე”. მოგზაურობა თვალსაწიერს ზრდისო, ევროპა არის ადამიანში არსებული მორალის გამოვლენაო. ჩვენ ახლა ვდგავართ ადგილას, სადაც ადამიანი მონა იყოო. და კაცობრიობა ამ წარსულის მიუხედავად გადარჩაო და ბლა, ბლა, ბლა.

ვიღაც ირლანდიელი კაცი ბღაოდა ემოციისგან. უბრალოდ გიდი შევუკვეთეთ და  John C. Maxwell-ი მივიღეთ. იპრანჭებოდა (კარგი ბიჭი იყო გარეგნულად და ეს იცოდა), ხელებს უთათუნებდა ვიღაც ქალებს, ამასობაში 200ევროიან იტალიურ ტურზე „შეაბა“ ისინი ამ მანჭვა-გრეხვით და წავიდა. დაგვტოვა ასე შუა ფორუმში რაღაც ტაძრებთან და ნანგრევებთან სრულიად უცოდინარები. წამოვედით ბატებივით.

სასტუმროში დავგუგლეთ რაღაცეები, მაინც რომ გვცოდნოდა თუ სად ვიყავით.

გახუნებულ პატარა სახლებში მინიატურული კაფეებია. არ ჭამოთ ცენტრში, განსაკუთრებით ტურისტულ ადგილებში! გარდა იმისა, რომ სამმაგი ფასებია, კერძებიც – უგემურია. ნაცვლად ამისა შეგიძლიათ გემრილად მიირთვათ ოჯახური ტიპის კაფეებში. Ponte Sisto-ს ხიდზე, კაფეა სახელად Maranega. გემრიელი ხორცის სალათი აქვთ.

*კაფე პონტე-სისტოს ხიდთან

ხიდს სამხრეთისკენ თუ გადაკვეთავთ, მოხვდებით სტუდენტებით სავსე გარემოში, ტრასტევერეს მხარეს. აქ გარემოც სრულიად განსხვავებულია, ნამდვილად არ მომეჩვენა, რომ ყველა ამაღლებულ განწყობაზე იყო.

*ტრანსტევერე. რომი

დღის საათებში სწავლაზე მოტივირებულნი დადიან, ხოლო საღამოს ყველა იმაზე ფიქრობს სად გაერთოს, თანაც ბიუჯეტურად. J Bar-ში თითო Shot-ი – 1 ევრო ღირს, ასევე არის Fast Food-ები. მთლიანი მენიუ კი 6 ევრო დაგიჯდებათ.

ტრანსტევერედან წასვლას თუ დააპირებთ ისევ ხიდი უნდა გადაკვეთოთ. დასავლეთის მხარეს პანთეონია. ხიდიდან სულ რაღაც 15 წუთში მიადგებით.

*პანთეონი

უკვე ბინდდებოდა, პანთეონისკენ რომ გავწიე. საღამო ხანს აქ ყოფნა კიდევ უფრო მაგიურია. პანთეონთან მიტინგი დაგვხდა. როგორც მივხდი, მეანაბრეების აქცია იყო. ჩხუბობდნენ და იცინოდნენ. რა უცნაური ხალხია! პანთეონი ანტიკური რომის საუკეთესოდ შემონახული შენობაა. სრულიად გასაოცარი. “ყველა ღმერთის ტაძარი” – როგორც ეძახიან. აშენდა იმპერატორ ადრიანეს მიერ. ქრისტესშობიდან დაახლოებით 100 წელიწადში. მაგრამ მთავარი სხვაა: ნამდვილი მისტიკაა. სრულყოფილი გეომეტრია – ასე ვიტყოდი. როცა შედიხარ მოულოდნელად აწყდები გეომეტრიულ სივრცეს.

თუ გაინტერესებთ ძველი ბერძნული გეომეტრიული ტრადიცია და რომში ხართ, აქ მოდით, ტაძრის ცენტრში დადექით და მაღლა აიხედეთ. ნახავთ სრულყოფილ სფეროს. ზევით, ცენტრში ხვრელია, რომელსაც ხვრელს მხოლოდ მე ვეძახი. ისე “თვალს” ეძახიან. ამ “ხვრელიდან” შემოდის სინათლე. ულამაზესია! ეს შუქი კედლებზე მოძრაობს მზის მოძრაობის შესაბამისად.

*პანთეონის “თვალი”

აქ გვითხრეს, რომ ტაძარი განსაკუთრებით აინტერესებთ მათ, ვინც სამყაროში ეძებს სიზუსტეს და ლოგიკას.

გარე ფასადზე უზარმაზარი კოლონებია. როგორ ააგეს, როგორ აღმართეს? და როცა გეუბნებიან, რომ ეს აბსოლუტურად გიგანტური სვეტები ეგვიპტედანაა ჩამოტანილი და ომის ნადავლია, კიდევ უფრო განსაცვიფრებელი ხდება ამ ტაძრის ისტორია.

და კიდევ, აქ რაფაელია დაკრძალული, თუ აქ მოხვდებით დააკვირდით რა კარგია მისი მადონა.

*რაფაელის საფლავი. პანთეონი

პანთეონთან ახლოს, ისევ კაფეში წამოსკუპება მოგვინდა. ვია დელა მადალენას ქუჩაზე შევჩერდით. გარეთ მინდოდა, მაგრამ შემეშინდა სიცივის და შიგნით შევაბოტე. ოფიციანტი ანტონიო მიხვდა, რომ იძულებით შევედი შიგნით. შემეხვეწა, გევედრები გარეთ დაჯექი და ყველაფერს ვიზამ, რომ გაგათბოო. შევცბი. არ მეცეს და არ ჩამეხუტოს მეთქი. ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი. სადღაც გავარდა და 3 წუთში ხანძარი გააჩინა ჩემს თავზე. ელექტრო გამათბობლების ნაცვლად კაფეებს აქ ცეცხლი უკიდია,  რაც ძალიან რომანტიკულია. კარბონარა და მიდიები შევუკვეთე. ღვინოა ფანტასტიკა! და ხასიათი კიდევ უფრო მაგარი.

*პიაცა დელა მადალენა

თითქმის ცარიელი პანთეონიდან თოლიების ხმა აღწევდა ჩვენთან.

მეორე დღეს დილით ადრე გავიღვიძეთ. „ვატიკანის დღე“  ნიშნავს 1 სრულ დღეს. მთლად Google Maps ნუ ენდობით. შეპირებული 30 წუთის ნაცვლად სასტუმროდან ვატიკანამდე 1 საათი დაგვჭირდა. ბოლოს თავ-ქუდ-მოგლეჯილები მოვრბოდით, რადგან გიდი დათქმულ დროს გველოდებოდა ვატიკანის შესასვლელთან. საბოლოოდ, იმდენი ვირბინეთ შეიძლება მთელი წელი გავატარო კომპიუტერის მაგიდასთან გაუნძრევლად და სინდისმა არ შემაწუხოს. მაინც დავაგვიანეთ. სწორედ ამიტომაც რუსულ ჯგუფში მოვხვდით (შედიოდნენ და შეგვაყოლეს). კიდევ იყო ერთი არჩევანი. ჩინურ ჯგუფში ჩავწერილიყავით. რუსული ვამჯობინეთ.

*ვატიკანი

ჩვენს ჯგუფში ერთი გოგონა განსაკუთრებით „უცნაური“ იყო. მე-15 საუკუნის გობელინებს ხელით ეცა. თითქოს ყიდვას აპირებდა და ხარისხს ამოწმებდა. გიდს ჩაქცევა მიაღებინა ლამის. თან ჩვენი გიდი, ირინა რუსულ “საძიკებში” რომ “ნიანიები” არიან, ისეთ სტილში გვმწყემსავდა. როგორც სჩანს, აღზრდის რუსული მეთოდები დიდ კაცებთანაც არ იცვლება ხოლმე. მაგალითად, ირინა 47 წლის თანამოქალაქეს, ანდრეის დაემუქრა: დაგსჯი და ქანდაკებების დარბაზში არ შეგიყვან, თუ კიდევ ერთხელ ჩამორჩები ჯგუფსო. ანდრეი მაშინვე მობილიზდა.

ვატიკანი ყველაზე წმინდა ადგილიაო,  ასე გვითხრა ირინამ. ჩემთვის კი ალბათ ერთი-ერთი ყველაზე მდიდარია. ბაღები, ქანდაკებები, დარბაზები 14 კმ-ზეა გადებული. კაპელამდე (ანუ კულმინაციამდე) გავიარეთ გირჩის ბაღი. უზარმაზარი გირჩის ქანდაკება აქ პანთეონთან აღმოაჩინეს მიწის ქვეშ. ძვ. წ. მე-2 საუკუნეში ეს გირჩი შადრევნის ფუნქციას ასრულებდა. გადავხედეთ რომის პაპის ვერტმფრენის დასაჯდომს, პაპამობილებს. მწვანე მოლებს, სადაც თუთიყუშებს და მათ სკინტლებს ვეღარ ერევიან მებაღეები; მერე გავიარეთ ფორთოხლის ბაღში, სადაც “კაცის ეტალონის”, აპოლონის ქანდაკებაა.

*გირჩის ქანდაკება. ვატიკანი

მაღალი, გამართული, უწვერულვაშო აპოლონი, რომაული ასლია კიდევ უფრო ძველი ქანდაკების. “ასლი” 100 წლის წინანდელი კოპია არ გეგონოთ – ძვ.წ.ა. I საუკუნეს ეკუთვნის! საერთოდ რაც კი ქანდაკებაა რომში კიდევ უფრო ძველი ბერძნულის ბრინჯაოს ქანდაკებების რომაული ასლებია. თუ შეიძლება „ასლი“ ვუწოდოთ ჩვ.წ აღრიცხვამდე გაკეთებულ სკულპტურებს. ამაზე ძველი ქანდაკებები კი იარაღმა შეიწირა: აი, შტერები! ქანდაკებებს ადნობდნენ და იარაღს აკეთებდნენ!  დღემდე  შემორჩენილი ერთადერთი ბრინჯაოს ქანდაკება ვატიკანში ბრონზისფერი ჰერაკლეს ქანდაკებაა.

*ჰერაკლეს ქანდაკება. ვატიკანი

ასე რომ, სკოლაში რომ გვასწავლიდნენ – რომაული კულტურა თეთრიაო, ტყუილი ყოფილა, მეგობრებო. რომი იყო ფერადი და ხალისიანი, მაგრამ ფერები ქანდაკებებს, ფრესკებს და ტაძრებს დროთა განმავლობაში გასძვრა.

შემდეგ ვიარეთ გრძელ, გრძელ დარბაზში სადაც 10 000 ქანდაკებაა! დიახ, 10 000! დიდხანს რომ აკვირდები ადამიანის მთელი მუსკულატურაა ზედ. აქვეა გარდაცვლილ ბავშვთა სასახლეები, რომელზეც ბავშვთა აღზრდის რომაული წესებია ამოგრაგნილი. ბარაქის ძუძუებ-გადმოყრილი ქალღმერთი, გველებშესეული ლაოკოონის ბრწყინვალე ქანდაკება, რომელიც შვილების გადარჩენას ცდილობს. სრულიად გასაგიჟებელია!

საყვარელია ასეთ დროს დიონისე – ღვინის, თრობის, დროსტარების ღმერთი, რომელიც  არ მიეკუთვნება მთავარი ღმერთების მწკრივს, რაც მის ქანდაკებებსაც ეტყობა. დიონისე ხან აპოლონის ძირში აგდია მთვრალი და მუცელგაბეყილი, ხან კიდევ ზევსის. 

კაპელამდე გავიარეთ ასევე გობელენის დარბაზი. აქ არის სხვადასხვა ქვეყნის ფაბრიკის გობელენები ბიბლიური სცენებით. თითოეულზე 4 წლის განმავლობაში მუშაობდნენ ხოლმე. რომის ფაბრიკის გობელინს კუთხეებში ამოქარგული ფუტკრებით იცნობთ. ანუ ფუტკარი ნიშნავს, რომ გადამხდელი არის პაპა ბარბერინი და კიდევ მოძრაობაში გობელინზე გამოსახული ფიგურები შენსკენ “ტრიალდებიან”.

შემდეგ კი იყო კულმინაცია! სიქსტინის კაპელა მიქელანჯელოს სრულიად დაუჯერებელი ფრესკებით.

*სიქსტინის კაპელა

გასაოცარია. ჭერში ისეთი მოძრაობა და ენერგიაა, თითქოს ცურავს ეს ფრესკები. დასამუნჯებელია! ყველაზე მეტად მომეწონა ადამიანის შექმნის სცენა. ღმერთის თითი რომ უახლოვდება ადამის თითს, სასიამოვნო დენი გივლის სხეულში, უყურებ და ტვინი თბება თითქოს. მიქელანჯელოს ძაან არ უნდოდა თურმე (ეზარებოდაო) კაპელის მოხატვა, მაგრამ შეჭამა პაპმაო, თანაც ფინანსური პრობლემები ჰქონდა და იძულებული გახდა დაეხატა. ძალიან დატანჯულა. რამდენიმე წელი ხატავდა და მთელ ბოღმას ამ ფრეკსებში ანთხევდა. ტკიოდა წელი, არ ქონდა დრო, არ ჭამდა, არ სვამდა და იტანდა სასულიერო პირების წუწუნს მის მიერ დახატულ შიშველ სხეულს რომ მოაყოლებდნენ ხოლმე. არ ყოფნიდა მზის შუქი (მხოლოდ გვერდებზეა ვიწრო ფანჯრები) და სანთლებით უნათებდნენ.

*სიქსტინის კაპელა

ასე რომ, ეს გაბრაზებული და გამწარებული ადამიანის დახატული ფრესკებია, იქნებ ამიტომაცაა ასეთი სუპერ მაგარი?! თუ არ გეჩქარებათ (აქ მხოლოდ 15 წუთი შეგიძლიათ დაჰყოთ) და ფრესკებს შორიდან დააკვირდებით აუცილებლად გაარჩევთ ბიბლიური სცენების მიღმა ადამიანის ორგანოებს. ვინც არ იცის: მიქელანჯელო მიცვალებულთა კვეთით და ადამიანის ორგანოების შესწავლით იყო გატაცებული, რაც სიქსტინის კაპელას კედლებზეც სჩანს. უყურებ ანგელოზებს, ბიბლიურ სცენებს და უპს! უცებ მათ ნაცვლად ორგანოებს ხედავ: ღვიძლს, თირკმელს, თავის ქალას. ირინა გვიმტკიცებდა  ამ აღმოჩენას მოგვიანებით  სკანდალი მოყვაო, მაგრამ უკვე დახატულ ფრესკებს აბა რას უზამდნენო?

მიქელანჯელომ პირველად წარღვნა დახატა. ჩამოვიდა, შეხედა და მიხვდა, რომ ფიგურები ძალიან პატარაა, ამიტომაცაა რომ ფრესკებზე სხეულები თანდათან იზრდება.

რამდენიმე წლის შემდეგ მას ისევ დაუძახეს და დაახატინეს უკანასკნელი სამსაჯავროს სცენა. გასაოცარია! უამრავი რამ ხდება ფრესკაზე. მოქმედებაა, ქაოსი, ბიბლიური პერსონაჟები.. ანგელოზები ჯვარს მოათრევენ, რომლის ტარება თითქოს უჭირთ. ქრისტე ცენტრშია, სრულიად სხვანაირია – ძლიერი, ათლეტური აღნაგობის, უწვერ-ულვაშო. ამბობენ, რომ ამის გამოც მოხვდა მიქელანჯელოს. ქრისტეს ერთი ხელი მაღლა აქვს აპყრობილი. გარშემო ესევიან პატრიარქები, სასულიერო პირები, წმინდანები, ბიბლიური პერსონაჟები. ქრისტე კი გაბრაზებულია, თითქოს უფრო ნაწყენი. მარიამი გვერდითაა და თითქოს მოვლენების განვითარებას ელოდება. საოცარო ფრესკაა! გამაოგნებელია წმინდა ბართლომე, რომელსაც საკუთარი ტყავი უჭირავს. ტყავზე კი მიქელანჯელოს ავტოპორტეტია. მხატვარს ნატანჯი სახე აქვს. ასე იტანჯებოდა ამ ფრესკის შექმნისას. არსებობს ვერსია რომ ბართლომე (ვისაც მიქელანჯელოს ტყავი უჭირავს) მხატვრის მტერი, პიეტრო არეტინოს პროტოტიპია, რომელიც მუდმივად  იწუნებდა მიქელანჯელოს ფრესკებს. მეორე ვერსიით არეტინო კაცია ვირის ყურებით, რომელსაც “იქ” გველი კბენს. აი, ასე საძაგლად დასცინა მიქელანჯელომ. თან ეს ყურებიანი არსება კაპელის შესასვლელშია და პრაქტიკულად შეუძლებელია მნახველს უყურადღებოდ დარჩეს.

რაც უფრო შორსაა ფიგურები ქრისტეს მთავარი გამოსახულებისგან, მით უფრო მეტი სიშიშვლეა. ირინა გვიმტკიცებდა, რომ თავიდან ყველა ტიტველი იყო (ბოდიში, მიყვარს ეს სიტყვა), მაგრამ გაგიჟებულმა პაპმა სულ შეამოსებინა მხატვარს ტიტლიკანა ბიბლიური პერსონაჟები, რის გამოც მიქელანჯელომ საბოლოოდ აიცრუა გული ვატიკანზე.

და კიდევ, მიქელანჯელო 33 წლის იყო, როცა კაპელა მოხატა.

კაპელის ფოტო-გადაღება გვეკრძალებოდა. თუმცა მხოლოდ იაპონელთა პატიოსანი ჯგუფი ემორჩილება წესებს.

მეორე დღეს სრულიად აღელვებულები აღვსდექით ლოგინიდან. ნეაპოლი გველოდა. ნეაპოლში 1 საათსა და 30 წუთში ხარ. ულამაზესი ქალაქია ზღვის პირას! ნეაპოლს „გუგლი“ კი აქებს, მაგრამ სტატია, რომელიც მე მოვძებნე, ასე იწყებოდა: „ყველაზე ბინძური და კრიმინალური.“ გუგლისთვის რომ დაგვეჯერებინა ნეაპოლში კი არ ჩავიდოდი, პირიქით რაც შეიძლება შორს გავიქცეოდი აქედან. მაგრამ კრიმინალის ნაცვლად დამხვდა ბაროკოს სტილის ეკლესიები, სრულიად გასაგიჟებელი ტაძრები და მუზეუმები. პარტონეპეს ქუჩაზე ძვირადღიებული სასტუმროებს პირდაღებული ვუყურებდით.  ნეაპლოს ისტორიული ცენტრი უბრალოდ გასაგიჟებლად ლამაზია და  მთლიანად უინესკოს ნუსხაშია შეტანილი.

*ნეაპოლი
*იტალიელების საუბარი. ნეაპოლი

ნეაპოლიდან 30 წუთში პომპეიში ხარ. იტალიის ერთ დროს ულამაზესი ქალაქი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდმა ვულკანმა გაანადგურა. დავდიოდი პომპეის ქუჩებში და სრულიად მონუსხული ვიყავი სანახაობით. ეს ის შემთხვევაა, როცა ხმის ამოღებასაც ვერ ახერხებ. 20 საუკუნის წინ ამ ულამაზეს ქალაქში უეცრად ამოფრქვეულმა ვულკანის ფერფლმა  გააქვავა ქალაქში მაცხოვრებელი ყველა ადამიანი. ქვად ქცეული ეს ადამიანები სასოწარკვეთას და შოკს იწვევს ყველა მნახველში.

*პომპეი

რომში იმავე დღეს დავბრუნდი. ნანახმა ისეთ შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ძნელი იყო ფოკუსირება მზიან და ლაღ რომზე. თუმცა რომი დიდხანს მაინც არ გტოვებს დათრგუნულს და მალევე მოყავხარ ხალისისა და ახალი შთაბეჭდილების მიღების ხასიათზე. მით უფრო, შემდეგი გაჩერება მონტეკატინი იყო.

*მონტეკატინი

მონტეკატინი, ულამაზესი პატარა ქალაქია ფლორენციასთან (რაც ნიშნავს იმას, რომ ფლორენციის უნახავი აქედან ვერ წახვალთ).

მთებისა და ვიწრო ქუჩების ამ ულამაზეს ქალაქში უგემრიელესი პიცა ვჭამეთ. სამწუხაროდ, რესტორნის სახელი არ მახსოვს, მაგრამ მაქმანიანი ქათქათა სკორტინგები დამამხსოავრდა და ეს ისტორია: ნუცას პიცა დამთავრებული არ ჰქონდა (ნახევარი ჯერ კიდევ უნდა ეჭამა), რომ უეცრად ღვინო გადაესხა ქურთუკზე.  წითელი ღვინის ლაქები მტრისას, თანაც სამოგზაუროდ რომ ხარ წასული როგორი საყურებელია ლაქებიანი ქურთუკი? გავარდა ქურთუკის ჩამოსაწმენდად. ამ ორომტრიალში ოფიციანტმა მისი პიცა გააქრო, ეგონა უკვე აღარ ჭამდა. ასე რომ ჩემი მშიერი მეგობარი პიცის გარეშე დარჩა. როგორც კი ფილიპემ შეიტყო, რომ გატაცებული პიცა ჯერ კიდევ გამოგვადგებოდა, ძალიან, ძალიან შეწუხდა!  იმდენი ხმაურიანი და გულწრფელი ბოდიში იძახა, მეგონა ტირილს დაიწყებდა. მაგრამ განა მხოლოდ ბოდიშებით გამოძვრა? ყველის დაფა და უგემრილესი ღვინო მოგვართვა უფასოდ. ასე რომ თუ იმ რესტორნის სახელი გამახსენდება, აუცილებლად გეტყვით თუ სად შეიძლება იხეიროთ თუ შემთხვევით პიცას მოგტაცებენ.

როგორც უკვე გითხარით, სულ რაღაც 30 წუთშია ფლორენცია. ფლორენცია უკვე ნანახი მქონდა.

*სანტა-მარია-დელ-ფიორეს ბაზილიკა. ფლორენცია

აი, ნუცა პირველად იყო აქ. სანტა-მარია-დელ-ფიორეს ტაძარი ვანახე. დრო ცოტა გვქონდა. შემდეგ ფეხით გავუყევით ვიწრო ქუჩებს, რომელიც ვეებერთელა პიაცებზე გადის! საოცრებაა ფლორენცია. მალევე გალერეა უფიცას მივადექით. ბოტიჩელი, ტიციანი, ლეონარდო და ვინჩი – ყველაფერი აქაა! მუზეუმებმა მოშიება იცის. იქვე კაფე VANILA BAR ტრუფელი ვჭამეთ. აბა აქაურობას როგორ დავტოვებდით უტრუფელოდ?

ჩვენი შემდეგი გაჩერება ვენეცია იყო! ვენეციამ ჭკუიდან გადაგვრია. ადმინისტრაციულად ქალაქი 6 რაიონად იყოფა, მაგრამ ჩვენ ბურანო – მურანო გვაინტერესებდა. 

*ბურანო. ვენეცია

ქალაქის ცენტრში ერთადერთი ტრანსპორტია ვაპორეტო, რომლებიც არხებს კუნძულებამდე აერთიანებენ. ყველაზე, ყველაზე მაგარი მარშრუტი №1-ია. დიდ არხზე დადის და 7 ევრო ღირს. თუმცა იქ სადაც პატარა ხიდებია ტრაგეტო დაგჭირდებათ. 2 ევროდ  გრანდ კანალის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადახვალთ. ბილეთების ყიდვა თითქმის ყველგან შეიძლება, სადაც არ გაიხედავთ!

*ვენეციური ტრანსპორტი – “ვაპორეტო”

მაგრამ უბრალოდ საოცარია გონდოლები – ძალიან ბურჟუაზიულ-რომანტიკული საშუალებაა დაათვალიერო ჭკუიდან შესაშლელი ქალაქი! ეცადეთ გონდოლაში ბევრი ჩაჯდეთ. მარტო თუ იჯდებით 80 დოლარი დაგჭირდებათ. აი, სხვებთან ერთად კი შეიძლება 15 დოლარამდე გადაიხადოთ.

ვენეციის შემდეგ ბარდას ტბა ვნახეთ. ბარდა ლამაზი და მზიანი ქალაქია. ჯერ ტბის პირას პატარა ბარში ვისაუზმეთ. ძალიან კარგი იყო. მერე ქალაქი დავათვალიერეთ. ბარდა ძალიან პატარაა, ძალიან, ძალიან. სულ 2000-მდე მოსახლე ჰყავს. პატარა სახლები აღმართ-დაღმართებზე ოღროჩოღროდაა აშენებული. ლამაზია! ლიმნის ხეებით სავსეა აქაურობა. ლიმონი ქალაქის სიმბოლოა. მშვენიერი სანაპირო აქვს. გარდას ტბაში სეირნობა არასდროს დამავიწყდება!

*ბარდას ტბა

ჩვენი მოგზაურობა ბოლონიაში დავასრულეთ. ეს ბლოგიც მანდ დაიწერა. დაიმახსოვრეთ კარგად: Fontana del Nettuno-თან, Via Massimo D’Azeglio, 37/b-ზე არის კაფე სახელად Bacco e Caffè, სადაც დავჯექი და დავწერე ჩემი იტალიური ისტორია.

*ბოლონია

ერთი ნახვით შემიყვარდა ეს ქვეყანა. ჯერ კიდევ მაშინ როცა რომში, პირველად დავდგი ფეხი ამ საოცარ მიწაზე.
And, as vital source i’ve said before, they are a fabulous way to help you build a platform.