ვამპირების სამშობლო

ეს პირველი ასოციაციაა, როდესაც რუმინეთზე ვსაუბრობთ. კიდევ დრაკულა გვახსენდება. თუ დამიჯერებთ, ეს გასაოცარი ქვეყანაა. მინდა გაგაცნოთ რუმინეთი, რომელიც ნაკლებად პოპულარულია და ამავდროულად აუცილებლად სანახავი იმ მოგზაურთათვის, ვინც უცნობ ადგილებში პოულობს ბედნიერებას.

„რა იაფია!“ აი, ამას გაიფიქრებთ პირველად, როცა ბუქარესტის აეროპორტში მოხვდებით. თუ სხვა ევროპულ ქვეყნებში არც გიფიქრიათ ტაქსიში გადაყაროთ უამრავი ფული, აქ არ იტყვით უარს აეროპორტიდან ქალაქში 7-9 ევროდ გაემგზავროთ.

ბუქარესტის პარლამენტის შენობა აუცილებლად უნდა ნახოთ, დამაფიქრებელია მისი მასშტაბები. შენობა მოცულობით მეორე ადგილზეა პენტაგონის შემდეგ და 6000 ოთახისგან შედგება.

*პარლამენტის შენობა ბუქარესტში
*ეთნოგრაფიული მუზეუმი

თუ ტრიუმფალური თაღის ნახვა მოგინდებათ – იქვეა. თუმცა ალბათ ყველაზე შთამბეჭდავ სანახაობას ეთნოგრაფიული მუზეუმი ქმნის. ხის ეკლესიები და რუმინული სახლები, ფანტაზიებში გადაგისვრით. მუზეუმში შესვლას აქ სხვა ფასი აქვს. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. სხვადასხვა რეგიონებიდან თავმოყრილი რუმინული კულტურა რომ ნახოთ, 1 ევროც არ დაგიჯდებათ.

*ბუქარესტის მოედანი

ვისაც ისტორიული ფაქტები და დეტალები უყვარს, ისე არ წავა ბუქარესტიდან რევოლუციის მოედანზე არ ჩაისერნოს.

სწორედ აქ გამოვიდა სიტყვით ბოლოჯერ რუმინეთის კომუნისტი მეთაური ნიკოლა ჩაუშესკუ, რომელიც ამ გამოსვლიდან სამი დღის შემდეგ ცოლთან ერთად გამოასალმეს სიცოცხლეს. მოედანზევე შეგიძლიათ იხილოთ სამეფო სასახლე და ხელოვნების მუზეუმი. ასე რომ, თუ შორს დისტანციებზე წოწიალი არ გიყვართ, ბუქარესტი საკმაოდ ხელსაყრელია იმისთვის, რომ დაათვალიერო ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები ფეხით.

ქალაქის ძველი ნაწილი, მე17 საუკუნით თარიღდება. ამ ნაწილში ღამის ცხოვრება დუღს. უამრავი კლუბები, კაფე-ბარები და რესტორნებია. არატურისტულ ადგილად ითვლება, „ფაბრიკა“, სადაც ადგილობრივი ახალგაზრდები იკრიბებიან და ტურისტებს არიდებენ თავს. ბუქარესტი, რომ დაათვალიერო ამისთვის 2 დღე სავსებით საკმარისია.

ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ ბრაშოვისკენ დაიძრათ.

სანამ ბრაშოვს მიადგებით, ტრანსლივანიის გზაზე პელეშის სასახლე შეგხვდებათ. კულტურული შოკია!

*პელეშის სასახლე ტრანსლივანიის გზაზე

რუმინეთის მეფეთა რეზიდენცია, პირველი მეფის კაროლ I-ის ინიციატივით აშენდა. მის მშენებლობაზე დაახლოებით 16 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო დაიხარჯა, რაც დღეისთვის 120 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს გახდა პირველი ციხესიმაგრე, სადაც ელექტროობა გაიყვანეს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სასახლე დაიკეტა. შემდეგ მუზეუმად გადაკეთდა. ხოლო 2006 წელს ხელისუფლებამ ის რუმინეთის ტახტის მემკვიდრეს მიჰაი პირველს დაუბრუნა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სასახლე არ გავს არც ერთ სხვა ქვეყანაში არსებულ ციხე-სიმაგრეს. ეს ის ღირსშესანიშნაობაა, რომლის უნახავად რუმინეთი არ უნდა დატოვოთ.

შემდეგი გაჩერება ბრანია. ციხესიმაგრე ბრაშოვიდან 30 კმში, მუნტენიისა და ტრანსილვანიის საზღვარზე. სრულიად გასაგიჟებელი ადგილია! ბრანის ციხესიმაგრე XIV საუკუნის ბოლოს აშენდა ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ.

*ბრანი

ამის გამო ისინი რამდენიმე წელიწადი განთავისუფლდნენ სახელმწიფო გადასახადისგან. ციხე-სიმაგრეს ოთხი დონე აქვს, რომელიც ერთმანეთს კიბეებით უკავშირდება, ხოლო ოთახები და დერეფნები მისტიკურ ლაბირინთებს ქმნიან. შიდა ეზოში არის ჭა, რომელიც, გადმოცემის მიხედვით, მიწისქვეშა იდუმალ ოთახებამდე გაგიკვლევთ გზას.

ისეთ ჯადოქრობაა და ისეთ ზღაპარია თავი ფენტეზის გმირი გეგონება. ლეგენდის მიხედვით აქ ღამეს ათევდა ცნობილი ტრანსილვანიელი მთავარი ვლადისლავ ტეპეში, იგივე გრაფი დრაკულა. ხოლო ბრანის მიდამოები მისი საყვარელი სანადირო ადგილი იყო. აქაური ადგილები წარმოიუდგენლად ლამაზია!

*ფარაგა

გზას თუ გააგრძელებთ ძალიან მალე მიადგებით ქალაქ ბრაშოვს. ბრაშოვი ზამთრის კურორტებში ერთ-ერთი საუკეთესოა ქვეყანაში! თუ ლაქრობის მოყვარულები ხართ აუცილებლად უნდა დალაშქროთ გასაგიჟებლად ლამაზი მთიანი ადგილები. ფაგარას მთებში რამდენიმე დღიანი ხეტიალი ნამდვილი თავგადასავალია.

შემდეგი გაჩერება ულამაზესი სიბიუა! ტრანსილვანიის ულამაზესი ქალაქი. ერთი შეხედვით, ძველ გერმანულ სოფლებს გაგახსენებთ, თუმცა მოგვიანებით წააწყდებით სუპერ თანამედორვე შენობებს.

თუ ჩემსავით გიყვართ გემრიელად მომზადებული კერძები, ისტორიული ქალაქები, ქვაფენილით მოპირწკლული ქუჩები, შუა საუკუნეების არქიტექტურა და საინტერესო ხალხი, დაჟინებით გარწმუნებთ სიბიუას ესტუმროთ.

ქალაქის ახალ და ძველ ნაწილს ერთმანეთისგან შუასაუკუნეების კედელი ყოფს, რომელსაც ადრე მტრისგან დამცვავი ფუნქცია ჰქონდა. კედელი საინტერესო ასოციაციებს იწვევს. პატარა, ვიწრო ქუჩები დიდი მოედნებით სრულდება. ყოველ მოედანზე ნახავთ შუა საუკუნეების ტაძარს. ქალაქი ზედა და ქვედა ზონებად იყოფა. ზედა ნაწილში მდიდარი რუმინელები ცხოვრობდნენ, ქვედა ნაწილში კი – გლეხები.

აი ასეთია ქვეყანა, რომელიც ბევრს მხოლოდ ვამპირების სამშობლო გონია.
She said, the book I want to write is just like all the books I https://asianmoviepulse.com/2019/11/top-college-movies-to-cherish-good-old-days/ read.