ვენა-ბრატისლავა-ბუდაპეშტი: დუნაის სამი მარგალიტი

ასეთი ამბავია:

Stephanplatz როგორც კი ამოხვალ, ესკალატორიდანვე თავბრუს გახვევს ვენის წმინდა სტეფანეს ტაძარი, რომელსაც შტეფანსდომს ეძახიან.

ავსტრიის ეროვნული სიმბოლო საღომოობით ნამდვილ მისტიკად გადაიქცევა, როგორც კი მის ბასრ კოშკებსა და ღრუბლებს შორის ყვავები იწყებენ ჩხავილს.

*წმინდა სტეფანეს ტაძარი. ვენა

6 საათზე აქ უკვე საკმაოდ ბნელა. ზარები რეკვას ამ დროს იწყებს, ტაძრის განათებები ბჟუტავს (ნამდვილად არ ანათებს) და ძველი ქალაქის ეს ნაწილი, ანუ წმინდა სტეფანეს მოედანი (შტეფანსპლატცი), დანამდვილებით ძველს ემსგავსება, სადაც ჯერ კიდევ XII საუკუნეა.

*შტეფანპლატცი

ამ ადგილს თითქოს დაკარგული აქვს კავშირი დროსთან, რომ არა მარცხენა მხარეს გადმოფენილი უზარმაზარი ბილბორდები, საიდანაც ვგებულობთ, რომ “კარტიეს” ახალი საათი უბრალოდ იდეალურია.

ქართველი გამყიდველი გავიცანი. აქვე, შოკოლადების მაღაზიაში, სადაც “მოცარტი” ყველანაირ შეფუთვაში იყიდება. მან მირჩია ტაძართან ვიწრო ქუჩებს ჩაუყევი და წარსულში გადაინაცვლეო.

მართლაც ასე მოხდა.

ვიწრო ქუჩებში მაწანწალასავით დავდიოდი, ტურისტი ბევრი არაა, ბჟუტავს აქაურობა, სუსტი განათებები ალბათ “ჩანაფიქრია”.

ამ ცარიელ ვიწრო ქუჩებში ნახავთ სრულიად გასაგიჟებელ პატარა კაფეებს, სადაც ბევრი სიმყუდროვე, ბევრი სითბო და ბევრი ხალხია.

Kaffe alt wien-ში ერთი ტურისტიც არაა, შიგნით სიგარეტს ეწევიან (პირველად ვნახე ევროპაში მსგავსი).

აქ აღმოვაჩინე, რომ თურმე დიდხანს ვეღარ ვჩერდები ბუღში, ამიტომ მალევე გამოვედი (ხედავთ თურმე როგორ გადავეჩვიე?!) მაგრამ იქვეა ისეთი კოკლოზინა და საყვარელი ფაბები, სამიკიტნოები.

*Kaffe alt wien

ბერძნულ უბანთან რაღაც რესტორანი ვნახე. იცოცხლე, იმდენი ტურისტი იყო. კაფეს ფოტოებს უღებდნენ. თურმე ეს ყოფილა “გრიხენბასლი” – “ბერძნული სამიკიტნო”, რომელიც ყველაზე, ყველაზე ძველი რესტორანია ავსტრიის და რომლის ისტორია ძველი ვაჭრებით იწყება. რესტორნის შესახებ პირველი ცნობები ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში ჩნდება.

ეს ყოფილა ადგილი, სადაც მოსვლა უყვარდა მარკ ტვენს (აქ მისი ოთახიცაა), მოცარტს, შუბერტს, ვაგნერს, შტრაუსს, ბრამსს, ბეთხოვენს და ათას გამოჩენილ ოხერს. აბა როგორია? თურმე აქ მღეროდა ლოთი ავგუსტინი, ხალხური სიმღერების შემსრულებელი, რომელთა მოსასმენად ბევრი ხალხი დადიოდა. ლეგენდის თანახმად, ავსგუსტინი ერთხელ უგონო იპოვეს ხიდის ქვეშ და რადგან სიცოცხლის არანაირ ნიშანწყალს არ იძლეოდა, თხრილში ჩააგდეს, სადაც მომღერალმა კარგადაც გამოიძინა და გამოფხიზლებულმა ამოძრომაც მოახერხა.

ამ ამბის შემდეგ ავგუსტინი ბევრი წელი ართობდა რესტორნის სტუმრებს თავისი მხიარული სიმღერებით. დღეს კეთილი ავგუსტინის ცვლილის ფიგურა რესტორნის შესასვლელში, ორმოშია, სადაც მთვრალ მომღერალს ხურდებს აყრიან თავზე. ძალიან საყვარელია…

მუზეუმებში სიარულს არ ვაპირებდი, მაგრამ ვენის ალბერტინას მუზეუმი რომ ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას მასპინძლობდა აბა როგორ არ მენახა?!

*ალბერტინას მუზეუმი

პიკასო, მონე, მოდილიანი, მალევიჩი, მატისი, შაგალი და უცებ ამ სიფსიხეებში ჩვენი ”დვორნიკი” რომ კიდია საყვარლად, ჩვენი კახური ვირები და ქართული სახეები, ჩვენი ქალები… რაღაც გული ამოგვივარდა უცებ.

ნიკო ფიროსმანი – სამყაროებს შორის მოხეტიალე” (თუ სწორად ვთარგმნე). ამ სახელწოდების ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას ვენის ალბერტინას მუზეუმი დიდი პატივით მასპინძლობდა.

29 ნამუშევარი იყო სულ. ფოიეში ყველა “Pirosman”-ზე ლაპარაკობდა. ავატრიელები, ფრანგები, გერმანელები.

ასეთ პატივს იფიქრებდა კიბეების ქვეშ უპატრონოდ დაგდებული ნიკო, აბა რას წარმოიდგენდა, რომ მისი გარდაცვალებიდან 100 წლისთავს ასე აღნიშნავდნენ?!… ასევე პირველად გამოიფინა ცნობილი იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს მიერ შექმნილი მაგიდა სახელწოდებით “ფიროსმანის მაგიდა”, რომელიც, სწორედ, მხატვრის ხსოვნას ეძღვნება. ბევრი ლურჯი ვარდია შუშის მაგიდაში, რომელიც “ბევრი ვარდების” ფიროსმანისეულ ლეგენდას ეხმიანება, როგორც მივხდი.

“ალბერტინა” ოპერასთან ძალიან ახლოსაა. ეს გამოფენა რა საქმესაც აკეთებს, ვერცერთი დიპლომატიური მისია ვერ გააკეთებდა.

გამოვედი თუ არა ვენური ბურგერი მივირთვი. ლუდი – არაამქვეყნიურად გემრიელი. Stephanplatz-ზე ჩავისეირნე. ყველგან ფიროსმანის ბანერები ეკიდა. რაღაცნაირმა განცდამ ამიტაცა – ყელში რომ გეჩხირება სულ ბურთი. წმ. სტეფანეს ბაზილიკას ვნახე და მერე იქვე ჩავხტი ტრამვაიში, რომელიც ასე ძალიან უხდება ქალაქს.

მეორე დღეს ზოოპარკში ვიყავი. ძალიან მაგარია. როგორც კი შევიტყვე, რომ ვენის ზოოპარკში სქელი და ძალიან საყვარელი პანდები დაგორავდნენ, არც მიფიქრია ისე გავქანდი.

შენბრუნის ზოოპარკი შენბრუნის სასახლის პარკის შემადგენელი ნაწილია.

*შენბრუნის ზოოპარკი.

“იუნესკოს” მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ანუ აქ უნდა მიხვდეთ რა მაგარი შეიძლება იყოს უძველესი ზოოპარკი, რომელიც სუპერ თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს და უამრავ ცხოველს.

ვნახე სპილოების პარკი, ჟირაფები, პანდები, გასაოცარი თევზები, ანაკონდები და ჭიანჭველები. კენგუროები, ღამურები, ზღვის ცხენები, უსაზიზღრესი გიგანტური ობობები და კუ, რომელიც ლოდის ხელა იყო.

ყველაზე დიდხანს შემიძლია ვუყურო მაიმუნს (რომელიც ძაან მაგონებს ჩემს თავს) და სქელტრაკა პანდას, რომლის სიყვარულს დიდი ხანია ვატარებ გულში და უძალიანსაყვარლეს „პინგვინჩიკებს“. და კიდევ, ახალი გატაცება მყავს – კოალა.

ვენიდან ძალიან ახლოსაა ქალაქი ბრატისვალავა. მგზავრობას კაპიკები უნდა. FLIXBUS-ში ჩავხტი და ერთ საათში სულ სხვა ქვეყანაში და სულ სხვა ქალაქში აღმოვჩნდი.

*ბრატისლავა

ბრატისლავა ვენაზე 4ჯერ იაფია და ალბათ 4ჯერ უფრო საწყალი. ვნახე ძველი ქუჩები და მოკონკილი შუკები. რაღაცნაირი ქალაქია. ცარიელი გული და სული. რაც მოვასწარი შევამჩნიე – ხალხი ძალიან თბილია. ამ ქალაქივით კუსკუსა ქალს ვკითხე რაღაც და ლამის თბილისამდე გამომყვა. ჩავთვლი რომ სხვებიც ასე არიან.

*იარაღების მუზეუმი. ბრატისლავა

იარაღების მუზეუმში შევედი (ხედის გამო რომლის კოშკიდან ფანტასტიური ფოტოები გადავიღე) და სულ 4 ევრო ღირდა ბილეთი. 4 ევროდ ვენაში მაგნიტს ვერ იყიდი. ამ ბილეთს მოყვა ასევე შესვლა ფარმაცეპტულ მუზეუმში (დიახ, არ მოგეჩვენათ), სადაც ქილებში იმ ალქიმიკოსებისა და ფარმაცეპტების სახელები ეწერა, ვინც შექმნა ესა თუ ის წამალი. ცოტა ძაან მოსაწყენი სანახაობა კი არის.

როგორც კი ამ უცნაური მუზეუმიდან გამოვედი თვალი მოვკარი საქართველოს დროშასაც. ბრატისლავას ცენტრშია საელჩო და იქაც შევირბინე, კაი ხალხი გავიცანი, ვინც ციხემდე ასასვლელი გზაც მასწავლეს.

*ბრატისლავას ციხე

ციხე დაკეტილი დამხვდა, სამაგიეროდ მთელი ქალაქი ჩანს ამ მართლაც ძალიან ლამაზი ადგილიდან. აქაური “ნარიყალაა” და რომ გადმოხედავ მიხვდები, რომ „სული“ აქვს აქაურობას. უხდება ჩაქჩაქა ტრამვაი, ჩაკუჭკუჭებული სახლები, უსაყვარლესი ფაბები, წითელსახურავშემო ცმული შენობები.

მომშივდა და TRIPadvisor-ით მოვძებნე კაი სლოვაკური ბარი. შევქანდი სითბოში, იქ, სადაც შეშის ღუმელი დგას და ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი მიმტანები ფუსფუსებდნენ. ლუდით დავიწყე. ლუდს მოყვა იქაური ბორში და გულიაში. ამასობაში  ფანჯრების მიღმა ნაღვლიანად, ბრატისლავურად მოსაღამოვდა. გავქუსლე ისევ სადგურში და გავწიე ბუდაპეშტისკენ.

*ბუდაპეშტი

რატომ არავინ მითხარით, რომ ბუდაპეშტი ყოფილა თურმე ფიქრების ქალაქი. სიხარულით და სევდით გაჟღენთილი. კინო-კადრებში ნანახი, ან ვინტაჟურ იმიჯებში… ქალაქი ძველი ფოტო-ატელიების საიმიჯო კედლებიდან. მზითა და მთვარით სავსე და ამავდროულად ხალისიანი და მჩქეფარე.. მით უფრო კარგ ამინდში. მადლობა ღმერთს! არათუ სიცივე დამხვდა, არამედ – სითბო და მზის სხივებისგან აციმციმებული ფანჯრები. ტრამვაი ცალკე სანახაობაა. რომ ჩაიგრუხუნებს დუნაის ნაპირებზე. იფ, იფ, რა კაია. თითქოს პოსტერში ნანახი ქალაქი მოძრაობას იწყებს. რა შეიძლება იყოს ძველ ქუჩებში მოხრიგინე ჟანგისფერ ტრამვაიზე უფრო ლამაზი?

ისეთი ნოსტალგიაა, აი, სტამბოლის მოყვარულებს რომ უყვართ მხოლოდ. კი, ისინი გამიგებენ ნამდვილად. თითქოს ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. ჩიტებიც ისე დაფრინავენ, როგორც უნდა დაფრინავდნენ. და მოხუცი კაციც ისე მიჩანჩალებს, როგორც ამ ქალაქს სჭირდება. მტრედებშესეული შეშლილი ქალიც სამართლიანად გეჩხუბება. ასე უნდა იყოს. დიახ, ზუსტად ასე უნდა იდგეს პატარა ძეგლები – ბავშვების, ქალების, ნახევრადმშიერი კულტურული ებრაელების..

თუ ვენაში დუნაი გარეუბნის პირქუში და შემზარავი მდინარეა, ბუდაპეშტში – მუზეუმთან შეხვედრის მთავარი ადგილი. მოხეტიალე მხატვრების, ხელმოცარული პოეტების, ლოთებისა და მათხოვრების სავანე. დუნაი ვეებერთელა სივრცეს ორად ყოფს. იქეთ-აქეთ ძველი არქიტექტურაა, ტაძრები ბასრი ქონგურებით. მთავარი ჯადოქრობა ამ ერთ სივრცეში ხდება. თითქოს დიდი ლანგარია, რომლის ცენტრში ერთი ლამაზი ნამცხვარია. ჰოდა, ამ ვეებერთელა ლანგარზე გადაჭიმული ქალაქი ისეთია არსად რომ არ გინახავს. არსად არ მინახავს ღია ცის ქვეშ მოცურავე ქალები, ვინტაჟურ საცურაო კოსტიუმებში ოხშივარიან აბანოებში რომ ნებივრობენ. არც ასეთი სოფლის მეურნეობის მუზეუმი მინახავს. სავსე მთვარის ქვეშ მოჯადოებულ კოშკს რომ გავს. პეშტის მხარეს პარლამენტის შენობა მოსჩანს. ამქვეყნიური საქმეებისთვის აგებულ ამ შენობას პოლიტიკაზე მეტად ზეცასთან აქვს კავშირი.

*ბუდაპეშტის პარლამენტი

ოხ, რა ლამაზია! მეწამული ცის ქვეშ აღმართული ეს გიგანტი. ფასადზე აღმართული მეფეთა ქანდაკებები რომ დაათვალიერო მთელი დღე დაგჭირდება. პარლამენტი პეშტის მხარესაა. მათ შორის წმინდა სტეფანეს ბაზილიკა, რომლის გუმბათიდან მთელ ქალაქს გადავხედე. და მათ შორის, ”ფეხსაცმელები დუნაის სანაპიროზე”, ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საზარელი ნაწილის სევდიანი მონუმენტი… დახვრეტილი უნგრელი ებრაელების მემორიალი, უფრო ზუსტად კი წყალში ჩაყრილი სასოწარკვეთილი ადამიანების კვალი.

აი, ბუდას მხარე ბუდაპეშტის “საძინებელია”. მდორე და მთვლემარე. ბუდას მხარეს რომ მოხვდე დიდებული ხიდი უნდა გაიარო. ხიდი ბევრია. მაგრამ “დიდებულს” მე “ჯაჭვის ხიდს” ვეძახი, რომლის შესასვლელთან სასტიკი ლომები გხვდებიან. პირქუში ქანდაკებები. ამ ხიდს დაადექით, ასე აჯობებს.

*ბუდაპეშტის ხიდი

გადახვალ ხიდს და რასაც შორიდან შესცქეროდი ახლოდან ნახავ. ბუდას სასახლე, პრეზიდენტის სასახლე, ტაძრები წვეტიანი გუმბათებით – ახლოდანაც შოკისმომგვრელია. ვახ, რა ლამაზია. ქვედა ნაწილში, პატარა კაფეებია, ლიმნის ჩაის სურნელი სანაპირომდე აღწევს. აქ შეჭამთ ყველაზე გემრიელ, ცხელ და თუხთუხა გულიაშის. აქვე ცხოვრებენ მდიდარი ბუდაპეშტელები. აი, ისინი რომელთა მისაღები ოთახები სავსეა წიგნებით, ტორშერებით, ძვირადღირებული ნახატებითა და ანტიკვარებით. მათ ალბათ ტურისტები არ უყვართ. მით უფრო ფანჯრებში ვინც ცნობისმოყვარე თვალებით უძვრებათ ისინი. აი, ჩემნაირები. დაუპატიჟებლად შევიჭყიტე მათ სახლებში.

რანაირი ქალაქია ეს. სულ არ გავს ევროპულ გადავარცხნილ ქალაქებს, სულ სხვაა. და არც ვიცი რას გავს. არაფერს. ბუდაპეშტია უბრალოდ. მგონი სიზამარში ვნახე ადრე და გადამავიწყდა.
However, for each one of those page books to make it onto a bookstore shelf, it had to fill an empty spot on the shelf a hole.