ვინ არის სერბეთის ხასიათზე?

მოგზაურობის მოყვარულები არასდროს ოცნებობენ მოხვდნენ სერბეთში.

*მეთევზის სახლი დუნაიზე. სერბეთი

სერბეთისკენ გეზს აიღებდა ალბათ ზუსტად ის, ვისაც ტურისტულ ადგილებში ხეტიალი ეზარება, ასევე ეიფელებისა და კოლიზეუმების „ხბოს აღტაცებით“ თვალიერება. მე ზუსტად ასეთი მეგობარი მყავს, ნინია. მოგზაურობა მისთვის მხოლოდ მივლინებაა. ვიცი გამიბრაზდება მისი გვარიც რომ გაგიმჟღავნოთ, ამიტომ იყოს „ნინია, რომელსაც უყვარს სერბეთი“.

სადღაც წავიკითხე –  ქალაქების სიყვარული გადამდებიაო. ჰოდა, ერთხელაც ნინიასგან გადამედო სერბეთის სიყვარული. ძნელია ერთ წინადადებაში ჩამოვაყალიბო რატომ. თუ ვიღაცეებმა იციან თუ რატომ უყვართ რომანტიკული პარიზი, ისტორიული რომი ან გიჟური ამსტერდამი, ვერასდროს ვერ იტყვი ზუსტად თუ რატომ შეიძლება გიყვარდეს ზღვის გარეშე დარჩენილი, ნაომარი ქვეყანა.

აი, ნინიას როცა იგივეს ვეკითხები მპასუხობს: „გოგრების ფესტივალის“ გამოო. ყვება როგორ აღმოჩნდა ოქტომბრის მეორე კვირაში, სრულიად შემთხვევით ქალაქში სასაცილო სახელით კიკინდა –  „გოგრების დღესასწაულზე“. ამბობს, რომ აქ მოხდა „Click“ მასსა და სერბეთს შორის. შემდეგ უკვე მეც გავერიე ამ ემოციურ მარაქაში.

*გოგრის ფესტივალი. კიკინდა. სერბეთი

მესმის ნინიასი: როცა ლამაზ გოგოებთან ერთად წრეში იცეკვებთ, როცა წარმოუდგენლად გემრიელ ღვინოს დალევთ და გასტრონომიული საოცრებას გასინჯავთ – შამფურზე შემწვარ უუუუგემრიელე ღორის ხორცს, როცა სხვადასხვა ფორმისა და ზომის გოგრის გროვებში ჩაეკვეხებით და ამ სრულიად გასაგიჟებელ მასკულტურულ კარნავალში, თავზე გოგრაწამოცმულ ხალხში ზეიმობთ (გაუგებარია რას) – ძნელია თან არ წაიღოთ სიყვარული ამ ადგილიდან.

სერბეთში მოგზაურობას ბელგრადით დაიწყებთ. პირველი შთაბეჭდილება ასეთია: ეს არ არის ყველაზე ლამაზი ქალაქი, რასაც კი ოდესმე ნახავთ. მეტიც, საერთოდ არ არის ლამაზი. ნაცრისფერ და პირქუშ ბელგრადში, ღირსშესანიშნაობა ის შენობაა, რომელიც ნატომ 1999 წელს დაბომბა. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმი სამხედრო თემატიკისაა, სადაც იმ სარაკეტო სისტემებს დაათვალიერებთ (თუ საერთოდ გაინტერესებთ), რომლის მსგავსითაც 1999 წელს ჩამოაგდეს ნატოს სამხედრო თვითმფრინავი F-117.

*ბელგრადი. სერბეთი

თუმცა მე თუ დამიჯერებთ, წახვალთ და ნახავთ ყველაზე დიდ შენობას, მართლმადიდებლურ ტაძარს. ნახავთ კალემეგდანის ისტორიულ და ულამაზეს ციხესიმაგრეს. შემდეგ ჩაისეირნებთ სევას სანაპიროზე. ღამე აქ ყველაზე დიდი კლუბია, დღე კი ყველაზე ლამაზი ხედები – ადა ციგანლიანის ნახევარკუნძულზე, სევას ნაპირებთან სრულიად გასაგიჟებელი გოგონები ირუჯებიან.

ანუ ბელგრადში შეგიძლია დაინახო ის, რისი დანახვაც გინდა. თუ წითელსახურავებიან უბნებს ჩაუვლით, პარკში ჩაისეირნებთ, ევროპაში ყველაზე გრძელ ველობილიკზე ველოსიპედით იკატავებთ, შეიძლება ნაცრისფერი შენობები არ გაგეჩხიროთ თვალებში.

*ველობილიკი ბელგრადში

ამიტომაც მნიშვნელოვანია განწყობა და რაკურსი თუ საიდან ვუყურებთ ქალაქს. და თუ ბელგრადი ყველაზე ლამაზი ქალაქი არაა, ის ნამდვილად არის ქალაქი, რომელსაც სხვებისგან განსხვავებული განწყობა აქვს.

ბელგრადის ხასიათზე ყოველთვის ვერ იქნები. თუ ჩემსავით ფიქრობთ, რომ არსებობენ ქალაქები, რომლებიც ბევრ ფიქრს და ანალიზს ითხოვენ ტურისტისგან, ბელგრადი სწორედ ასეთია. ბელგრადი იმ ხალხის ადგილია, ვისაც უყვარს ფიქრი, ინფორმაციის მიღება და ინტელექტუალური რესურსიც გააჩნია გადააიზაროს ის, რაც ამ ქალაქისგან დარჩა, ან არ დარჩა ან სრულებით ახალია. 

ქუჩებს ჯერ კიდევ ეტყობა სრულიად ქაოტური წარსული. სავას და დუნაის შესართავებთან იგრძნობა ძველი მსოფლიო კულტურა, კომუნისტური ეპოქის იუგოსლავია, ახალი სამყარო და ევროპა. და ბოლოს, ისტორიული ფაქტების მოყვარულთ ლამაზ შენობებზე მეტად ზუსტად ის რუიენები და ცხოვრების წყობა აინტერესებთ, რაც ამ ქალაქს დღეს აქვს.

*მდ. სევა. ბელგრადი

ბელგრადში ცხოვრება ძალიან იაფი ჯდება. ისევე როგორც მთელს სერბეთში. გურმანები აუცილებლად გასინჯავენ ღვინის წვენს (და არა მხოლოდ ღვინოს) და ხორცის საოცარ კერძებს, რომელსაც ქუჩებშიც აკეთებენ და რესტორნებშიც. თუ ლუდი გიყვართ მაშინ კალემეგდანის ციხე–სიმაგრეში დაგეგმილ „ლუდის ფესტივალს“ უნდა ესტუმროთ! მდინარეების სავასა და დუნაის შესართვთან, ულამაზესია! ტყუილად კი არ დაწერა ერთხელ ბრიტანულმა გამოცემამ “ინდიპენდენტმა” ბელგრადის ლუდის ფესტივალი 20 ღონისძიებაშია, რომელზეც დასწრება ღირსო.

*ლუდის ფესტივალი. ბელგრადი

ბელგრადში აუცილებლად უნდა ნახოთ „ლურჯი მატარებელი“. ეს არის მარშალ ტიტოს ბოლო “გაფართხალება“, რომელსაც ძველი იუგოსლავიური სხივი დაკრავს. მართალია „ლურჯი მატარებელი“ მეზუემია, თუმცა აქ ხან კონფერენციებს აწყობენ და ხანაც ქორწილს.

*ტიტოს ლურჯი მატარებელი

სერბული საღამოები არც ერთ სხვა ქვეყნის საღამოებს არ გავს. განსაკუთრებით თბილ და მყუდრო გარემოს ქმნის ბინებში (და არა სახლებში) გაკეთებული კაფეები, რომელიც საცხოვრებელი სახლის კორპუსშია და ხალხს რეკლამით კი არ იზიდავს, რამედ უფრო ნაცნობობით.

*სახლში გაკეთებული ბარი. ბელგრადი

ბელგრადის დასათავალიერებლად 2 დღე საკმარისია. ბელგრადიდან 2 საათსა 30 წუთში სოფელი დრვენგრადია, რომელიც ძველია და თან ახალი. ულამაზეს ხის სახლებთან, ხის მაღაზიებია, ხის ჭები, ხის ოთახები და სახლიდან სახლში ხის ბილიკებიც კი გადადის. ბრუს ლის ქუჩიდან მიხალკოვის ქუჩაზე რომ გადახვიდე, სულ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა გიწევს. არ მოგჩვენებიათ, ქუჩებს მათი სახელები აქვთ. მიტოვებული საბჭოთა ჟიგულიც იქვე დგას, რომელზეც კატას სძინავს.

*დრვენგრადი. სერბეთი

ამ დიდი უცნაურობის ავტორი კუსტურიცაა. როგორც ცნობილია, ემირ კუსტურიცას არ უყვარს პავილიონები და ფილმებისთვის აშენებს რეალურ სოფლებს, დასახლებებს და მთელ ქალაქებსაც კი. დრვენგრადი („ხის ქალაქი“) მან ფილმისთვის „ცხოვრება საოცრებაა“ ააშენა. ნამდვილად ასეა! საოცრება არაა განა, რომ სერბეთში შეგიძლია მარადონას სახელობის ქუჩაზე იცხოვრო? თუ რატომ ქვია სერბული სოფლის ქუჩებს ჩე გევარას, ფელინის და ბრუს ლის სახელები უცნობია და მხოლოდ კუსტურიცას ხუშტურს შეიძლება მივწეროთ.

თუ სერბეთში „კინოს“ ეძებთ, სოფლური ცხოვრების შემდეგ, უახლოეს სადგურში მიდით და მატარებელს მოახტით. მატარებელი ევროპული და სწრაფი არ გეგონოთ! ძველი, ვინტაჟური, 100 წლის ვაგონები სრულიად დაუჯერებელი ხედებით ფანტაზიასა და რეალობას შორის ზღვარს დაგაკარგვინებენ. სწორედ ამ ძველი „კუკუშკათი“ მოგზაურობის დროს გაიგებთ, რატომ შეიძლება უყვარდეს ტურისტებისგან სრულიად დაუფასებელი ეს ქვეყანა მატარებლის მგზავრებს.

*მატარებელი სერბეთში

მატარებელი უვაცის კანიონადე მიგიყვანთ. კანიონი დღეს ტურისტულ უსამართლობას წარმოადგენს. პარადოქსია! ეს არარეალური სილამაზის მქონე ადგილი დღეს ტურისტულ მარშრუტში თითქმის არ გვხვდება.

*უვაცის კანიონი

ტურისტებისთვის ეს სრულიად უცნობი ადგილი საღტად ტოვებს ყველა აქ მომსვლელს. ამ ზღვარგადასულ სილამაზეს სერბული კოლორადო შეარქვეს. უზარაზარი, წყლის არხები დაკლაკნული ხეობაზე გადის. მთებს შორის იშვიათი ჯიშის არწივები კრავენ ირაოს. მზე ამოდის და ხეობაში თენდება, ნავით აქ გასერინება ქმნის საუკუნოვან შთაბეჭდილება!

*უვაცის კანიონი

გააგრძელეთ მგზავრობა! სულ რაღაც 2 საათში  კოპაონიკში ჩახვალთ. აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო რელიეფი დამწყები მოთხილამურეებისთვის სწორედ აქაა.

*კოპაიონიკი. სერბეთი

80-იანი წლების დასაწყისიდან, კურორტი სუპერ პოპულარული იყო მოთხილამურეებში კომფორტული ტრასებისა და ფასების გამო. თუმცა სერბეთის ტრადიციული პრობლემა ომია, რომელიც ტურისტებს სხვადასხვა დროს სხადასხვა საინტერესო ადგილებიდან აფრთხობდა ხოლმე. ბოლო 10 წელია კოპაონიკმა ძველი დიდება დაიბრუნა, სასტუმროებიც წამოჭიმა და ტურისტებს ისევ ეპატიჟება. 80 ევროდ მთელს აღჭურვილობას შეიძენთ და მორჩა! 2 ევროდ აქ დალევ, 10 ევროდ გასკდები ჭამით! მგონი ბევრად უფრო იაფი დაგიჯდებათ აქ სრიალი,  ვიდრე გუდაურში.

უბრალოდ, ერთხელ,  ბერლინიდან მე-20 ჩამოსვლისა და  რომიდან მე-20 ჩავლის შემდეგ, თუ რაღაც სხვა მოგინდებათ – წადით სერბეთში. ამ ლამაზი და დრამატული ხალხის ქვეყანაში. 

What will you www.pubclub.com/lifestyle/forbidden-essay-topics-you-should-be-aware-of get out of writing this book.