კუბა. ნაწილი II - ნუთუ მძინავს?

ალბათ გახსოვთ ჩემი კუბური მოგზაურობა. ჰავანაზე გატარებული დრო. ცეცხლოვანი ცეკვები, ფლირტი და სიგარა, ქვაფენილიან ქუჩებში ბოდიალი, ბაკუნაიაგუას ხიდზე ჩაქროლება და ვარადეროს სანაპიროზე კოქტეილის წრუპვა.

ტყუილია თუ ფიქრობთ, რომ ჩემი კუბური მოგზაურობა ასე დავასრულე. ან სად მეჩქარება?

მე ყველაფერი მარტივად გამომდის, არამხოლოდ ხალხთან კომუნიკაცია, არამედ ერთი ადგილიდან მეორე ადგილას ძვირადღირებული მანქანით უფასოდ გადაადგილება. ამისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ საჭირო ადგილას საჭირო დროს მოხვდეთ, არამედ საჭირო შესაძლებლობებით (ეს ჯერ კიდევ ნიუ-იორკში მასწავლეს). ვარადეროს სანაპიროზე ვიწექი, როცა ჩემს გვერდით სანტა-კლარა ახსენეს. ყურები ვცქვიტე. მივუცუცქდი ძალიან საყვარელ წყვილს და ასე გავიცანი პოლი და ნოემა, ცოლ-ქმარი ამერიკიდან.

*სანტა კლარა. კუბა

უკვე მეორე დღეს მე, ნოემა და პოლი გადასარევ გრძელცხვირა კაბრიოლეტში ვისხედით და სანტა-კლარასკენ მივცურავდით.

წყვილი 30 წლის ქორწინების წლისთავს კუბაზე აღნიშნავდა. მათთან მგზავრობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. იმდენი ვილაპარაკე საქართველოზე, რომ სანტა-კლარას ნაცვლად ლამის აბანთუბანში წავიდნენ.

გზა სანტა-კლარამდე სულ რაღაც 2 საათია. სანტა-კლარა კუბის ყველაზე რევოლუციური ქალაქია, არამხოლოდ არგენტინელი ექიმის გამო, რომელიც პარტინაზელ გმირად იქცა და აქაა დაკრძალული, არამედ იმიტომაც, რომ კუბის ცენტრში მდებარე ეს ქალაქი კულტურულ აფეთქებას გავს.

ეს არის ახალი ტენდენციების ქალაქი, შემოქმედებით „გაუმაძღარი“, სადაც ახალგაზრდული, ალტერნატიული, ბასრი კულტურა „ცეცხლს ეთამაშება“, რაც კუბაზე ყოველთვის პოლიციასთან და ცენზურასთან თამაშს ნიშნავს.

ქალაქის ქარიზმას ბევრი ჩე გევარას მიაწერს, რომელმაც იხსნა სანტა-კლარა  რეჟიმისგან 1958 წელს. ამ ბრძოლას ასე ეძახიან: „ბრძოლას სანტა-კლარასათვის“… რა კეთილშობიური სახელია არა? წიგნის სათაურს გავს – „ბრძოლა სანტა კლარასთვის“. ადამიანები ყოველთვის რაღაცის წინააღმდეგ იბრძვიან და არა რაღაცისთვის. ჰოდა, ჩე გევარა ქალაქის მისადგომებთან სანტა-კლარასთვის იბრძოდა.

*ჩე გევარას მონუმენტი. სანტა კლარა

ზუსტად ასეთ ფიქრებით მქონდა თავი „გამოტენილი“, როცა  ქალაქს მივადექით. ამერიკელ წყვილს ძალიან გაუკვირდა, როცა ავუხსენი რომ ჩე გევარა არანაკლებ პოპულარული იყო ჩემს ქვეყანაში.

ცხადია, პირველ რიგში მივადექით ჩე გევერას მავზოლეუმს.

პოლმა ალბერტო კორდას ისტორია მიამბო, ჩე გევარას ფოტოგრაფის, რომლის ერთმა შემთხვევითმა კადრმა რევოლუციონერი ჩე სუპერ პოპულარულად აქცია. ეს ფოტო ყველამ იცით: სიმპატიური ჩე გევერა ჰორიზონტისკენ იყურება, სამხედრო ქუდი ახურავს თავზე და უკან გრძელი თმა უჩანს, ფოტოზე კარგად ჩანს არგენტინელი ექიმის მკაცრი გამოხედვა და მეამბოხე, დაუმორჩილებელი სული!

*ალბერტო კორდა

ასეთ ჩე გევერას არამხოლოდ კუბაზე ნახავთ, არამედ თბილისის ბაზრობაზე გამოფენილ მაისურებზე, სტენსილებზე, პოსტერებზე, საბავშვო რვეულებზე და ბაბუაჩემის კალენდარზეც, სოფელში. არადა, ჩე გევევარასთან ერთად  კუბის რევოლუციაში მონაწილეობას იღებდა კამილო სიენფუეგო, თუმცა ჩესავით პოპულარული კამილო მაინც ვერ გახდა. სხვათა შორის, არც კუბაზე. ალბათ იმიტომ რომ არც ასეთი „სიმპატიჩნი“ იყო და არც ასეთი ფოტო ქონია. აი, ვისაც არ სჯერა, რომ ადამიანის „LOOK”-ი მნიშვნელოვანია არამხოლოდ სამოდელო ბიზნესში, არამედ რევილუციებშიც.

*კამილო სიენფუეგო

სანტა-კლარა უსახური ქალაქია. ვიწრო ცისფერ კვარტლებში გავძვერით (რომელიც ძალიან მაგონებდა საბჭოთა საბაშვო ბაღის კედლებს) და ჩავუქროლეთ სიგარების ფაბრიკას, რომელიც ზუსტად იმ სიგარას აწარმოებს ჩეს რომ ძალიან უყვარდა.

შესვლა დავაპირეთ, მაგრამ შესასვლელში მდგარმა ორმა აყლაყმა უკან გამოგვიშვა, დღეს სტუმრებს არ ვიღებთო. ახალი და FRESH სიგარის სასიამოვნო სუნი მთელს ქუჩაზე იდგა. შენობას შემოვუარეთ და გისოსებიან ფანჯრებში მაინც შევიჭყიტეთ. ბევრი ქალი ვნახეთ, ყველა თავის სამუშაო მაგიდასთან იჯდა და სიგარას ახვევდა. კაცებსაც მოვკარით თვალი, მაგრამ სიგარას (რომელიც ძირითადად მამაკაცები ეწევიან) თურმე ქალები ახვევენ. რაღაცნაირად დამაღონა ამ სცენამ. ნოემა აღშფოთდა და კაი ათწუთიანი ფემინისტური სიტყვა მოარტყა, რომლის ძირითადი აზრი ეს იყო:

თურმე ქალები წელებზე ფეხებს იდგამენ და სიგარას ახვევენ რომ მერე მხართეძოზე წამოკოტრიალებულმა კაცებმა გააბოლონო.

სანტა-კლარაში ჯოჯოხეთურად ცხელა. ამიტომაც ძალიან კარგი იქნება თუ თან იქონიებთ მზისგან დამცავ ქოლგას. აქ ყველა ქოლგებით დადის, თუმცა უცნაური ისაა, რომ ქალებს (ყველას არა) კოლგოტები აცვია.

განსაკუთრებით მოდაშია ჯინსის შორტები და თეთრი ფერის კოლგოტი. ისე წამოვედი კუბადან ვერ ამოვხსენი ეს ფენომენი – ამ სიცხეში რატომ უნდა იარო კოლგოტებით, თან აუცილებლად თეთრი ფერის.

სიგარის ყიდვა იაფად თუ გინდათ, აქ ჯობია! უიაფესია. მთელ თბილისს ვუყიდე სიგარა ქარხნიდან. მართალია ქარხანაში არ გიშვებენ, სამაგიეროდ შემოვუარეთ შენობას წრე და უკანა გასასვლელში ჩუმად ვიყიდეთ. სიგარის ყიდვა აკრძალულია. მაგრამ მუშა ხელი ცდუნებას ვერ უძლებს და ჩუმად ყიდის. „დუტი ფრიში“ ერთი ცალი სიგარის ფასად აქ ერთ ყუთს იყიდი.

გავაგრძელეთ გზა და მივადექით ძალიან გაშლილ სივრცეს. 22 ფუტის სიმაღლის იქნებოდა (მე მაგდენს ვერ ვხდები, მაგრამ პოლმა ასე გამოთვალა) ჩეს ბრინჯაოს ქანდაკება ყველა მხრიდან ჩანს. ვისაც ისტორიული ფაქტები აინტერესებს, კუბადან როგორ უნდა წავიდეს ისე, რომ მოკლული მარქსისტი რევოლუციონერის საფლავი არ ნახოს? ჩე გევერა აქ 29 თანამებრძოლთან ერთად განისვენებს. მავზოლეუმთან გახსნილია გევარას ცხოვრებისადმი მიძღვნილი მუზეუმი. აქ გადაღება აკრძალულია; ზოგადად, მაინც ვახერხებ ყველგან ამ წესის დარღვევას, მაგრამ არალეგალურად ნაყიდი სიგარები ვიკმარეთ და ბუნტის შეგვეშინდა. მუზეუმში ჩე გევერას ნივთებია, იქვე ანთია სამარადისო ცეცხლი, რომელიც ფიდელ კასტრომ აანთო გევარას ხსოვნისადმი პატივსაცემად. საკმარისია რაიმეს შეავლოთ ხელი და მუზეუმის მცველი ქალბატონი, რომელიც ბუასავით დგას, თავს წაგაცლით.

მუზეუმიდან რომ გამოვედით ქალაქის მეორე ნაწილისკენ წავედით. პოლმა ძალიან საინტერესო უბანთან გააჩერა მანქანა. პოლიტიკური და სოციალური სატირების უბანში ვნახეთ სტენსილით მოხატული ეპიზოდები.

პოლიციელთა გაშარჟება და ცენზურასთან გაბრძოლების მცდელობები. იქვე იყო მატარებლის ვაგონი, რომელსაც ტურისტები წუთში 300 ფოტოს უღებდნენ. მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ ეს ის ვაგონი იყო, რომელიც ბატისტას ჯარებს იარაღით ამარაგებდა და რომელიც ჩე გევარამ ააფეთქა.

გზად ჰავანამდე ისე გავეშურეთ არსად არ გაგვიჩერებია. მეორე დღეს მოგზაურობა გველოდა და თავი ზედმეტად არ გადავიღალეთ. თუმცა მე არ მეძინებოდა. სასტუმროსთან გადმოვედი თუ არა,  ქუჩაში ბოდიალი დავიწყე. კუბა უსაფრთხოა. სანამ აქ ჩამოვიდოდი მესმოდა, რომ აქ ღამე სიარული არ შეიძლება, რომ შეიძლება ჯერ დაგაყაჩაღონ, შემდეგ გაგაუპატიურონ და შემდეგ თავი წაგაცალონ. ნაცვლად ამისა, დამხვდა ცეცხოლვანი ღამეები, სადაც ადამიანები ყოველ ფეხის ნაბიჯზე გეფლირტავებიან და კომპლიმენტებს გეუბნებიან.

*ღამის ჰავანა

ეს არაშემაწუხებელია და ძალიან სასიამოვნო. თავიდან ცოტა ვიძაბებოდი, როცა ქუჩაში მომაძახებდნენ რომ „ულამაზესი“ ვარ, „ღვთაება“ და „ნამდვილი დედოფალი“, მაგრამ საკმარისია რამდენიმე დღე გაატარო კუბაზე, მიხვდები, რომ ასეთი ეპიტაფიების გარეშე კუბა უბრალოდ არ არსებობს. ასე ეძახიან არამხოლოდ ტურისტებს, არამედ ერთმანეთსაც: კაცები – კაცებს, ვაჟები – დედებს, დედები – შვილებს, ქმრები – ცოლებს და ბიძაშვილები – ბიძაშვილებს.

სახლში არ მეჩქარებოდა. ამ ბოდიალში სიცოცხლით და სითბოთი სავსე ბარს მივადექი. კიბეებთან კაცი იდგა, რომელიც ერნესტოთი გამეცნო. ეს ბარი მისი სახლი იყო. სულ არ ვაპირებდი შესვლას, მაგრამ წარმოუდგენელია გულგრილად ჩაუარო კუბურ მოპატიჟებას, რომელიც სავსეა სიყვარულით, თავაზიანობით და ენერგიით. ის დღე ასე დასრულდა: მე და ერნესტოს ულამაზესი ცოლი მარია დილამდე ვცეკვავდით Chan Chan-ს. ახლა რომ მახსენდება სიხარულის ცრემლებით მევსება თვალები.

ეს ხალხი! ეს მუსიკა! ცეკვა და ცეცხლი, რომელიც მათ შეუძლიათ ააგიზგიზონ უბრალოდ დაუჯერებელია! მარია და ერნესტოს სახლში გულაობა სულ 3 დოლარი დამიჯდა. არაა დაუჯერებელი? თუმცა თუ გაითვალისწინებთ, რომ საშუალო რანგის ჩინოვნიკის გამომუშავებული თანხა თვეში შეადგენს 20 ამერიკულ დოლარს, მიხვდებით, რომ მთლად ცოტაც არაა?!

გავიღვიძე დილით. თავი გასიებული მქონდა, მაგრამ რა დროს თავის ტკივილი იყო? დედამიწის ყველაზე ლამაზ კუნძულზე ვაპირებდი გამგზავრებას!

კაიო ლარგოზე მოხვედრა მხოლოდ თვითმფრინავით შეიძლება. ბილეთები და სასტუმრო ერთ პაკეტად ვიყიდე და ძალიან სწორადაც მოვიქეცი.

*კაიო ლარგო

უამრავი საეჭვო საიტია და აქ ფრთხილად იყავით. და საერთოდ, ჯობია ჯავშანი ისეთ ტურ-ოპერატორს მიანდოთ, ვისაც კონტაქტი აქვს კუბაში სამთავორბო ტურ-ოპრატორებთან (არ ვიცი გითხარით თუ არა, რომ კუბაში ტურისტული სააგენტოები სახელმწიფოს ბალანსზეა). თუ თავად იყიდით ბილეთს რომელიმე საიტიდან მაშინ მოგიწევთ ვაუჩერის კოდი შეინახოთ, თავად დარეკოთ გამუდმებით კუბურ სააგენტოში და არკვიოთ ფრენის დრო როდისაა, ასევე არკვიოთ ტრანსფერის დრო (რომელიც ყოველ 2 საათში იცვლება ხოლმე) და მოკლედ, ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი. ამიტომაც, ამდენი ჩალიჩი თუ არ გინდათ მიანდეთ ეს ყველაფერი სანდო ტურისტულს (როგორც ეს მე ვქენი) და ერთადერთი რაზეც შეწუხდებით იქნება ზარი თბილისიდან, რომელიც მოგახსენებთ თუ რომელ სასტუმროში მოგაკითხავთ ავტობუსი და წაგიყვანთ აეროპორტში.

აეროპორტში რიგში დგომა ცოტა დიდხანს მოგვიწია. პოლი და ნოემაც აქ იყვნენ ჩემთან. შემიყვარდა ეს წყვილი. კაიო-ლარგო მათ გეგმაში საერთოდ არ იყო და მე შევუცვალე გეგმები სანტა-კლარაში მოგზაურობის დროს. მომეჩვენა, რომ ნოემამ გადაწყვეტილება აერპორტშივე ინანა, მაგრამ ჩემთან არ შეიმჩნია. ზოგადად, აერპორტში რიგში დგომა ძალიან უსიამოვნო აღმოჩნდა უცხოელი ტურისტებისთვის, აი, კუბელებისთვის რიგში დგომა დროის საუკეთესო გატარებას ნიშნავს. იდგნენ რეგისრტრაციის მოლოდინში და სკდებოდნენ ლაპარაკით. იმდენს ლაპარაკობდნენ, იმდენს ლაპარაკობდნენ, რომ სულ მეგონა სწყინდათ მათი რიგი რომ მოდიოდა.

კაიო ლარგომდე ფრენა 35 წუთია. 250 ევროდ უციცქნესი თვითმფრინავში ჩავეტენეთ, რომელიც ძალიან გავდა თვითმფრინავს მულტფილმებიდან. როგორც კი აეროპორტში ჩავედით პირველი რაც ვნახე იყო ხალხი, რომელიც ცეკვავდა. სრული სიგიჟეა! მართლა ყველგან ცეკვავენ. პირველი შთაბეჭდილება ასეთია: აეროპორტი ბევრად უფრო წარმოსადეგია, ვიდრე ჰავანაში. კუნძული კი უბრალოდ სამოთხეა!

კუნძულზე უცხოელებისთვის ძირითადად სამი სასტუმროა, რომელიც შედარებით ნორმალურ სერვისს სთავაზობს ტურისტს. ამ სამიდან საუკეთესო Sol Cayo Largo-ა.

*სასტუმრო Sol Cayo Largo

ჩვენ აქ გავჩერდი. „საუკეთესო“ ნიშნავს ახლოს კუნძულის საუკეთესო სანაპიროებთან. აქ ყველა სანაპირო კარგია, მაგრამ ჩრდილოეთის ნიავი (რომელიც ხშირად ქარად გადაიქცევა) უზარმაზარ ტალღებს წარმოქმნის და ჩემნაირი „ბაყაყური“ ცურვის მოყვარულთათვის ნამდვილი კატასტროფად იქცევა. ამიტომაც თუ ლაჟვარდოვანი და წყნარი ზღვა გინდათ, ყვითელი ქვიშა და გამჭვირვალე წყალი მაშინ Playa Paraiso და Playa Sirena-ს სანაპიროებზე უბრალოდ ბედნიერებას იპოვით.

*სანაპირო Playa Paraiso

ზუსტად ეს ორი სანაპირო იყო ყველაზე ახლოს ჩვენს სასტუმროსთან. ქვიშა კაიო ლარგოს კუნძულზე უბრალოდ უნიკალურია! ასეთი წვრილი, რბილი, სასიამოვნო და სუფთა ქვიშა იშვიათად მინახავს. არადა ბევრი მინახავს. ქვიშა საერთოდ არ ცხელდება მზეზე, მზისგან ანათებს და თვალებს ჭრის. რაც მთავარია, ვერსად ვერ მიიღებთ ასეთ ლამაზ რუჯს! მიზეზი ისაა, რომ ქვიშა ულტრაიისფერი სხივების 90% ირეკლავს.

ზღვა. პირველი შთაბეჭდილება არის ასეთი: უფრო თბილი წყალი, ვიდრე ვარადეროში.

ზღვა არის იდეალური! ფანტასტიკა! დაუჯერებელი! ზუსტად ისეთი სანაპიროა, „ბაუნტის“ რეკლამაში რომ გვინახავს. წყალში რომ ჩავხტი ვიტირე. ვტიროდი ბედნიერებისგან და იმ სიკეთისგან, რომელსაც მაძლევდა ეს ზღვა, ეს სანაპირო და ეს კუნძული.

პოლი და ნოემა სანაპიროზე იწვნენ და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ კუნძულზე ყოფნის ბედნიერებით! ნოემამ სულ მადლობები მიხადა, რა კარგი ვქენით, რომ დაგიჯერეთ და აქ გადმოვფრინდოთო.

მეორე დილით მთელი კუნძული კვადრო-ციკლით დავათვალიერეთ! ეს სიამოვნება 35 კუკი დაგიჯდებათ. დაუჯერებელი სილამაზეა, ველური ბუნება, წყალში პატარა და გიგანტური კუები ცურავენ, ველური ფლორა და ფაუნა სანაპიროზეა შეზრდილი. სანაპიროზე იგუანები ფეხებში გებლანდებიან.

თავიდან გული მისკდებოდა მათ დანახვაზე. მაგრამ ბოლოს ძალიან დავმეგობრდით და მოხარშულ კვერცხებსაც ვაჭმევდი მათ.  წყალი სავსეა ზღვის ვარსკვლავებით! დაუჯერებელია. ხელს ჩაყოფ და ამოიღებ გასაგიჟებელი სილამაზის ზღვის ვარსკლავს. ყველაზე მეტად ამ ველურ სანაპიროებზე კუბურ ბუნგალოებში კოტრიალი მენატრება. FRESH თევზის გემო და გასაგიჟებელი კოკტექილით პირის გასველება. შემდეგ წყალში ჩახტომა, ცურვა, ქვიშაზე კოტრიალი და ისევ ბუნგალოში ძილი.

აქ ძილი იცით რას ნიშნავს?

იღვიძებ და რამდენიმე წამი ცდილობ გამოარკვიო – კიდევ გძინავს თუ ეს ყველაფერი რეალობაა?!
Yes, its experts went out to the blogosphere and researched and read who knows how many blogs and chose 25 that they deemed the best of the best go to this page.