ეს არის კეთილი, მომღიმარი და ხალისიანი პარიზი

მე, პარიზი უკვე ილუმინატორიდან მიყვარს. როცა გავარვარებულ ლავას მაგონებს ღამის ფრენების დროს და მიყვარს მისი თითოეული ბულანჟერეა – სისხამ დილით. 

მონმარტრზე დიდი ხანია არ ვყოფილვარ. ისევ სავსეა აქაურობა უნიჭო და ნიჭიერი მხატვრებით, მაგრამ მარტო დაბოდიალობენ. ჩემი ყოფნის დროს აქ ბევრი ხალხი არ იყო.

*მონმარტრი. პარიზი

მონმარტრი და მთვრალი ლოტრეკი ცხადია ამ სიცარიელეში უფრო იგრძნობა, ვიდრე მაშინ, როდესაც აქაურობა ყბადაღებული ტურისტებითაა სავსე. ურიგოდ ვიყიდეთ შემწვარი წაბლი და ჩამოვჯექით სკვერში, სადაც დაჯდომა ხალხის სიმრავლის გამო შეუძლებელია. საკრე-კერზეც ავბობღდით და ტრადიციულად ფოტოები გადავიღეთ.

*Sacre-coeur

ეს პარიზის ყველაზე მაღალი წერტილია (ზღვის დონიდან 130 მეტრი). პოლ აბადის მიერ აშენებული ბაზილიკა საფრანგეთი-პრუსიის ომში დაღუპულთა პატივსაცემადაა აგებული. „შეწირულ გულთა ტაძარი“. ამბობენ, რომ საძირკველშიც ასეთი წარწერა ჩააყოლეს. გულის ამაჩუყებელია ცოტა. შიგნით ქრისტეს ულამაზესი ფრესკაა, ლუკ-ოლივიე მერსონის მოხატული. აქ კარგი ფოტოები გამოდის, განათება სრულიად ფანტასტიურია.

პარიზი ტრადიციულად რჩება მოგზაურთათვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტურისტულ ოცნებად, სადაც სანახაობა არამხოლოდ მუზეუმებია, არამედ საახალწლო განწყობა ქუჩებში, რომელიც ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქში უფასოდაა.

ხალხით და მტრედებით სავსე სკვერებში, ჩიტებთან მეგობრობაც შეიძლება. ახალი წელი ის დროა, როცა მტრედებშესეულ ტურისტებს ალმაცერად კი არ უნდა უყურო, არამედ თავადაც შეგიძლია მისცე თავს უფლება ამოიგანგლო იმ მტვერში, რომელსაც უხვად მოგაყრიან (როგორც კი მათ პატრონს რამდენიმე ევროს გადაუხდი).

ჩვენ წინასაახალწლოდ მოვხვდით პარიზში და პირველ რიგში, საშობაო სოფელს მივაშურეთ. ლუვრთან.

*საშობაო სოფელი. პარიზი

დღესასწაულის მოლოდინში მყოფი ადამიანები საშობაო განწყობას სწორედ აქ ეძებდნენ და აუცილებლად პოულობდნენ. თბილი გლინტევინის და ცხელი შოკოლადის არომატი ყველაზე ცივ გულებსაც ათბობდა. დახლები სავსე იყო ფრანგული ყველით, ორცხობილებით და იმ ტკბილეულით, რომელსაც საუკეთესო კონდიტერები აქ მოსული სტუმრებისთვის ამზადებდნენ. დაახლოებით 300 ხის პატარა ქოხში არამხოლოდ საკვები და სასმელი იყო წარმოდგენილი, არამედ ისეთი ხელნაკეთი საახალწლო ნივთები, რომელსაც სხვაგან ვერ ნახავდით. 1000 ჯიშის თოვლის ბაბუა დაეხეტებოდა წინ და უკან: ზომბი-ბაბუა, როკის მოყვარული ბაბუა, ბაბუა ტრუსებში. ხალხიც ყველანაირი იყო: ბავშვები, შეყვარებულები, ბაბუა-შვილიშვილები, გაოცებული ტურისტები.

აქაურობა იმ საოჯახო ფილმებს გვახსენებდა, რომელთა მთავარი და ხშირ შემთხვევაში კომედიური სიუჟეტები შობის ღამეს ვითარდება ხოლმე. აი ყველა ქართულ არხზე რომ გადის ერთდროულად ახალი წლის დღეებში.

როგორც კი მოსაღამოვდა, ხალხის ნაკადმა პარიზის ლეგენდარულ სავაჭრო გალერეასთან მოიყარა თავი.

*გალერია ლაფაეტი

ლაფაეტის მთავარი კონცეფია წელს, ოცნებების ქარხანა იყო. საშობაო ვიტრინების შემქმნელებმა გადაწყვიტეს ბავშვებისთვის სრული თავისუფლება მიეცათ.

ვიტრინებში გამოფენილი უცნაური შესახედაობის გმირები სიზმრებში ნანახ არსებებს გვანდნენ, ან ბავშვების მიერ დახატულ არ არსებულ ცხოველებს.

ამ მოჯადოებული ფანჯრების მთავარი ინსპირაცია ჰარი პოტერის პირველი წიგნის 20 წლის იუბილე იყო. ამიტომაც ვიტრინებზე გამოფენილ ბრენდებს, მოჯადოებული არსებები წარმოგვიდგენდნენ. რამდენიმე ათასიანი „პრადას“ ჩანთა წელს, ხან წეროს დაჰქონდა და ხან ხუთფეხა ბაყაყას.

კიდევ უფრო შოკისმომგვრელი იყო ის, რაც გალერეის შიგნით ხდებოდა. 16 მეტრიანი ნაძვის ხე, რომლის სპონსორი წელს საიუველირო ბრენდი “მეისონ პიაჯეტი” გახლდათ, თვალისმომჭრელ სილამაზეს გვთავაზობდა და მართლაც პიაჯეტის ბრილიანტივით ბრწყინავდა.

ნაძვის ხე ყოველ 30 წუთში ინთებოდა და რამდენიმე წამი მის გარდა ყურადღებას უბრალოდ ვერაფერს მიაქცევდი, მათ შორის ვერც გუჩის, კარტიეს, შანელს, დიორს და სხვა ძვირადღირებული სტენდებს.

შობა პარიზში ყოველთვის სხვადასხვანაიარია. ღამის პარიზი ერთ დიდი ნაძვის ხეს ემსგავსება, სადაც ყოველი ტოტი განათებულია. არ იცვლება მხოლოდ ერთი:

წელსაც ყველაზე მომნუსხველ პარიზს ელისეს მინდვრებზე ნახავდით.

„მინდვრები“ წითლად იყო განათებული. ალმოდებული შანზელიზეს ბოლოში ტრიუმფალური თაღი ჩანდა. საცობების დროს, არამხოლოდ ტურისტები, არამედ პარიზელები გადმოდიოდნენ მანქანებიდან და შუა გამზირზე ფოტოსესიას აწყობდნენ.

*Champs-Élysées

საერთოდ, ტრიუმფალური თაღი ყველაზე ზუსტად გამოხატავს პარიზს. მაგრამ არა კოკროჭინა კაფეებით სავსე ქალაქს, არამედ საფრანგეთის იდეას. ეს არის დრამატული პარიზი. ქარიზმატული, მებრძოლი, ბობოქარი, სისხლიანი საფრანგეთი. მონმარტრიდან ჯობია აქ წამოხვიდეთ ყოველთვის, რადგან ANVERS-ში რომ ჩახტებით, გადაჯდომების გარეშე ამოხვალთ შარლ დე გოლის მოედანზე, რომლის გულშია თაღი.

ამ მოედნიდან პარიზის 16 პროსპექტი ჩანს. „Google-Map”-ში შეგიძლიათ ნახოთ ის „ვარსკვლავი“, რომელსაც პარიზის რუკა ქვია და რომლის ცენტრში ტრიუმფალური თაღია. თაღი პარიზის ცენტრის ყოველი წერტილიდან ჩანს. მისი შიდა მხარე მოქანდაკებული ყვავილებითაა შემკული. აქ ნაპოლეონის ბრძოლებსაც ნახავთ. სვეტებზეა – ნაპოლეონის მოგებული ომების სახელები, ფრანგი ჯარისკაცები და რას არ ნახავ აქ მოკლედ. თაღის ქვეშ უცნობი ჯარისკაცის საფლავები ვნახეთ და მარადიული ცეცხლი.

ტრიუმფალური თაღის შემდეგ, რომელიც სავსეა ისტორიითა და სასოწარკვეთით, სახლისკენ წავედით. იქ სულ სხვა რამ ხდებოდა. დილით აივნიდან კუსკუსა ქალაქს გადავხედეთ, ბულანჟერეებით და შოკოლატერეებით სავსე ქუჩას. სადაც წინასაუკუნიდან გადმოსული ბაკებიანი კაცები, ისევდაისევ ტრიკოტაჟის კოსტიუმებში გამოწყობილები, სამსახურებში გარბოდნენ. მიყვარს ასეთი კაცები. იღლიაში ამოჩრილი ჩანთებით, ლამის ლუპის სისქის სათვალეებით, ცოტა დაბნეულები დროში, სივრცეში და ტექნოლოგიებში.

სახლში ქვემოდან კრუასანების სურნელი ამოდიოდა. რა ცუდია ფრანგული რომ არ ვიცი. წავიკითხავდი დილის გაზეთს, რომლის სუნი ყველანაირი კრუასანის სურნელს მირჩევნია. ესაა კიდევ ერთი პარიზი.

ახალი წლისა და შობის განწყობას, აქ ყველგან წავაწყდით. მათ შორის, შარლ გარნიეს ოპერაში, აქ ვნახეთ პუანტების ნაძვის ხე და კიდევ ერთი ულამაზესი, წითელი ნათურებით.

„ოპერა გარნიე“ სასწაულია. მის ამგებს, გარნიეს უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორი ჰქონია, როცა შენობას აშენებდა. მაღალი შენობები და ჭაობიანი მიწა. მაგრამ ჭაობიდან ნესტი ამოიღეს და მაღალი სახლების დასაჩრდილად, დამატებითი სართულიც დაადგეს ბოლო მომენტში პროექტს. ბოლოს ისეთი ააგო, რომ ოპერას არა რომელიმე კომპოზიტორის სახელს, არამედ სწორედ მის სახელს ეძახიან.

*ოპერა გარნიე. პარიზი

შენობის არქიტეტურული კომპოზიცია არის უბრალოდ დაუჯერებელი. გამოყენებულია სხვადასხვა მასალები – კირქვა, მარმარილო, მოოქროვილი ნაწილები, და რა ვიცი კიდევ ათასი რამ. სხვადასხვა სტილი ერთმანეთში ირევა, მაგრამ ბაროკო სჭარბობს. 100 მდე მოქანდაკე იღებდა მონაწილეობას ფასადების შექმნაში. შემოუარეთ ყველა მხრიდან! საკუთარი თვალით თუ ნახავთ აქ რა ხდება, მიხვდებით რა შრომა და ტალანტი დევს ამ ყველაფერში.

შიგნით შესვლისას შეიძლება გაოგნდე სილამაზისგან. მთავარი კიბე, სადღესასწაულო, და ზემოდ ჭერში დაუჯერებელი მოხატულობა ტრაგედიები, კომედიები, დრამა – საოცარი სცენებია. მოოქროვილი ჭერი და კედლები.

ფიგურები გადმოდიან პირდაპირ კედლებიდან და გესაუბრებიან. ცენტრალურ დარბაზში კი არ შევედი, შევვარდი. ჩვენი იქ მისვლის დროს ბალეტისთვის სცენას ამზადებდნენ. როგორ მივხვდი? ლინოლიუმის დაგების წესი ქონიათ. ყოველი წარმოდგენის წინ აგებენ. რა შრომაა! დარბაზი 2,200 ადამიანს იტევს. გიდების ფარული მიყურადებით შევიტყვე, რომ ჭაღის წონა შვიდ ტონამდეა. დაუჯერებელია, არა?! და კიდევ, უზარმაზარი სცენაა!

დარბაზის ჭერი ცალკე სასწაულია! შაგალის მოხატულობა ისეთი არა-ოპერულია. კულტურული შოკი მქონდა. წარმოიდგინეთ: ქერუბიმები, სერაფიმები, ნიმფები, ოქროს ფოთლები, ხავერდოვანი ორნამენტები და უცებ ჰოპლა! მულტფილმია დარბაზის ჭერში. გიდმა თქვა, ამ მოხატულობის გამო დაუხოციათ ერთამეთი პარიზელებსო. მაგრამ ფაქტია, თეატრის ინტერიერში ყველაზე მეტ ყურადღებას შაგალის მხატვრობა იქცევს.

დაკვირვება: არაფერი სჯობს ახალი წლის დღეებში პარიზის ქუჩებში უბრალო ბოდიალს. როცა არც რამე ტურზე არ გეჩქარება და არც რამე მუზეუმში. მე და ჩემმა მეგობრებმა სენ-ჟერმენზე ვისეირნეთ. გაგვიწვიმდა და Café de Flore-ში შევქანდით.

*სენ-ჟერმენი

ჩვენ წვიმას გავექეცით, 40-იან წლებში კი აქ ვერმახტრის ოფიცრებს გაექცნენ მწერლები და მხატვრები. კამიუ, სარტრი, აპოლინერი, ბრეტონი (სადღაც წავიკითხე სარტრისთვის აქ სატელეფონო ხაზი იყო გაყვანილიო). ზამთარში „კაფე დე ფლორი“ ნახშირის ღუმელით თბებოდა, კაფე ახლოს იყო გამოცემლობასთან და მწერლები რამდენიმე გროშად ჭამდნენ სადილს და შეეძლოთ მთელი დღე ჩაის ხვრეპაში და წერაში აქ გაეტარებინათ დრო. ახლა დე ფლორი სავსეა ხალხით. მთელი დღე ჩაიზე აქ არავინ დაგტოვებს. რა იციან, რომ ვწერ თორემ მეც დამპატიჟებდნენ. გამოვედით და ჩავუყევით ვიწრო ქუჩებს ლუქსემბურგის ბაღისკენ. ლუქსემბუგის ბაღი დაკეტილი დაგვხდა, სამაგიეროდ არნახული და წარმოუდგენელი ფოტო-სესია ვნახეთ ვინმე სებასტიან კოპლანდის. ჯოჯოხეთურად მაგარია მისი ზამთრის სერია, Timberland ასპონსორებდა!

*სებასტიან კოპლანდის ნამუშევარი

ძლივს ამატყავეს აქედან. შემდეგ ჩავუყევით Rue Montorgueil და Rue Mouffetard-კენ. ნაკლებად ტურისტული ქუჩებია, მაგრამ ფეხით მოსიარულე ქუჩები ვისაც უყვარს აქ უნდა მოვიდეს.

*Rue Montorgueil
*Rue Mouffetard

აქაა სახლი, სადაც ჰემინგუეი ცხოვრობდა, ჯოისმა სადაც დაამთავრა ულისეს წერა, სახლი საიდანაც ჟან ებუტერნი გადმოხტა მე-5 სართულიდან მოდილიანის სიკვდილის შემდეგო. როგორ არ მენახა? ახლოსაა პარიზის მეჩეთი. და აქაა ყველაზე გემრიელი ჩაი და აღმოსავლური ნამცხვრები.

თუმცა ყველაზე, ყველაზე პარიზული და სასიამოვნო შთაბეჭდილებებს სენას სანაპიროებთან მიიღებთ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან. ვსერინობდი და თან “The 400 Blows” საუნდტრეკს ვუსმენდი. შატლეს თეატრი გზად გადაგვეყარა. ჩავუარეთ გამოფენილ კონკებს, სუვენირებს, პატარა კაფეში ცხელი ღვინით გავთბით, აქ კალვადოსიც შეგიძლია დალიო. მერე შევდით ტაძარში.

*Notre-Dame

აქ ყველა ლოცულობს იმ ღმერთზე და იმ ენერგიაზე, რომელიც სწამს. ჩვენც დავტკბით ტაძრის ფერადი ვიტრაჟებით, ბიბლიური სცენებით, ტაძრისთვის უჩვეულოდ მრისხანე სახეებით. გამოვედით და ჩავისერნეთ ხიდზე. სენის სანაპიროზე პატარა მაღაზიაა Shakespeare & Company. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადგილი.

ბუკინისტურ კუთხეში შეგიძლია მოქექო რამე და იყიდო ათასჯერ წაკითხული ძველი და გადაყვითლებული წიგნი. შემდეგ შევედით პატარა კაფეში. სანაპიროზე ძველი ფრანგული კინოს პოსტერებია. ერთი ვიყიდე სახლისთვის. Mon Oncle.

ეს არის კეთილი, მომღიმარი და ხალისიანი პარიზი ❤
If you can answer yes to these questions, you very well may have an https://ventsmagazine.com/2020/02/13/how-to-write-a-will-for-young-adults/ book idea write my paper worth pursuing.