აქ მინდა დაბრუნება, ღმერთო! მონტენეგრო!

აერპორტში ყველაფერს ხვდები. მაგალითად, აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე 5 ევროდ რომ მიხვალ უკვე მრვალისმთქმელი და სასიამოვნო ამბავია. 

*Millenium Bridge. პოდგორიცა. მონტენეგრო

ჩამოვედი თუ არა სასტუმროში ავქანდი, ფეხები მოვასვენე და ქალაქის დასათვალიერებლად წავედი. ცენტრში სპეციალურად გავჩერდი. ვიცოდი, რომ პოდგორიცაში ტრანსპორტით სიარული დიდი თავსატეხია. ავტობუსები გამოსაცვლელი აქვთ. სამარშრუტო ხაზები – დასაგეგმი.  სრულიად ამოუცნობია რა ჩერდება, სად მიდის, როდის და აშ. საგიჟეთი და სევდა!

*რომაული მოედანი. პოდგორიცა

სამაგიეროდ, კარგი ამბავი ისაა, რომ ცენტრში თუ გაჩერდებით ყველაფერი ძალიან ახლოსაა. ფეხით მთელს პოდგორიცას მოივლით. ცენტრიდან 10 წუთში Milenium Bridge–ზე მოვხვდვი. ხიდზე საღამოობით გაისეირნეთ, ასე ჯობია. განათებულია და მდინარე მორაჩას ნაპირს თუ გაუყვებით რაღაც ახალ შთაბეჭდილებას შესძენთ საკუთარ თავს. ვერ ვიტყვი, რომ დაუვიწყარს, მაგრამ ახალს – ნამდვილად.

მეორე დღეს ძველ ქალაქში მოვაწყვე დიდი გასეირნება. სამწუხაროდ პოდგორიცაში ბევრი ისტორიული შენობა ომმა შეიწირა, რაც დარჩა იმისგან ყველაზე ძველი მე10 საუკუნის მონასტერია, წმინდა გიორგის პატარა მონასტერი, რომელიც ასევე ძველ ნაწილშია და ყბაჩამოსავარდნი არქიტეტურით ნამდვილად არ გამოირჩევა.

*წმინდა გიორგის მონასტერი. პოდგორიცა

შოპინგი თუ გინდათ შეგიძლიათ Delta City-ში წახვიდეთ, ან სულაც City Mall-ში, თუმცა როგორც კი გავიგე, რომ აქაურები შოპინგისთვის თავად გადიან ქვეყნიდან – გადავიფიქრე და შოპინგის სურვილი ჩავიკალი.

სამაგიეროდ მომშივდა და ამას ვერასდროს ვერაფერს ვუხერხებ. გზა ქვეყნის გულამდე კუჭზე გადის, როგორც მირჩიეს ისე, მეც მივაწყდი Kuzina Nacionalni Restoran-ს. აქ პოდგორიცას სულია. არ დაგაბნიოთ სახელებმა. თუ სწორად წავიკითხე, აქ ნახავთ კერძებს სახელწოდებებით – “პრშუტი”, „მეშანო მესო“, „ჩევაპი“ და „პლესკავიცა“ და აშ. ამ უცნაური სახელწოდებების კერძებს პატარა ინსტრუქიცები მოყვება. სრულიად გასაგიჟებლად ვჭამე აქ. ყველაფერი ახალი პროდუქტისგან მზადდება და ფასები 10-15 ევროს ფარგლებში მერყეობს. გეძვირათ? მაშინ გარეთ გაბრძანდით და გადასარევი გირო და ბურეკი ჭამეთ. ძველი მეჩეთებიც ასე ჭამა-ჭამით შეგიძლიათ ათვალიეროთ. თან დროს არ დაკარგავთ. რაც მთავარია, ეს ყველაფერი სულ რაღაც 1-3 ევრო დაგიჯდებათ.

*პლესკავიცა. ტრადიციული სერბული ბურგერი

მე მუზეუმები არ მიყვარს, შესაბამისად გვერდი ავუარე როგორც ქალაქის მუზეუმს, ასევე მონტენეგროს ეროვნულ მუზეუმსაც. აქვეა საგუშაგე კოშკი და ვეებერთელა რესპუბლიკის მუზეუმი. გზად რაღაც უსახური შენობა შემომხვდა და როცა გავიგე რომ პარლამენტი ყოფილა – გავოცდი. არა უშავს, ავიჩეჩე მხრები და გავაგრძელე ქალაქის თვალიერება. მოკლედ, სადღაც 2 საათში დავნებდი და ვაღიარე:

პოდგორიცა არ არის ტურისტულად საინტერესო ადგილი. ქალაქში ერთი ტურისტული ქუჩაა და რამდენიმე საინტერესო შენობა. თუმცა ამ შენობებს ჯობია ნიაგარას ჩანჩქერი ნახოთ (დიახ, პლაგიატებიც არიან) და მედუნი – ქალაქი-ციხესიმაგრე, რომელიც ყველაზე ზუსტად ყვება მონტენეგრულ ისტორიას.

სრულებით ყურებჩამოყრილი და იმედგაცრუებული მეორე დღეს გავემგზავრე ბოკო-კოტორის ყურის სანახავად. ჰოდა იცით რა მოხდა?

სულ რაღაც 2 საათში სამოთხის კარიბჭეს მივადექი.

*ბოკო-კოტორის ყურე. მონტენეგრო

პარლამენტის შენობისგან მიღებული შოკი მაშინვე გაუჩინარდა, როგორც კი კოტორის ყურის სანაპიროებს თვალი შევავლე. სიზმარია! ფანტასტიკაა!

ჩავხეული, ვიწრო ქუჩების ქალაქში თავი გადარჩენილად ვიგრძენი. ქალაქი, რომელიც მასიური კედლითაა გარშემორტყმული სავსეა ძველი ტაძრებით, მოპირკეთქებული, ქვაფენილიანი ქუჩებით, ვიწრო ხეივნებით და რომანტიკული განწყობით. ფასები უბრალოდ დაუჯერებელია. აქ ყველა გეტყვით, რომ გალავანი, რომელიც ქალაქს არტყია, ჩინეთს კედლის შემდეგ მეორე ადგილზეა სიდიდით, თუმცა არ გამიზომავს და თავს ვერ დავდებ. ან რა მნიშვნელობა აქვს ამ სიგრძე-სიგანეს, როცა ულამაზეს ქალაქში დაბოდიალობ. თუმცა აქაურობის ხიბლი მხოლოდ სილამაზე კი არ არის, არამედ განსხვავებულობა, რაც ასე მომწონს აღმოსავლე ევროპის ქალაქებში.

*კოტორის გალავანი. მონტენეგრო

მეორე დილით ადრე გავიღვიძე. ყავა და კრუასანი ზღვის პირას მივირთვი და წმინდა ივანის ციხის კედელზე ასაბობღად მოვემზადე. სამოთხეა! იმდენი სელფები გადავიღე ბოლოს ვერ შევამჩნიე, როგორ ბინდდებოდა. მაგრამ აბა რა ვიცოდი, რომ წინ ამაზე დიდებული სანახაობა მელოდა? კოტორის ყურე. დაახლოებით რომ აგიხსნათ რა ვნახე – ერთს გეტყვით: ეს ადგილი ევროპაში ოცი ყველაზე ლამაზი ყურეების ჩამონათვალში ერთ-ერთია. კატერით გასეირნება აქ 20 ევრო ღირს, თუმცა მერწმუნეთ სრულიად გასაგიჟებელი თავგადასავალია. კულტურული შოკი დამემართა როცა მივადექით წმინდა მარიას ეკლესიას კუნძულზე, შემდეგ შევათვალიერეთ კოტორი, სანაპიროზე შემორჩენილი რუინები და რომ მეგონა უკვე არაფერი გამაკვირვებდა, – შევმცდარვარ.

ცისფერ გამოქვაბულში შევცურეთ და უკვე ბედნიერებისგან მეტირებოდა. ოჰ, ნეტა იცოდეთ რა დიდებულია კატერიდან წყალში ჩახტომა, ცურვა გამჭვირალე, ცისფერ და კამკამა წყალში.

*ცისფერი გამოქვაბული. კოტორი. მონტენეგრო

ცისფერ გამოქვაბულში ჭყუმპალაობის შემდეგ ჩვენმა ტრანსპორტმა დასავლეთით, ადრიატიკის ზღვისკენ გაცურა. ყურედან როგორც კი გამოვცურეთ ზღვა გადაიჭიმა. თვალი ჯერ კიდევ შორიდან მოვკარი კუნძულს, რომლის თავზე ველური ფრინველები კამარას კრავდნენ. მიტოვებული კუნძული “მამულა”, დაუჯერებელი ბუნების, თოლიებისა და ძველი რუინების მისტიკური ადგილია. ყურსასმენებში მუსიკა, მზის ჩასვლა და პანორამული ხედები – შეუძლებელია ამ ყველაფერს ემოციის გარეშე გაუძლო.

*მიტოვებული კუნძული “მამულა”

აქედან  ზუსტად 1 საათში ძველი ქალაქია, სახელად ბუდვა, სადაც ზღვის პირას გოგონა, მეზღვაურს ელოდება. ბუდვაში წმინდა მარიას ძველი ციხესიმაგრე-ციტადელია და წმინდა იოანეს ტაძარი.

საუკუნოვანი ისტორიის სიახლოვეს პატარა კაფეებია. ბევრს კაფე სახლში აქვს გახსნილი. გერმანელი წყვილი იანი და დოროთი აქ გავიცანი.

*ბუდვა. მონტენეგრო

იანი აკეთებს უგემრიელებს საჭმელებს, დოროთი მიმტანია. 5 ევროდ ისე დავნაყრდი, კი არ დავდიოდი, ბუდვას ქუჩებში – დავგორავდი. ასე ჩავგორდი ბილიკით ზღვის სანაპიროზე, გოგონას ქანდაკებასთან სურათებიც გადავიღე, გავცურე კიდევაც და გავირუჯე. უცნაური ამბავია:

შეზლონგის ქირაობა ყველაზე ძვირადღირებული ექსკურსიის თანხა ღირს. ამიტომაც უმეტესობას პირსახოცები პირდაპირ „პლიაჟზე“ აქვს გაშლილი და ისე ირუჯება.

ბუდვადან ზუსტად ერთ საათში ისევ პოდგორიცაში დაბრუნდებით და ზღვისპირა მონტენეგროს შემდეგ კიდევ უფრო უსახური მომეჩვენა დედაქალაქი თავისი უცნაური პარლამენტის შენობით. თუმცა ეროპოტში წასვლა ჯერ არც მიფიქრია.

მონტენეგროში, ჯურჯევიჩის ხიდი რომ არ ნახოთ ნიშნავს, რომ არ გინახავთ მთებში ჩაფლული ამ ქვეყნის ყველაზე დიდი ხიბლი.

*ჯურჯევიჩის ხიდი. მონტენეგრო

აიღეთ ექსკურსია, გზა 2 საათიანია, სამაგიეროდ ავტობუსიდან ისეთი ხედები იშლება, თავი რეალობისა და ფანტასტიკის ზღვარეზე გგონია. მაღალი, ლამაზი, თაღოვანი ხიდიდან, რომელიც ველურ ბუნებაზეა გადებული სრულიად გასაგიჟებელ პანორამულ ხედებს დაინახავთ. ესაა მონტენეგრო! ესაა მთებში ჩაკარგული ნაგლეჯი დედამიწისა. მთიანია, ველური, მწვანე და დაუჯერებლად ლამაზი. ხიდზე ბოლო რამდენიმე წელია, რაც „ჯამფინგი“ აიკრძალა, სამაგიეროდ არ აკრძალულა სურვილების ჩაფიქრება. თვალები დავხუჭე და ჩავიფიქრე:

აქ მინდა დაბრუნება, ღმერთო!

With agents trolling around on the web and picking up blogs and more information turning them into books, blogging has turned into a big deal for authors these days especially nonfiction authors.