ამბავი იმისა, თუ როგორ გადამარჩინა სახედარმა პეტრაში ჩარჩენას

ეკრანზე ჩნდება ვარდისფერი უდაბნოს კადრი ე.წ. „კრუპნი პლანით“. მაღალი, შიშველი და უცნაური ფორმის მთები, ალაგ-ალაგ მწირი მცენარეული საფარი. შლაპიანი, ყვითელსაყელოიანი ცხენოსნები კანიონისკენ მიდიან. შემოსული მუსიკა თავგადასავალს გვპირდება. რა თქმა უნდა ჯონ უილიამსისაა. ორი 14-15 წლის სკაუტი ბიჭი, გამოქვაბულში შედის და განძზე მონადირეებს გადააწყდება. მათგან უფრო გამხდარი და მამაცი გაიტაცებს ნაპოვნ ჯვარს და ბევრი ჭენების, ბახა-ბუხის და ზოოპარკის ცხოველებით სავსე გაქანებული მატარებლის სცენების შემდეგ, სახლში, მამასთან შერბის, რომ თავის ჭკუით ბრაკონიერებისაგან გადარჩენილი განძი გადასცეს…

მამა რათქმაუნდა არ იმჩნევს, სამაგიეროდ თავზე წამომდგარი შერიფი გატაცებულ ნივთს ისევ მათ მპოვნელებს უბრუნებს. ამჯერად შენ დამარცხდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დანებდეო, ეუბნება დაბრუნებული განძის პატრონი მოკავბოო ტიპი. აჰანდე, შენ ჩემი ათასგან ნათრევი შლაპაო. მართლაც არ ნებდება და ისევ ბახ-ბუხ, გემზე ტალღებთან და სხვა ბრაკონიერებთან უკვე გაზრდილი ბიჭი იბრძვის და კადრი გადადის უნივერსიტეტის აუდიტორიაზე, სადაც პროფესორი სტუდენტებს ეუბნება:

არქეოლოგია ფაქტების ძიებაა. დაივიწყეთ დაკარგული ქალაქების რომანტიკა, ეგზოტიკური მოგზაურობა და მსოფლიო მნიშვნელობის გათხრები, რადგან აღმოჩენების და გათხრების 70% ბიბლიოთეკაში ხდება. 

თუ ჯერ ისევ ვერ მიხვდით რომელი სათავგადასავლო ფილმის შესავალს გიყვებით, ეს ისტორიის და არქეოლოგიის პროფესორი მამა-შვილის, ჰენრი და ინდიანა ჯონსების „ბოლო ჯვაროსნული ლაშქრობაა“.

არქეოლოგიაზე და განძის მაძიებლებზე უსათუოდ გაგახსენდებოდათ ეგვიპტე, თავისი გასაყიდად კედელზე მიყუდებული მუმიებით და ინდიანა ჯონსის ნაპოვნი დაკარგული კიდობნით, რომლის გახსნის გამო ნაცისტები ადგილზე იხოცებიან.

*ეგვიპტე

მოკლედ, ეს ქვეყანა ვის აღარ იზიდავს, ხან ნაცისტებს, ხან ოსმალებს, ხან ნაპოლეონს და ხანაც ოლ ინკლუზივზე მონადირე ტურისტებს.

ჩემი და ეგვიპტის გადაფსკვნილობის ამბავი წინა ჯერზე მოგიყევით. მას მერე თითქოს აღარც უდაბნოს ქვიშა მაოცებდა, არც უძველესი ტაძრები, არც აღმოსავლური ბაზრის და არც წითელი ზღვის წყალქვეშა სამყაროს ფერადოვნება. არადა არ გამოვაო, ახლო აღმოსავლეთი დედამიწის ის მძლავრი მიზიდულობის წერტილია, სადაც არასოდესაა მშვიდობა და რისთვისაც ადამიანები აგერ უკვე ათეულობით საუკუნეა ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოხცლოდ ეჭიდავებიან.

მოკლედ, ასე იოლად ვერ ჩაუვლიო მითხრა უამრავმა სამოგზაურო საიტმა, ვლოგმა თუ ბროშურამ და მეც დავგეგმე ხეტიალი, ამჯერად იორდანიაში.

იორდანიის ჰაშემიტთა სამეფოს პროგრესული მონარქი – აბდულა II მართავს თავისი ულამაზეს და „უსვეცკეს“ დედოფალ – რანიასთან ერთად.

*იორდანიის სამეფო ოჯახი

ცხადია, კონსტიტუციური მონარქიის პირობებში, ქვეყნის მართვაში სამეფო წყვილს მინისტრები ეხმარებიან. ერთი შეხედვით, იორდანიის შესახებ არც ისე ხშირად გაიგებ კაცი ახალი ამბებიდან. არც გადატრიელებები ხდება, არც გადმოტრიალებები, ეპარტნიორებიან დასავლეთს და არიან წყნარად. მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად იყოფენ საზღვრებს საუდის არაბეთთან, სირიასთან, ერაყთან და ისრაელთან. კარგი სამეზობლოა, სულ მოყვარეებია გარშემო.


ერთი სიტყვით, სანამ ჩემი ფეხით არ ჩავედი და საკუთარი თვალით არ ვიხილე, იორდანიაზე მხოლოდ დედოფალი რანიას ლამაზი, გვირგვინიანი ფოტოები მახსენდებოდა და  კიდევ, კადრები ინდიანა ჯონსიდან.

თბილისიდან იორდანიაში ჩასვლის სამი ძირითადი ვარიანტი არსებობს: ერთია მესამე ქვეყნის გავლით დედაქალაქ ამანში ჩაფრენა, ან  ეგვიპტიდან, ქაიროს გავლით აქაბაში ჩაფრენა, ან ეგვიპტური ნუვეიბადან აქაბაში ბორნით გადაცურვა. მე რა თქმა უნდა მეორე ვარჩიე. უფრო იაფიც მომეჩვენა, კომფორტულიც და უფრო პატრიოტულიც (ეგვიპტე მაინც ჩემი მეორე სამშობლოა).

მოკლედ, შარმიდან სულ რაღაც 50 წუთში დავფრინდით ქაიროს აეროპორტში და იქედან ასევე მოკლე ფრენით ამოვყავი თავი აქაბაში. ეს ქალაქი წითელი ზღვის მესამე დიდი კურორტია ეგვიპტურ შარმ ელ შეიხთან და ისრაელის ეილატთან ერთად. ზღვის ამ ერთ ციდა რაიონში სამი ქვეყნის საზღვარია.

სხვა ავტორი აქაბას დაარსების, რთული ისტორიის და ლოურენს არაბის ვაჟკაცობის შესახებ მოგიყვებოდათ, მე კი მგონია, რომ უფრო მეტი მის ახლანდელზე უნდა გითხრათ. აქაბა ე.წ. განსაკუთრებული ეკონომიკური ზონაა, ანუ დიდი გადასახადისგან ათავისუფლებს ვაჭრობას, აქვს შესანიშნავი საზღვაო პორტი. ასევე აეროპორტიც, ბრწყინვალე ტურისტული ინფრასტრუქტურა თავისი 3, 4, 5 ვარსკვლავიანი დაბალი, საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროებით, აქუაპარკებით, დაივინგით, სავაჭრო ცენტრებით, 10 დოლარიანი ლუი ვიტონებით და უგემრიელესი კოფიშოპებით. პორტში დაინახავთ ამ უზარმაზარ დროშას, რომლის ფრიალ-შრიალიც აუცილებლად მოწვდება თქვენ ყურს და გაიძულებთ ერთი კადრი მაინც გააჩხაკუნოთ.

*აქაბა. იორდანია

დაივინგის და პლაჟის მუზის გაბედნიერების მერე შარმში, აქაბის სანაპიროსათვის დიდი დრო აღარ დამითმია, ახლა წინ სხვა დიადი გეგმები მელოდა.

ჰო, ტექნიკური დეტალია, მაგრამ საჭირო: იორდანიაში საქართველოს მოქალაქეებს გვჭირდება ვიზა. ვიღებთ საზღვარზე და ერთჯერადი, ერთთვიანი ღირს 40 იორდანული დინარი (სადღაც 56$).

ტურიზმის წასახალისებლად, ტურ-ოპერატორების სტუმრებს, თუ ქვეყანაში მინიმუმ 2 ღამეს ატარებენ გადაბმულად, სამეფო ათავისუფლებს სავიზო მოსაკრებლისგან, მაგრამ ქვეყნის დატოვებისას კაცზე 10 (15$) დინარს მაინც ახდევინებს.

დიად გეგმებზე გიყვებოდით და რა დასამალია, რომ ინდიანა ჯონსით შთაგონებულმა ჭუჭყის ამტანი, ანუ, ხაკისფერი დიდ ჯიბეებიანი შარვალი ჩავიცვი, ტყავის ჩანთა გავავსე მზისგან დამცავი კრემით, ტელეფონის დამტენ “პაუერ-ბანკით”, ბედუინური შარფით და გამოვცხადდი ავტობუსთან. გიდმა ყურებამდე გამიღიმა და წავედით პეტრასკენ.

გზა უდაბნოზე გადის, თუმცა ეს უდაბნო მაღალმთიანია, აი ისეთი, როგორიც საქართველოა, ოღონდ უტყეო და უმცენარო თუ „მწირმცენარო“.

*უდაბნო. გზა პეტრასკენ

პეტრას არქეოლოგიური პარკი მდებარეობს მოსეს ხეობაში (Wadi Musa), უშუალოდ ქალაქი იკავებს 6 კვადრატული კილომეტრის ფართობს და 1985 წლიდან იუნესკოს მიერ დაცულ ძეგლთა სიაშია შესული, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება. სანამ ავტობუსი დაჟინებით მაღლა მიიწევს, მე პეტრას და სხვა ღირსშესანიშნავობებს ვეცნობი მადლიან 3G ინტერნეტში.

რა უნდა ნახოს იორდანიის სტუმარმა:

პეტრა (Petra) – ვარდისფერ კლდეებში ნაკვეთი ქალაქი, აბრეშუმის გზის საპატიო პუნქტი, ისტორიული ნაბატეველების სახლი, სადაც ცხოვრება ქრისტემდე უკვე 9000 წლით ადრე ჩქეფდა და რომელმაც სიცოცხლე მე-12 საუკუნეში შეწყვიტა. მან მეორე სიცოცხლე 1812 წლიდან დაიწყო, როდესაც ევროპელემბა ხელახლა აღმოაჩინეს.

დაივინგი აქაბაში და იორდანიის წილი წითელი ზღვის ულამაზესი წყალქვეშა სამყარო. დრო თუ გაქვთ, უნდა სცადოთ ჩაყვინთვა. თუ არ გეკომფორტებათ, მაშინ, უბრალოდ ნიღაბი გაიკეთეთ და ჩაუყვინთავად ჩახედეთ რა ხდება წყლის ზედაპირის ქვევით. არ ინანებთ კი არა, სულ აუ, აუ და ღმერთო, ღმერთოს იძახებთ გულში (აბა, ნიღბიანი პირს ვერ გააღებთ).

*დაივინგი აქაბაში
*ჯერაში

ჯერაში (Jerash) – რომაული ნანგრევების მოყვარულებს მოეწონება. ეს 6500 წლის ძეგლი, იტალიის საზღვრებს გარეთ მყოფ ნაგებობებს შორის ყველაზე კარგად არის შემონახული.

*მკვდარი ზღვის სანაპირო. იორდანია

იორდანიის წილი მკვდარი ზღვა და მის ზედაპირზე ტივტივი, ერთი თავგადასავალია. შედიხარ, გინდა გაცურო, მაგრამ ყირავდები. მარილის უსაზღვროდ მაღალი კონცენტრაციის გამო აი, ასე კრისტალდება ნაპირები. მტრისას წყალი თვალში, პირში ან სასუნთქ გზებში თუ მოხვდა – (ისრაელში ყოფნისას ვცადე და ყველაზე ცხარე წიწაკაზე ცხარე წვეთმა ენა დამშუშხა). სამაგიეროდ, მისი ტალახი შესანიშნავია კანისათვის, სერიოზულ დაავადებებსაც კურნავს, მართლა.

*კრისტალიზებული მარილი მკვდარი ზღვის სანაპიროზე. იორდანია


ვადი რამი 
(Wadi Rum)- მასზე ქვევით მოვყვები;

დანას ეროვნული ნაკრძალი (Dana Biosphere Reserve), თავისი პატარა ძველი ქალაქით, რომელიც ულამაზეს ხეობას გაჰყურებს და ეკოტურისტების დიდი სიმპათიაა.

*დანას ეროვნული ნაკრძალი

ნებოს მთა (Mount Nebo), როგორც ამბობენ, სწორედ ამ მთიდან იხილა წინასწარმეტყველმა მოსემ აღთქმული მიწა. თუმცა, ამ მიწაზე  ფეხის დადგმა მას ბედმა არ არგუნა. ამ მთაზეა ბიზანტიური მონასტერი, თავისი ულამაზესი მოზაიკური იატაკით.

*ნებოს მთა

რა თქმა უნდა, დედაქალაქი ამანი (Amman) – თავისი სამეფო ოჯახით, მეფე აბდულას მეჩეთით, ციტადელით, ძველებური უბნებით, შიშა კაფეებით და ცოტა ძვირი, თუმცა სასწაული ახლო აღმოსავლური, ევროპული თუ აზიური რესტორნებით. მოკლედ, დრო და საშუალება თქვი, თორემ, იორდანიაშიც ბევრია სანახავი და შესაგრძნები.

*ამანი

ამანიდან 30 კილომეტრში მდებარეობს მადაბა (Madaba), წმინდა მიწის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პუნქტი. ყველაზე კარგადაა ცნობილი თავისი ულამაზესი ბიზანტიური და ომაიანთა პერიოდის მოზაიკით. სავარაუდოდ სწორედ ამიტომ მას ხშირად უწოდებენ „მოზაიკის ქალაქს“. აქაა სახელგანთქმული იერუსალიმის და წმინდა მიწის მოზაიკური რუკა, რომელიც 2 მილიონამდე ფერადი კენჭითაა აწყობილი მე-6 საუკუნეში.

*იერუსალიმის და წმინდა მიწის მოზაიკური რუკა. მადაბა

ეს რუკა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაშია ნაპოვნი. სამწუხაროდ, მისი ¾ განადგურებულია და მხოლოდ ეს ნაწილი შემორჩა. აუცილებლად სანახავია.

ავტობუსი მიდის და სულ უფრო ხშირად მახსენდება საქართველო, აქაური რელიეფი ხომ ერთი-ერთშია ჩვენს რელიეფთან, ოღონდ იორდანიული მთები შიშველია და ქვიშისფერი.

სუვენირების მაღაზია უღელტეხილზე – ტრადიციულად მინდა თან წამოვიღო ყველა ნივთი, მაგრამ მეშინია ამ სიგრძე გზაზე არ დამელეწოს და მხოლოდ ეს თეფში მომაქვს თან (რომ გავთხოვდები, დედამთილს ვაჩუქებ).

ესეც ქალაქი პეტრა ავტობუსიდან.

*პეტრა.იორდანია

2, 5 საათიანი მგზავრობის შემდეგ ადგილზე ჩასულებს წარმოუდგენელი სურპრიზი გველის (მე კი გადავირიე და სხვების რა გითხრათ). პარკინგი დაკეტილია. განა არემონტებენ ან რამე, უბრალოდ ის სავსეა მანქანებით-სამეფო ავტოპარკის მშვენება ვინტაჟური ავტომობილებით: როლს-როისები, კაბრიოლეტები, მოოქროვილი, გალაპლაპებული – მონარქიული რა! მოკლედ, ჩემნაირ პლებეის კი არა, ასეთ რამეებზე თვალშეჩვეულ მნახველსაც დააღებინებს პირს. ეს რამდენიე დღე ყოფილა გამოფენილი ასე საჯაროდ და მზეზე, თორემ ისე დედაქალაქის Royal Automobile Museum-შია დაბინავებული სხვადასხვა „მაღალი მოდის“ მოტოციკლებთან ერთად.

*ვინტაჟური ავტომობილების გამოფენა. პეტრა

პარკინგის ახლოსვე მოზრდილ მოედანზე, რომლის ცალ მხარეზეა არქეოლოგიური ძეგლის (ძეგლი მე ვიცი ილია ჭავჭავაძის, ეს კი ცალკე ქალაქია) შესასვლელი თავისი სალაროთი, საინფორმაციო ცენტრით და ტურნიკეტით. გიდი გვირიგებს ჩვენ-ჩვენ ბილეთებს და ვიკავებ რიგს.

*არქეოლოგიური პარკის შესასვლელი. პეტრა

რიგში დგომა მიყვარსთქო რომ გითხრათ მოვიტყუები და თან წარუმატებლად. თუმცა, მუზეუმებში და საკონცერტო დარბაზების შესასვლელებში რიგში დგომა რაღაცნაირად არ მძაბავს. ვათვალიერებ რა ხალხია, ვის აინტერესებს ეს ანტიკური ტაძრები, რა აცვიათ, რა ახურავთ. ყველაზე მეტად მომწონს ხოლმე კორეელი და იაპონელი ტურისტები, ფოტო-გადაღებებისათვის სხვადასხვანაირი კამერები რომ დააქვთ. მართლა არ ეზარებათ მძიმე შტატივის, 2 სხვადასხვანაირი ლინზის თან ტარება, საინტერესო ობიექტისათვის 20 დუბლის გადაღება. სამაგიეროდ, მაგ ხალხის ხარისხიანი ფოტოები Getty Images-ზე ხვდება, ჩემი მობილურით გადაღებული კი – მხოლოდ ფეისბუკზე და ინსტაგრამზე. ევროპელებს უყვართ კარგი, ხარისხიანი თერმოსებით და აუცილებლად ყელიანი ბათინკებით სიარული, გინდაც სიცხე და უდაბნო იყოს.

ჩვენს ოკუპანტ სამეზობლოელ ტურისტ კაცებს, სანდლებიდან ლამის მუხლამდე ამოქაჩული “ნასკებით” და ცოტა მოძველებული ციფრული აპარატებით იცნობ. ისე, ყველა ცუდი კი არაა.

მოკლედ, მთავარი ღირსშესანიშნაობისაკენ დაღმართში ვეშვები. არ ცხელა, მაგრამ ეტყობა მზე რომ შუბის ტარზე გაიჭიმება – ჩამოცხება, ამიტომ წყლის ბოთლს მაგრად ვბღუჯავ ხელში. დასაწყისში გაშლილი გზაა, ვარდისფერ-ნარინჯისფერი კანიონი ჯერ შორიდან მოჩანს. ცოტა ხანში გზა ვიწროვდება, კანიონში შევდივარ და კისერი მიშეშდება ზემოთ, მარჯვნივ, მარცხნივ  ყურებით.

სამყაროში არსებობს სილამაზე, არსებობს ენით აუწერელი სილამაზეც, მაგალითად შვლის ნუკრი, მაგრამ რასაც აქ ვხედავ ვერაფრით დავიჯერებ, რომ ნამდვილია. ასეთ ადგილებში ადამიანებს რწმენა ეხსნებათ და ლოცვასაც იწყებენ. რა საოცარია, რომ ბუნება, ქარი, წვიმა, მცხუნვარე მზე ასეთ ფენებიან კანიონებს ძერწავენ და ჩვენ იქ ჩასვლა და აღფრთოვანება შეგვიძლია.

*პეტრას არქეოლოგიური პარკი

მანძილის აღქმა ზოგადად მიჭირს და შესაძლებელია არ ვიყო სწორი, თუ ვიტყვი, რომ მიწიდან კანიონის ბოლომდე, სადაც ცა ჩანს. კარგი 20-25 მეტრია. წარმოიდგინეთ ამ სიღრმის კლდეებზე ალაგ-ალაგ ამოსული ლეღვის ხეები, მზეზე გაწოლილი ხვლიკუნები (მე მაგათ „სტელებს“ ვეძახი, ვერაზეც დაცოცავენ ხოლმე კედლებზე). პეტრას ისტორიული ბინადრების, ნაბატეველების მიერ ამოკვეთილი ჩუქურთმები, სალოცავი ნიშები, მოკირწყლულ ვიწრო გზაზე მორახრახე ფაეტონები თავიანთი ბედუინი მეფაეტონეებით და სიცხის თუ შთაბეჭდილელებისაგან გალენჩებული ტურისტებით. ცხენების ფლოქვების, ფაეტონის ბორბლების რაკუნი  და ადამიანების გადაძახილები ექოდ იშლება მთელ კანიონში.

ჩვენ ნელ-ნელა სულ ქვევითა უბნებისკენ ჩავდივართ და უცბად გიდი გვაჩერებს, რომ მორიგი ისტორია მოგვიყვეს და დავალებას გვაძლევს, მიწაზე ვიპოვოთ დინოზავრის ნაფეხური. მთელი ჯგუფი დიდი ინტერესით თავჩახრილი დაეძებს. ორი-სამი დაუმორჩილებელი კი ინტუიციით ვხვდებით, რომ რაღაცაშია საქმე, თორემ არსად არ წერია დინოზავრებზე და მათ ნაკვალევზე პეტრაში. მოკლედ, წინ ვიყურებით და სათითაოდ გაწელილად გავყვირით WOW! (აუუუუ!) თეატრის ფარდასავით აქეთ-იქედან ჩამოფარებულ კლდეებს შორის აღმოცენდება სწორედ ის, უსასწაულესი, უმეწამულისფრესი და უანტიკურესი პეტრას განძთსაცავი (Treasury).

*პეტრას განძთსაცავი

აი ისაა, „უკანასკნელ ჯვაროსნულ ლაშქრობაში“, ინდიანა, დიდი ვაი-ვიშით წმინდა გრაალის თასს რომ გამოიტანს და ნაცისტების მიერ დაჭრილ მამამისს, ჰენრი ჯონსს, შიშინით რომ მოურჩენს ნატყვიარს.

აქ უამრავი ადამიანი იღებს ფოტოს, ზოგი ერთმანეთს ხელსაც უშლის, მაგრამ არა ისე, როგორც წმინდა პეტრეს მოედანზე ან ტაჯ-მაჰალთან, უფრო ერთობლივი აღფრთოვანების აურა ტრიალებს და ყველა ერთმანეთს უღიმის (კარგ კონცერტებზე და კლუბებშია ხოლმე ეგრე).

საგანძურში შიგნით შესვლა აღკვეთილია უსაფრთხოების მიზნით. გასატანი განძი აღარსადაა, უბრალოდ ტურისტებს რამე ხიფათი რომ არ შეემთხვეთ. აუცილებლად ვიღებ ფოტოს სამხედრო უნიფორმიან ტანწერწეტა ბედუინთან, გრძელი კრემისფერი ლაბადით, მხრებზე ჯვარედინად გადაკიდებული ტყვიებიანი ქამრით, მოწითალო ე.წ. არაფატით, მაღალი მზეზე გარუჯული ღაწვებით და მოწკეპილი შავი ულვაშით. ღმერთო, რა სილმაზეა, როცა ასეთი მცველი სრულიად უსასყიდლოდ პოზირებს ფოტოსთვის. ფული კი არ მენანება, უბრალოდ, ისეთი „დასტოინი“ ტიპია, ვერ ვკადრებ. ფოტო ცოტა უხარისხოა, მაგრამ ასე გადამიღეს და მეტი არ მაქვს.

მეორე ფოტოზე უკეთესად ჩანს მცველის აღკაზმულობა

*პეტრას განძთსაცავის მცველი

ფულის დანანება კი არა, დათვლაც კი რომ არაა ჩემთან მოსატანი, ჩემმა ფლორენციის ტურის გოგოებმა იციან. თუმცა რაც აქაურ, ბედუინ ბავშვებთან ურთიერთობისას ხდება, სრულიად ცდება არათუ ჩვეულებრივი ვაჭრობის უნარებს, არამედ, ნეირომარკეტინგის ვარსკვლავებსაც ეთამაშება.

საერთოდ ვერ ვიგებ, როგორ შეიძლება 6-7 წლის ბავშვებმა, ტრიალ უდაბნოში რომ იზრდებიან და სკოლაშიც დიდი ვარაუდით, არ დადიან, ასე გამოხატული ლონდონური ინგლისური, ჰიუგოს ფრანგული, თუ დანტეს იტალიური იცოდნენ. ალბათ ენების სწავლის ნიჭი დაბადებიდან თან დაყვებათ, ისევე, როგორც გაყიდვების უნარები. აბა სხვას რას დავაბრალო, რომ იქვე კლდეებში ახეკილ ჭრელ ქვებს 2 დოლარად მყიდიან და მეც მიხარია, გეგონება, ლალი ან ზურმუხტი იყოს.

აქლემი ყველგან აქლემია, მაგრამ აქ რაღაცა სხვანაირად ლამაზია, თანაც მორთული.

ისევ ეს კვარკვალა და დახატული უდაბნოელების თვალები…

კანიონს თავზე რაღაც მტაცებელი ფრინველი დასტრიალებს, ალბათ ეგულება რამე, თაგვი, ან ბაჭია, ან რა ვიცი, რა ცხოვრობს ამ ხრიოკში. კი დაგვკივის და კლდეებიც ექოთი ეხმიანებიან.

გზადაგზა ტაძრები, ამფითეატრი, სავარაუდოდ სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, ნიშები, კლდეში ნაკვეთი საფეხურები, წყლის გასატარებელი ანტიკური გაყვანილობა გვხვდება. (ამ ბლოგის წერისას პეტრასა და ვადი რამში ხანგრძლივი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობა დამეწია მეც და ქალაქის მაცხოვრებლებსაც. თუმცა, შესაბამისი სამსახურები აკონტროლებენო, როგორც ჩემა იქაურმა ნაცნობებმა მომწერეს. მადლობა ღმერთს, ყველა კარგადაა).

სად გაქრა ამის ამგები ხალხი, სად არიან ეს ნაბატეველები ახლა? პეტრა ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მჩქეფარე ცხოვრებით ცხოვრობდა, აქ გადიოდნენ ქარავნები, ამზადებდნენ გემრიელ საჭმელს, მიდიოდა ვაჭრობა და ალბათ ბავშვებსაც ხანდახან დედები მიტყეპავდნენ ხოლმე ათასნაირი მიზეზის გამო.

ამ ადგილის მოსანახულებლად უამრავი ხალხი ჩამოდის იორდანიაში, მაგალითად დოკუმენტურადაა დადასტურებული ობამას, სარკოზის, მისტერ ბინის, სტინგის, მადონას, ცხადია იორდანიის სამეფო ოჯახის ვიზიტები, თუმცა, ყველაზე ცნობილი სახეები, ალბათ ეს ორი კაცია.

*კადრი ფილმიდან “ინდიანა ჯონსი”

ამასობაში ჩავდივართ ოაზისში, სადაც სადილი გველის. გემრიელი ბოსტნეული გრილზე, ფარშირებული ხორცი, ხილი. ცალკე უნდა აღვნიშნო, რომ იორდანიაში გავსინჯე პირველად ნივრით და სხვადასხვა სუნელებით შეზავებული უმი დაკეპილი ხორცი. თავიდან ცოტა ზიზღით, მაგრამ უდიდესი ინტერესით მივირთვი და თქვენ წარმოიდგინეთ, კიბეჰ ნიეჰ (Kibbeh Nayyeh) ისეთი სასწაული აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივ არ მეყო ჩემი ულუფა და მეზობლისას გადავხედე ხარბად.

*კიბეჰ ნიეჰ

სადილის შემდეგ ამ ოაზისში ლამაზი ხეების ჩრდილქვეშ, ჩიტების ჭიკჭიკში ისე მოვდუნდი, რომ გიდს ჩამოვშორდი და როცა მივიხედ-მოვიხედე, უკვე კარგა შორს იყო ჩემი ჯგუფი წასული. გაბრაზების დრო არ იყო და არც ადგილი, ალბათ მეძება და რომ ვერ მნახა, დანარჩენები წაიყვანა და გაუდგა გზას, ავტობუსი დათქმულ დროს უნდა გასულიყო და ვერ დააგვიანებდა. მოკლედ, დავხედე საათს და ისე მაგვიანდებოდა, რომ შანსი არ იყო, ფეხით დროზე ამესწრო, კარგი 1,5 საათი დაგვჭირდა ჩამოსვლაზე და ასვლაზე მეტი დრო დამეხარჯებოდა, რაც არ მქონდა. მივრბივარ, კი არა, მივქრი, რომ ეგება, ცხენი ვიშოვო. დიდი მოჯირითე არ ვარ, მაგრამ რაჭაში მიტარებია ალაგ-ალაგ, ალბათ, არ დავიკარგები. მოკლედ, ჩემს ჯინაზე არავითარი ცხენი არაა თავისუფალი.

ის იყო ვიფიქრე, რომ ნაბატეველების რძლობა არ ამცდებოდა, რომ პატარა ბედუინმა სახედარი დამაწია. Ride to the bus stop 10$,  მეთქი, 10 დოლარი კი არა, ნახევარ სამეფოს მივცემთქო, ოღონდ არ დავაგვიანოთქო და დავეთანხმე. ვინც ვირზე მჯდარხართ, აუცილებლად გამიგებთ რას ნიშნავს ქალაქელი უცოდინარისთვის ეს მგზავრობა. მაგრამ გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო, ზედგამოჭრილია ჩემს იმჟამინდელ მდგომარეობაზე. ასე ქუსლის კვრით და მათრახის ცემით ვაჭენე ეს დალოცვილი დიდყურაანთი ვარდისფერ-ნარიჯნისფერ კანიონებში და სულ ინდიანასნაირ ყიჟინას ვცემდი არაემარეს.

ავუსწარი ავტობუსს, კიოსკში პეტრას კატალოგიც ვიყიდე, გიდსაც ვუთხარი ერთი-ორი „ სმეშნოი“ სიტყვა და ჩავესვენე ავტობუსის სავარძელში, რომელიც ახლა უკვე ვადი რამში მიდიოდა მზის ჩასვლის სანახავად.

სადღაც 2 საათში ავტობუსი შევიდა ვადი რამის ტერიტორიაზე (Wadi Rum). ვადი რამი იორდანიის სამხრეთში მდებარეობს, ამანიდან 4, ხოლო აქაბადან 1 საათის მანძილზე.

*ვადი რამი

მეორენაირად მას მთვარის ხეობას უწოდებენ, რკალური ფორმის გამო. ადგილზე ჩასულები  ვრეგისტრირდებით სასტუმრო ბანაკში, რომელიც ამ ხეობის ბედუინებს ეკუთვნით. აქ უამრავი ტიპის კემპინგი ყოფილა. აქვთ თხის მატყლისგან ნაქსოვი კარვებიც და ბეტონით და ქვით ნაგები ბანაკებიც, როგორც გიდი გვიყვება და ჩვენც ვხედავთ, ვადი რამში ყველანაირი კემპინგია, მდიდრულიც და უბრალოც. ზოგი ტრადიციული ცეკვების საღამოებს მართავს, ზოგი კოცონს ანთებს და ღამის ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ასე რომანტიულად აყურებინებს სტუმრებს.  ჩვენი კემპინგი საშუალო კატეგორიის საცხოვრებელია, თავისი ნაქსოვი კარვებით, ჭრელი ხალიჩებით, არაფატიანი ბედუინებით და მზის პანელებით, სხვათაშორის, არც WIFI ინტერნეტია აქ უცხო.

*ბანაკი ვადი რამიში. იორდანია

შემდეგ ინტერნეტში მოვიძიე მაღალი კლასის ბანაკები (მაგალითად, Captains Camp Luxury Cave Accommodationდა ძალიანაც მოვიხიბლე, მაგრამ ერთი ღამისთვის, რომლის გატარებას ისედაც ცის ყურებაში ვაპირებ, არ ჩავთვალე საჭიროდ ბიუჯეტის დატვირთვა.

რითაა ცნობილი და საინტერესო “ვადი რამი”: ის იუნესკოს მიერაა დაცული და ეკო-ტურისტებისათვის ძალიან საინტერესო ადგილზეა. აქლემებზე სეირნობა, ჯიპ საფარი, კლდეებზე ცოცვა, ულამაზესი მზის ჩასვლების და ამოსვლების ფოტოგრაფირება და ბოლოს და ბოლოს, მოკამკამებულ ღამის ცაზე დაკვირვება უამრავ ადამიანს იზიდავს აქეთ.

ამ მარსის ზედაპირივით ადგილას რამდენიმე ფილმია გადაღებული, მათ შორის  The Martian, მთვარის ეპიზოდები საკულტო ფილმში StarWars Rogue One, ასევე აქაა გადაღებული რამდენიმე ეპიზოდი ფილმისათის Lawrence of Arabia.

მზის ჩასვლამ რომ არ გამასწროს, სასწრაფოდ გავრბივარ გარეთ და სულ ესაა, რასაც ვხედავ:

მისტერ ლოურენსიც კი დაიქანცებოდა გრძელი გზით და აუცილებლად მოიკითხავდა საჭმელ-სასმელს. ესეც მოკრძალებული შვედური მაგიდის გარე ბიძაშვილი. გემრიელია სხვათაშორის ყველაფერი. გიტარა, აქლემები, გრძელ გალაბეიანი ბედუინები. ამასობაში მზეც ჩავიდა.

სულ დაღამდა…

და ძალიან ვნანობ, რომ ამდენი წელია მძლავრი და ლინზიანი ფოტო აპარატი არ შევიძინე. წეღან კარგად ვიგდებდი იაპონელ და კორეელ ტურისტებს, მძიმე აპარატურას დაათრევენ-თქო. თურმე, ღამით გადაღებისათვის ჩემი ტელეფონი არ გამოდგება. იმისათვის, რომ ჩემი გადაღებული კი არა ნაცოდვილარი ფოტოებით გული არ გატკინოთ, გუგლში მოძიებულ ანალოგებს ვურთავ ამ ტექსტს.

ესეც მიკელე, ჩემი ავტობუსის თანამგზავრი და ყალიონის გამზიარებელი იტალიელი.

გითხრათ, როგორია უდაბნოს ღამის ცა? როგორი და მიქელანჯელო რომ დახატავდა ისეთი, კიდევ  შოპენი რომ დაუკრავდა ისეთი, კიდევ დანტე ალიგიერი რომ მოყვებოდა ისეთი და კიდევ, კიდევ ჰამლეტ გონაშვილი რომ იმღერებდა ისეთი, ანუ, აღმაფრთოვანებელი. „ირმის ნახტომი“, „რძის გზა“, „კასიოპეა“, მილიარდობით ციმციმა სხეული ზევიდან დაგვყურებს. ისეთი სილამაზეა კოცონის გარშემო, რომ მგონია, ღმერთი ამ ცეცხლზე ხელებს ითბობს (ძაან გამიტაცა წერამ). არა, მართლა, ჩვეულებრივი მოკვდავი ვერაფრით ვერ აღწერს ოქტომბრის ღამის ცის სილამაზეს ვადი რამის თავზე.

ტკბილად ვიძინებ საბანზე დამატებით პლედგადაფარებული. უდაბნოში ოქტომბერში ხომ საკმაოდ გრილა ღამით, სადღაც 10-12 გრადუსია გარეთ.

გათენებულზე საუზმის შემდეგ ავტობუსი გვაკითხავს. ვიზლაზნებით ჩასაჯდომად და არ მჯერა, რომ უდაბნოში გატარებული ღამე სიზმარი არ იყო. რამდენჯერ მინახავს ღამის მოკამკამებული ცა, მაგრამ ასეთი შეგრძნება არცერთ ვარსკვლავთცვენას არ მოუტანია, არც რაჭაში, არც სინას მთაზე, არც შუა ზღვაში. ეტყობა, უდაბნოს კემპინგის განწყობაა დამნაშავე.

1 საათი ვსერავთ უდაბნოს ჰორიზონტს. ვბრუნდებით აქაბაში. ნაცნობი უზარმაზარი და მაღალზე მაღალი დროშა, აქაბას აეროპორტის სარეგისტრაციო დარბაზი, შუკრან და სალამ ალეიქუმ, ძვირფასო ჰასან! (სხვათაშორის ჩვენი გიდი ჩერქეზული წარმოშობის სიმპათიური ბიჭია, თავისი სამშობლოდან წინაპრების სევდიანი ისტორიით. სხვათაშორის, ახლო აღმოსავლეთში ჩვენებურ საცივს „Cherkesian Chicken’-ს, ქათამს ჩერქეხზულად ეძახიან. საზღვარი, 10 დინარი მოსაკრებელი და რეისამდე Duty Free Shops.

აქაბას დუთი ფრი სულაც არაა იაფი, მაგრამ ვინაიდან აქ ვარ და მაინც თვითმფრინავს ველოდები, ბარემ ჩემ საყვარელ „ბეილისს“ ვყიდულობ. გამყიდველმა ბოთლი საგულდაგულოდ შეფუთა ათასსტიკერიან შავ პარკში და დიდი ზარზეიმით გამომიწოდა. აღარ მომიწევს შარმში დარჩენილი საღამოების ადგილობრივი ვისკით გატყამპალებული ირლანდიური ყავით თავის შეყოლიება.

კვლავ ფრენა აქაბადან ქაიროში, მერე ქაიროდან შარმ ელ შეიხში და შევდივარ სასტუმროს ფოიეში. აჰმედს, ჩემი ტრასნფერის გიდს ხელს ვართმევ და მადლობას ვუხდი დახვედრისათვის. ამ დროს ფოეის ბარიდან ხელგაშლილი გამორბის პუტკუნა ჟღალთმიანი ირლანდიელი ტურისტი და მეხვეწება:

– “Can you sell that Bailey’s, love?”
მეთქი, ჩემთვის მინდოდა და ძალიან თუ გინდა და გენატრება, ისე გაჩუქებთქო. ვეკითხები, რანაირად იცნო შავ პარკში იმ სიშორიდან „ბეილისი“ იყო თუ „ტია მარია“.

– “Bailey’s bottle shape can never be mistaken for any other drink and it is Irish, love!”
ეგ ფორმა არაფერში ამერევა, მეც ხომ ირლანდიელი ვარ, ჩემო მტრედოო.

ბოლოს მე და Conor ვთანხმდებით, რომ საღამოს მის ოჯახთან ერთად ტერასაზე ჩავუსხდებით ჩვენს საყვარელ კრემ-კარამელის ლიქიორს და რაგბზეც ვისაუბრებთ. ცოტა დრო მაქვს გადავხედო „ბორჯღალოსნების“ საგმირო საქმეებს, საღამოს ხომ დიდი ბეილის ფართია და ირლანდიელ „მწვანე სამყურებს“ უნდა ვეტყლარჭო. თუ როგორ ვიბრძვით Six Nations-ში შესვლისთვის.

ნაშუადღევი. მზეზე მიფიცხებულს, ფეხის გულზე კვლავ თბილი ქვიშა მელამუნება, თვალებს ვხუჭავ და ისევ ის კადრი: ტყავის ქურთუკიანი, შლაპიანი ცხენოსანი მოწითალო უდაბნოში ცხენს მიაჭენებს, წრედ დახვეული მათრახი ფეხზე ადი-ჩადის და ისევ ჯონ უილიამსის სათავდაგასავლო აკორდები – პამპარამ, პამ, პამ, პა რამ, პამ პა რა პამ, პამ პარაამრამ რამ!

დროებით, ჯორდან, დროებით ინდი!


Be carefully, though, not view pressperson site to get caught up in the pressure of blogging.