ვენა – გენერალური რეპეტიცია

ვენაში იმდენად ცოტა დრო დავყავი, მისი ბოლომდე და სრულფასოვნად შეგრძნება გამიჭირდა … შტეფანსპლაცზე მოსეირნე გამოპრანჭული, ვუალიანი ქალბატონები, აკადემიურად გამოწყობილი, უსიმპათიურესი მამაკაცები, ამინდის შესაფერისად მოკაზმული შინაური ცხოველები (კატები, ძაღლები) და რინგ შთრასეზე წრიულად მოძრავი ტესლას მარკის (თითქმის სრული უმრავლესობა), ძვირადღირებული ავტომობილები, მაშინვე მიგახვედრებთ, რომ ამ ქალაქში ცხოვრების დონე ასტრალშია გასული …

ამ ქალაქში ცხოვრების დონე ასტრალშია გასული …

ვენაში ბუდაპეშტიდან ჩავედი, ერთი შეხედვით – ორივე შუაგული ევროპაა, ორივე ულამაზესია, ორივე უსუფთავესია, მაგრამ მაინც არის თვალშისაცემი სხვაობა – ავსტრიის დედაქალაქში სვეტსკობის სურნელი პირდაპირ ჰაერში ტრიალებს!

ბუდაპეშტის შესახებ ბლოგში საარაკო სიცივე რომ ვახსენე, ხომ გახსოვთ? აი, ზუსტად ეგ ამბავი დაგვხვდა მე და ქეთის ვენაში და ცხოვრებაში პირველად მივხვდი ‘ნორკის’, ‘კარაკულის’, ‘შინშილის’ შუბა-თავსაბურავების, ზოგადად, ბუნებრივი თუ ხელოვნური ბეწვეულის ფუნქცია-დანიშნულებას დედამიწაზე! თუმცა თოვლმა, ყინვამ, ჭყაპმა და ქარმაც კი ვერ შეძლო იმ ენით აუწერელი შთაბეჭდილებების გაქარწყლება, ამ დიდებულმა ქალაქმა რომ დაგვიტოვა!

ბელვედერის მუზეუმი/Belvedere

… მე და ქეთი ვენას კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მისიით ვეწვიეთ – გალერეა „ალბერტინა“ ნიკო ფიროსმანის გარდაცვალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობდა, რაც დამეთანხმებით, #აუცილებლადსანახავზე მეტი იყო და ნიკოსთან ‘check in’-ის შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდით?!

ვენა საოცარი ქალაქი რომ არ იყოს, იმ ყინვაში 2-3 საათიანი რიგები ყველგან, მუზეუმსა თუ კაფეში არ იქნებოდა და სწორედ აქ, მონეს, მუნკის, დელაკრუას, მაგრიტის, პიკასოს, როდენის, მატისის, მიროს, პისაროსა და კიდევ უამრავი გენიოსის გვერდით, ჩვენი, ასევე გენიოსი ნიკალას გამოფენამ წარმოუდგენელი სიამაყით, ემოციით და სიხარულით აღგვავსო.

ვენის „ალბერტინა“-მ, 2018 წლის შემოდგომიდან, 2019 წლის 27 იანვრამდე ნიკო ფიროსმანის გამოფენას უმასპინძლა, რომელიც მხატვრის გარდაცვალების 100 წლისთავს ეძღვნებოდა

ვენაში ჩვენი, სულ რაღაც, 2 დღიანი ვოიაჟი, მსოფლიო შედევრებისათვის ერთი თვალის შევლება და თუნდაც 5 ან 6 საათის გატარება საგამოფენო სივრცეებში, ნამდვილად არ იყო საკმარისი. საოცრებაა, თუმცა ამ ყველაფერს გონება ვეღარ იტევს, ვეღარ აღიქვამს სათანადოდ … მეტი დრო გჭირდება და შესაბამისად დაბრუნების სურვილიც უცილობლად გიჩნდება …

… მოკლედ, გადაწყდა, მე და ქეთი ვბრუნდებით ვენაში, ოღონდ მწვანე სეზონზე და ეგებ მაშინ მაინც, მოცარტი ქუჩაში თუ არ შეგვხვდება, ოპერის თეატრში დავესწროთ გენიოსი ავსტრიელი კოპოზიტორების შედევრებით შთაგონებულ წარმოდგენას!

ისევ და ისევ, უდიდესი მადლობა ქეთის, იმ სუსხში გმირულად რომ შეხვდა ყველა ჩემს შეთავაზებას და 2 დღეში მოვასწარით ვენის დიდებულების სრულად თუ არა, ნახევრად აღქმა!

მოკლედ, აბა გავიქეცით ვენაში …

მოგზაურობის პერიოდი, 4-5 იანვარი, 2019 წელი.

P.S. ყველა ფოტო არის თავად ჩემი გადაღებული.

ვენა

ვენა, თითქმის 2 მილიონამდე მოსახლეობით სრულიად ავსტრიის მასშტაბით უდიდესია. ის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ქალაქად იწოდება და საკუთარი ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიით მსოფლიო კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

ქალაქი სადაც ოდესღაც მოცარტი, შუბერტი, ბეთჰოვენი, ჰაიდნი და შტრაუსი ცხოვრობდა უდაოდ მსოფლიო კლასიკური მუსიკის ცენტრია და შემოგარენის თვალის მოკვრის წამიდან, კულტურული შოკის მიღება გარანტირებული გაქვთ.

ვენის ცენტრი

მიუხედავადად იმისა, რომ საკმაოდ მასშტაბურია, ვენის ფეხით მოვლაც კი რეალობასთან ახლოსაა. ასე, რომ არ მოიკლოთ „საშინლად“ მოწესრიგებული ქალაქის დეტალურად შესისხლხორცების სიამოვნება და გახსოვდეთ, ამას მხოლოდ ფეხით სიარულით მოახერხებთ!

ვენაში #აუცილებლადსანახავების სია ძალიან გრძელია, თუმცა მე იმაზე გიამბობთ 48 საათში რისი ნახვა შევძელით: ბელვედერის მუზეუმი/Belvedere; ალბერტინას მუზეუმი/ Albertina; ვენის სახელმწიფო ოპერა/Vienna State Opera; წმინდა სტეფანეს ტაძარი/ Stephansdom; შტეფანსპლაცი/Stephansplatz; ჰოფბურგი/Hofburg; კარლსრიხის ეკლესია/Karlskirche და ყველაფერი, რისი ფეხით შემოვლაც მოვასწარით.

გაჩერება #1: ბელვედერის მუზეუმი/Belvedere – მოკლედ, ეს ის ადგილია მეორე რიგში (პირველი „ალბერტინა“-ში ნიკალას ნახვა იყო) რომლის ხათრითაც ვენას ვეწვიე! მესამე და მეოთხე რიგში კი, სხვა დანარჩენი სილამაზეებისა, თუ მოცარტის შოკოლადების მისართმევად ჩამოვედი აქ!

ბელვედერის მუზეუმი/Belvedere

მე-17 საუკუნეში აგებული „ბელვედერი“-ს კომპლექსი, ვენის და ზოგადად ავსტრიის ისტორიის უმნიშვნელოვანესი შენობაა, ის თავისი დროის ერთ–ერთი უდიდესი მთავარსარდლის, სავოის პრინცის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. ბაროკოს სტილის კომპლექსი 2 სასახლეს, ორანჟერეას და ე.წ. სასახლის თვალებს აერთიანებს. ამჟამად აქ ავსტრიის უმნიშვნელოვანესი ხელოვნების ნიმუშებია განთავსებული, მუზეუმი 4 სართულიანია და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

გუსტავ კლიმტი, პლანეტის ულამაზესი „კოცნა“

ვალდმიულერი, ბედერმეიერი, სეზანი, დეგა, ვან გოგი, მონე, მანე, პისარო, რენუარი, კოკოშკა, როდენი, ასევე უამრავი სხვა შედევრი და რაღა თქმა უნდა გუსტავ კლიმტის მსოფლიოში უდიდესი ოქროსფერი კოლექცია ერთ სივრცეში, წარმოსახვას თითქმის სცდება, ხოლო პლანეტის ულამაზესი „კოცნ“-ის (1907-1908) ხილვა, კი ნამდვილად არის იმის წინაპირობა, რომ მე უკვე ერთით ნაკლები ოცნება მაქვს!

გარდა „კოცნისა“ „ბელვედერი“ სრულად აღგაფრთოვანებთ, ამდენი ფერი, ამდენი სილამაზე და ზოგადად ამდენი წესრიგი თითქმის ‘აუტანელია’

გარდა „კოცნ“-ისა „ბელვედერი“ სრულად აღგაფრთოვანებთ, ამდენი ფერი, ამდენი სილამაზე და ზოგადად ამდენი წესრიგი, თითქმის ‘აუტანელია’.

როგორ მივიდეთ: „ბელვედერ“-ამდე უახლოესი მეტრო: U1 Südtirolerplatz (მეტროს პირველი, წითელი ხაზი) მიგიყვანთ და 15 წუთი ფეხით სიარულიც მოგიწევთ, თუმცა #18, #O, #D ტრამვაი, ზუსტად ადგილზე ჩამოგსვამთ.

სამუშაო საათები და შესვლის საფასური: კომპლექსში მდებარე მუზეუმები ყოველდღიურად, დილის 9-დან საღამოს 6-მდეა ღია (კლიმტის ოქროსფერი კოლექცია ე.წ. Upper Belvedere-ში დევს), შესვლის საფასური კი 16 ევროა.

გაჩერება #2: ალბერტინას მუზეუმი/ Albertina – აუცილებლად სანახავების სიიდან არ ამოიღოთ! ჯერ ერთი – ძალიან საინტერესო სანახაობაა, ხელოვნების ათასობით ნიმუშს იტევს და თან მისი კიბის დეკორაცია იმის მიხედვით იცვლება, თუ რომელი ცნობილი მხატვრის ნამუშევრებია, იმ ეტაპზე მუზეუმში წარმოდგენილი, მაგრამ ზამთრის პერიოდში კიბეზე არაფერია მოხატული.

ალბერტინას მუზეუმი/ Albertina

ვენის „ალბერტინა“-მ, 2018 წლის შემოდგომიდან, 2019 წლის 27 იანვრამდე ნიკო ფიროსმანის გამოფენას უმასპინძლა, რომელიც მხატვრის გარდაცვალების 100 წლისთავს ეძღვნებოდა. 50 წლის წინ კი ნიკალა პარიზში, „ლუვრ“-ში გამოიფინა.

ვენის „ალბერტინა“-მ, 2018 წლის შემოდგომიდან, 2019 წლის 27 იანვრამდე ნიკო ფიროსმანის გამოფენას უმასპინძლა, რომელიც მხატვრის გარდაცვალების 100 წლისთავს ეძღვნებოდა

როგორ მივიდეთ: „ალბერტინა“ ვენის ოპერის სიახლოვეს მდებარეობს და იქამდე მეტროსადგურები: U1 წითელი, U2 მწვანე და U4 იასამნისფერი ხაზები, მეტროსადგურ Karlsplatz-ზე მიგიყვანთ.

სამუშაო საათები და შესვლის საფასური: მუზეუმი ყოველდღიურად, დილის 9-დან საღამოს 6-მდეა ღია, შესვლის საფასური კი 16 ევროა.

გაჩერება #3: ვენის სახელმწიფო ოპერა/Vienna State Opera – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საოპერო თეატრია ევროპასა და ზოგადად მთელ მსოფლიოში. ნეო-კლასიკური სტილის ნაგებობა მე-19 საუკუნეში აშენდა და დღემდე ქალაქის ინტერიერის უმიშვნელოვანესი ნაწილია. თეატრი 1869 წლის 25 მაისს, მოცარტის „დონ ჟუანით“ საზეიმოდ გაიხსნა.

ვენის სახელმწიფო ოპერა/Vienna State Opera

მეორე მსოფლიო ომის დროს, შენობა თითქმის სრულად განადგურდა და მხოლოდ 1955 წელს დასრულდა მისი აღდგენითი სამუშაოები. უკვე მრავალი ათეული წელია ოპერის სახლში ყოველწლიურად ვენური მეჯლისი იმართება და ამ ბრწყინვალე ტრადიციის დამსწრე თუ გახდებით, ვენის სრულყოფილად შეგრძნებას მგონია მხოლოდ მაშინ შეძლებთ (მე სამწუხაროდ ეს ბედნიერება ამჯერად არ მხვდა წილად და ოპერის შენობა მხოლოდ გარედან ვნახე).

ვენის სახელმწიფო ოპერა/Vienna State Opera

როგორ მივიდეთ: ოპერა შტეფანსპლაცის სიახლოვეს მდებარეობს, უახლოესი მეტროსადგური კი არის: U1 წითელი, U2 მწვანე და U4 იასამნისფერი ხაზები, მეტროსადგური Karlsplatz, გალერეა „ალბერტინა“-ს გვერდით.

სამუშაო საათები და შესვლის საფასური: ღირსშესანიშნაობა დამთვალიერებლებისათვის ყოველ დღე, ორშაბათის გარდა, დილის 10-დან საღამოს 6 საათამდეა ღია და შესვლის საფასური, მუზეუმის ჩათვლით 9 ევრომდე დაგიჯდებათ.

გაჩერება #4: შტეფანსპლაცი/Stephansplatz, იგივე სტეფანეს მოედანი ვენის გულია. უამრავი ღირსშესანიშნაობით, მაღაზიებით, შოკოლატერიებითა და ულამაზესი კაფეებით დახუნძლული მოედანი, ტურისტების თავშეყრის საყვარელი ადგილია.

მოკლედ, ერთი „ელისის მინდვრები“, რომ ყველა ქალაქს აქვს, აი, სწორედ იმ სერიიდან გახლავთ შტეფანსპლაციც და მისი შემოგარენიც.

შტეფანპლაცი/Stephansplatz

შტეფანსპლაცზე შეგიძლიათ იშოპინგოთ კიდეც (ზარადან და მისთანებიდან დაწყებული, კრისტიან დიორის და მისთანების ჩათვლით), ისეირნოთ კიდეც, გემრიელადაც მიირთვათ და გადასარევადაც განიტვირთოთ, მოკლედ #აუცილებლადჩასავლელია.

როგორ მივიდეთ: მოედნამდე მისასვლელი მისივე მოსახელე მეტროსადგურია: U1 Stephansplatz (მეტროს პირველი, წითელი ხაზი).

გაჩერება #5: მსოფლიოში ყველაზე მაღალი წმინდა სტეფანეს ტაძარი, იგივე შტეფანსდომი/Stephansdom მე-12 საუკუნეში აშენდა და ლამის სრულიად ავსტრიის სიმბოლოდ იქცა. კათოლიკური ეკლესია, რომელიც ჰაბსბურგების ეპოქას ეკუთვნის, მეორე მსოფლიო ომის დროს ძალიან დაზიანდა, თუმცა 7 წელიწადში აღადგინეს და მსახურება დღემდე აქტიურად მიმდინარეობს.

შტეფანსდომი/ Stephansdom

გოთიკური სტილის ნაგებობა ულამაზესი სანახაობაა, როგორც შიგნიდან, ისე გარედან, და ქალაქის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, მისი სამრეკლოდან გადაშლილი ხედი კი გულგრილს ნამდვილად არ დაგტივებთ.

შტეფანსდომი/ Stephansdom

როგორ მივიდეთ: ტაძრამდე მისასვლელი მეტროსადგურია: U1 Stephansplatz (მეტროს პირველი, წითელი ხაზი).

სამუშაო საათები და შესვლის საფასური: კათედრალი ყოველ დღე, დილის 7-დან საღამოს 10-მდე მასპინძლობს მლოცველებსა თუ მნახველებს, სამრეკლოებამდე ასვლისათვის და ხედით ტკბობისათვის კი 5 ევროს გადახდა მოგიწევთ.

გაჩერება #6: ჰოფბურგი/Hofburg, მე-13 საუკუნეში აგებული საიმპერატორო სასახლე, დღემდე გარდამტეხ როლს ასრულებს ავსტრიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. საუკუნეების მანძილზე, ის ევროპის ძლევამოსილი სამეფო დინასტიების, მათ შორის ჰაფსბურგებისა და რომისა, თუ ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მმართველთა ზამთრის რეზიდენციას წარმოადგენდა.

ჰოფბურგი/Hofburg

ამჟამად აქ მუზეუმი, მინისტრების კაბინეტები და ასევე ავსტრიის პრეზიდენტის სამფლობელოა. დღესდღეობით საზოგადოებისათვის სასახლის მხოლოდ 3 ნაწილია გახსნილი, როგორებიცაა: ავსტრიის დედოფალ ელიზაბეტისადმი მიძღვნილი სისის მუზეუმი, საიმპერატორო საგანძური და საიმპერატორო აპარტამენტები.

როგორ მივიდეთ: სასახლემდე მეტრო: U1 Karlsplatz (მეტროს პირველი, წითელი ხაზი) მიგიყვანთ.

სამუშაო საათები და შესვლის საფასური: ღირსშესანიშნაობა ყოველ დღე, დილის 9-დან საღამოს 5:30-მდეა ღია, შესვლა კი 15 ევრომდე დაგიჯდებათ.

გაჩერება #7: კარლსრიხის ტაძარი/Karlskirche, იგივე წმინდა კარლოსის ეკლესია ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილია ვენაში. ტაძარი მე-18 საუკუნით თარიღდება და დიდი მისია აკისრია – ის შავი ჭირისაგან მცველ ეკლესიად იწოდება. უჩვეულო და ულამაზესი არქიტექტურის, უძველესი რომაული და ბერძნული სტილისათვის დამახასიათებელი ელემენტების მქონე ნაგებობა, ყველაზე ცნობილი ბაროკოს სტილის შენობაა ვენაში.

კარლსრიხის ტაძარი/Karlskirche, იგივე წმინდა კარლოსის ეკლესია

როგორ მივიდეთ: ეკლესია ვენის ოპერის სიახლოვესაა, უახლოესი მეტროსადგური კი არის: U1 წითელი, U2 მწვანე და U4 იასამნისფერი ხაზები, მეტროსადგური Karlsplatz.

სამუშაო საათები და შესვლის საფასური: ეკლესია ყოველდღიურად, დილის 9-დან საღამოს 6 საათამდეა ღია და შესვლა სრულიად უფასოა, თუმცა პანორამული ლიფტიდან გადაშლილი ხედით ტკბობისთვის 8 ევროს გადახდა კი მოგიწევთ, თანაც მთავარია ნისლი არ იყოს, თორემ არც ხედია და არც ლიფტით მგზავრობა ღირს.

#ბონუსი: ვენური შნიცელი, შტრუდელი, ზაჰერის ტორტი და მოცარტის შოკოლადები … ვენის გასტრონომიული დიდებულების სრულყოფილად შეგრძნება ვერ მოვასწარი, თუმცა #აუცილებლადდასაგემოვნებელი ოთხეული მაინც მივირთვი: ვენური შნიცელი, შტრუდელი, ზაჰერის ტორტი და, რაღა თქმა უნდა, მოცარტის შოკოლადები.

ზაჰერის ტორტი

აი, მწვანე სეზონზე რომ დავბრუნდები ვენაში, ადგილობრივ გასტრონომიულ კოლორიტზე დეტალურად მაშინ დავწერ, ახლა 48 საათში გასინჯული გემოები თავში ისე ვერ დალაგდა, რაიმე ენამოსწრებული წამომაცდენინოს, ჰოდა ამჯერად ფოტოებს უნდა დასჯერდეთ …

სასარგებლო რჩევები:

  • ვენა და ზოგადად ავსტრია ზამთარში უცივესი მხარეა, შესაბამისად მოემზადეთ, თორემ თუ შეგცივდათ, ვერც სილამაზეს აღიქვამთ და სიამოვნების მიღებაზე, ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი;
  • ბუდაპეშტის მოსანახულებლად ჩასული ტურისტების 100 თუ არა 98 პროცენტი მაინც სტუმრობს ავსტრიის ულამაზეს დედაქალაქს. ის ქალაქიდან 250 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და იქ მოსახვედრად ყველაზე კომფორტული გზა მატარებლით ან ავტობუსით მგზავრობაა. ბუდაპეშტის კელეთის რკინიგზის სადგურიდან ვენის მიმართულებით მატარებლები ყოველ დღე, 30 წუთის ინტერვალით დადიან. რკინიგზამდე მოსახვედრად კი მეტროს შემდეგი სადგურები გამოგადგებათ: M1 ყვითელი, M4 მწვანე ხაზები, მეტროსადგური: Keleti pályaudvar. თუ გსურთ იაფიანი ბილეთები შეგხვდეთ, აუცილებლად წინასწარ შეიძინეთ აი, ამ ვებ-გვერდიდან: www.goeuro.com (დაახლოებით კი, 2 გზა 25-30 ევრომდე დაგიჯდებათ);
  • ბუდაპეშტისგან განსხვავებით ვენაში სასტიკად ერიდეთ ჯიბის ქურდებს, ყველგან – საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან დაწყებული, მუზეუმების რიგებით დამთავრებული;
  • მოემზადეთ, ყველგან – კაფეში, რესტორანში თუ მუზეუმში მოგიწევთ უგრძეს რიგებში დგომა!
  • ზამთარში ვენაში 16:00 საათზე უკვე სრული სიბნელეა, ამიტომ დღე ძალიან ადრე დაიწყეთ;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ძალიან ძვირია – 1 გზა 3 ევრომდე ღირს, ამიტომ აუცილებლად იმდენ დღიანი ბილეთი შეიძინეთ, რამდენი დღეც გაჩერებას გეგმავთ! მაგალითად მე, 2 დღიან ულიმიტო ბილეთში (მეტრო, ტრამვაი, ავტობუსი) 13 ევრო გადავიხადე;
  • გალერეა „ალბერტინა“-ს მოპირდაპირედ მდებარეობს 2 უცნობილესი კაფე-რესტორანი: „მოცარტი“ და „ზაჰერი“, თუ გეყოფათ ნერვები და შიგნით მოსახვედრად ცოცხალ რიგში ჩადგებით, საუკეთესო შნიცელს, შტრუდელს და ზაჰერის ტორტს მეჭამთ (მე ნერვი არ მეყო და არანაკლებად გემრიელი რამე-რუმეები მივირთვი, ოღონდ სხვაგან);
ცოცხალი რიგი ზაჰერის ტორტის საჭმელად
  • ნუ გერმანულ სიტყვებს არა თუ ვიმახსოვრებ, არამედ ვერც კი ვიმეორებ! შესაბამისად ‘Auf Wiedersehen’-ით და ‘Guten Tag’-ით შემოვიფარგლები;
  • და კიდევ ვენა საკმაოდ ძვირიანი ქალაქია, აი ზუსტად ისეთი ფასებია, მისი ცხოვრების დონეს რომ შეესაბამება, ჰოდა ნუ გაგიკვირდებათ!

ამჯერად სულ ეს იყო რისი გაზიარებაც თქვენთვის მსურდა, ანუ ‘გენერაული რეპეტიცია’ … შევხვდებით ვენაში ისევ … ‘პრემიერაზე’ …

ვენის ტურისტული რუკა

It had to offer something unique that none of the other books http://www.themarketingblog.co.uk/2019/08/best-content-marketing-tools-to-develop-and-promote-your-website/ offered.