შესანიშნავი ივლისი მალტაზე

სანამ გავფრინდებოდი ბევრს ვფიქრობდი თუ როგორია ის, რასაც ყველაზე ბანალური ნათქვამით ასე ეძახიან: სამოთხე დედამიწაზე.

კი, მალტას ზუსტად ასე ეძახიან.

ვინც უკვე ნამყოფი იყო, მშურსო – მომაძახა. ვინც ნამყოფი არ იყო, წავალო – დამემუქრა.

მე ჯერ მხოლოდ თხრობით ვიცოდი ის, რაც მალე ჩემი თვალებით უნდა მენახა.

4 ივლისიდან „სამოთხეში“ პირდაპირი ფრენები იწყება. რაც ნიშნავს იმას, რომ არ მოგიწევთ ღამის 4 საათზე თვითმფრინავში ჩატენვა. არ მოგიწევთ უძილო თავის ყველგან გადაგდება, სადაც კი ამის შანსია. შემდეგ, რომელიმე ქვეყნის აეროპორტში მეორე რეისის უსასურულო ლოდინი არ მოგიწევთ და არც ორჯერ თვითმფრინავში ახეტება და ორჯერ ხანგრძლივი ფრენა. რომ ჩახვალთ თავი არ გაგისკდებათ უძილობისგან და დაღლილობისგან. ახალჩასული მთელ დღეს არ დაკარგავთ ძილში.

4 ივლისიდან ამ ყველაფერს ასე იზამთ: ჩაჯდებით დილით თვითმფრინავში და პირდაპირ ჩაფრინდებით მალტაზე.

სულ მიკვირდა როგორ შეიძლება ჩახვიდე სადმე და ვერაფერი თქვა გარდა ამისა: “ეს არის სამოთხე დედამიწაზე”. ჩავედი თუ არა ზუსტად ეს დავწერე ფეისბუქზე: „ბოდიში, მაგრამ მალტა მართლა “სამოთხეა დედამიწაზე”.

სოფელი დინგლი
გზად მდინასკენ გავიარეთ სოფელი დინგლი. კამით სავსე მდელოებია აქ და ორგანიკ ბოსტნეულის სუნი. მიყვარს. მდელოზე ამოსული მწვანილების არომატი პურის თავთავებმა შეცვალა. ყანების გადაღმა მდინა (ძველი ქალაქი) ჩანს, მწვანე ტერასებზე შეფენილი სასწაული.

*დინგლი. მალტა

ვენახი მათემატიკური სიზუსტითაა ჩაწიკწიკებული. ჩავქანდი, ჰაერი ჩავყლაპე, ფოტოები გადავიღე. მიყვარს მალტის ევროპული ვენახები. აქ არაბული გავლენა იგრძნობა. ასევე ინგლისური, ასევე ესპანური, იტალიური. ყველაფერი არეულია აქ. ვინც მალტაზე შემოდგა ფეხი, ყველამ დატოვა თავისი კვალი.

*ხედი მდინაზე. დინგლი. მალტა

“Mehba” გესალმება წარწერა არაბულად, როგორც კი რაბათის ტერიტორიაზე შედიხარ. იქვე ინგლისელები დასეირნობენ. თურმე გადასახადებისგან შეშინებულები აქ იზამთრებენ, თიშავენ გათბობას, ზოგავენ ფულს და დასეირნობენ გოგრის ყანებში. კოლონიზატორი აქ დეტალებშია ჩარჩენილი. ჩვენს მძღოლს ჩარლი ქვია. ტელეფონის წითელი ჯიხურებიდან რეკავენ სახლებში. და კიდევ მანქანებს ესენიც “უკუღმად” მართავენ.

*მე და საკო არშბა დინგლის გადმოსახედთან

გზად პატარა და კუსკუსელა მაღაზიაში შევქანდით. რა სასაცილო მაღაზიაა. ყველაფერი პირიქითაა: მარწყვები – გიგანტური ზომის; გოგრები – პატარა, ვაშლისხელა.

*არასდროს მინახავს ამხელა მარწყვები

ასეთია სოფელი დინგლი. ფერმერების სოფელი, სადაც დახლებზე აწყვია ის ყველაფერი, რაც ყანებიდან “ამოიღო” მშრომელმა ხელებმა: ზეითუნის ზეთი, ფუნთუშები, წიწაკა, ხახვები და პომიდვრები. გლეხის შრომა ასეთი ლამაზი და ასეთი დაფასებული ჯერ არ მინახავს. და არც ასეთი ხედები.

*დინგლის გადმოსახედი

საღამოობით, როცა დაღლილი ფერმერები სახლისკენ დააპირებენ წასვლას, თურმე მარიამ მაგდალინელის სახელობის ციცქნა ტაძართან ჩერდებიან. ლოცვის თავიც არ აქვთ. სამაგიეროდ დაღლილ სხეულს სკამზე დააგდებენ და გადაჰყურებენ ჯოჯოხეთურად ლამაზ ხმელთაშუა ზღვას. ცრემლებისმომგვრელი ხედია. მეც ვიჯექი “ფერმერთა სკამებზე” და ვდუმდი ბედნიერებისგან.

*მე და საკო ფერმერთა სკამზე. დინგლი. მალტა

მდინა
პურის თავთავების მიღმა რომ ქალაქი ჩანს იქ ვიყავით. მდინა. ქალაქს თავისი კარიბჭე აქვს. “სიჩუმის ქალაქი” ასე ეძახიან მდინას, რომლის მოსახლეობა 300 ადამიანს შეადგენს, უფრო ზუსტად კი 157 ოჯახს. არისტოკრატები არიანო. 300-ივე მიიჩნევს თავს “ცისფერსისხლიანიად”. ყველაზე მდიდრები ვართ და ესპანეთის არისტოკრატიის შთამომავლებიო – არაფერი შეგეშალოთ. მათი სახლები მუზეუმებია. ცხოვრობენ თავიანთ „ბაბლში“ და იაგუარებით გამოდიან პურის საყიდლად. დიდხანს ვიდექი ერთ სრულიად გასაგიჟებელ სახლთან, რომლის აივნის სკამზე თურმე მოხუცი “თაიმსს” კითხულობს და ყავას სვამს.

*მდინა. მალტის ისტორიული დედაქალაქი

მაგრამ არავინ გამოსულა. მგონია, რომ ეს მოხუციც, რომლის შესახებ გიდები ყვებიან, ტურისტული სატყუარაა და იქნებ სულაც არ არსებობს.

ოჰ, რა გადმოსახედებია აქ. გასაგიჟებელი. ყველაფერი ხელის გულზე ჩანს. ის ყანები, მე რომ ასე მიყვარს.

მდინაში იმდენად ვიწრო ქუჩებია მზე ძლივს აღწევს. აქ ყოველთვის ჩრდილია.

*მდინას ქუჩებზე მზე ძლივს აღწევს
*მდინა კიდევ ცალკე რომანტიკაა

და მზეზე გადაყვითლებული სახურავები. მზე გეომეტრიულად ეცემა შენობებს. ლამაზია თეთრი სახლები. მოკირწყლული ქუჩებია, აი, ისეთი ფეხი რომ შეიძლება დაგისრიალდეს. ქალაქის მოედანზე, რომელიც სულ რამოდენიმე კვადრატული მეტრია ეკლესია დგას. ერთი საათი დროს აჩვენებს, მეორე – თვეს და რიცხვს.

ბირგუ
ფილმის ყურების დროს მიტირია. აი, მშვენიერი ქალაქების გამო – პირველად. ბირგუში ჩამოვჯექი და ვიტირე. ვიჯექი სკამზე და ვუყურებდი “ბირგუ მარინას”. მეთევზეებით და ნავებით სავსე ნავსადგურს.

*ბირგუ-მარინა

ნავსადგურიდან წამოსულ ნიავს თევზის და მლაშე წყლის სუნი მოაქვს. მზე კანზე „ტკაცუნობს“, მაგრამ არ გცხელა. სუნთქავ ვეებერთელა ჰაერს და ფიქრობ: როგორია “ის” აქ ვინც დაიბადა, ამ ნავსადგურთან – რა უყვარს და რა უხარია?

ბირგუს შესასვლელ კარიბჭესთან მოგვგროვდით და ქალაქში შევედით.

როგორ გაუძლოს გულმა ჩახუჭუჭებულ ძველ სახლებს, მდგოგვის მარცვლის ხელა აივნები რომ აქვს – შინდისფერი, ლურჯი, ყვითელი.

*ბირგუს ქუჩები. მალტა

შიგნით კარგი ხალხი რომ ცხოვრობს, თეთრეულს ფენს და თან ხმაურიანად გესალმება. ქუჩები ვიწროა, ყვავილებით და კატებით სავსე, სარაფნიანი გოგოები დასერინობენ. ისე მიხდება ეს ქალაქი, კი არ დავდივარ, დავფარფატებ ჩემი ყვავილებიანი კაბით.

*მე და საკო ბირგუში

იატაკი პრიალებს და მზეს ირეკლავს, ფეხი შეიძლება დაგიცურდეს. სახლებს ციცქნა კარები აქვთ და ფერადი ილუსტრაციები, რომელზეც ხან წეროები ხატია, ხან კიბორჩხალები, ხანაც იალქნიანი ნავები. და სახელები!

*წარწერა გალეას სახლი და თავად ქალბატონი გალეა

სახლს არქმევენ თავიანთ სახელებს. “ვიკას სახლი” რომ დავარქვა ჩემს სახლს. “კაზა ჯორჯიანა”, “კაზა ვალერია”, კაზა გალეა”. გადავიღეთ “გალეას სახლი” და თვითონ ქალბატონი გალეაც გამოგვივარდა. თავიდან გვეგონა გვეჩხუბა. მერე მივხდით, რომ უბრალოდ მალტურად მოგვმართა: ემოციურ ხმაურიანად. მალტურად დაიწყო ქაქანი და თან მეზობელს გადასძახა ამათ უთარგმნეო. ამ ქალაქში გემის ხელოსნები ცხოვრობენ, მეზობლობა “იტალიური” აქვთ. ანუ იმდენად შინაურულად არიან ერთმანეთთან სადილებიც გადააქვთ-გადმოაქვთ და ტკბილეულიც. გალეამ გვითხრა ერთმანეთს პატივს ვცემთ და ვინმეს თუ რამე უჭირს ყველანი ფეხზე ვართო. ვიწრო ქუჩებში ფეხით სეირნობას რომ მივრჩით, გავედით პატარა, ციცქნა მოედანზე. ფრეში დავლიე 2 ევროდ. ყავა – 1, 50 ევრო ღირს. ჩაი – 1 ევრო. ჩავუყევით გზას და პატარა ნავსადგურშიც ამოვყავით თავი. გონდოლა უკვე გველოდებოდა. გონდოლის პატრონი სიკეთით სავსე კაცი აღმოჩნდა. 13 წლიდან აქ ვმუშაობ და მამაჩემი მეთევზე იყოო. მალტაზე ყველანი ვმუშაობთ, მაგრამ იმდენი საქმეა – არ ვყოფნით, ამიტომ ბევრი უცხოელი ჩამოდის აქ სამუშაოდო. თქვენც ჩამოდით და გონდოლები გააქირავეთო. დაგვცინა და ქათინაურებიც გვითხრა.

*გონდოლას მეპატრონე ბირგუში

სად ცხოვრობთ – ვკითხეთ ჩვენ ბოლოს: მე აქ დავიბადე ბირგუში, ორი ქუჩის გადაღმა. აბა სად ვიცხოვრებო?! აი, თურმე როგორია “ის” ვინც აქ იბადება.

ვალეტა
ვალეტა! არ მაქვს არც წერის თავი, არც გადმოცემის და არც აღტაცების. წამლეკა ემოციამ და ზღვამ, სადაც არ გაიხედები ყველგან რომ ლივლივებს. ვალეტა სანდლებიანი გოგონების, ყვავილებიანი კაბების ქალაქია. ცქრიალა, შუშფარა და მჩქეფარე.

*გზად ბირგუდან ვალეტასკენ

წარმოვიდგინე აქ რომ გამეტარებინა სტუდენტობა და რომ ვყოფილიყავი ისეთი მე როგორიც მინდა რომ ვყოფილიყავი. მექნებოდა გრძელი ალისფერი თმები და ბევრი ჭორფლები ცხვირზე.

*ვალეტა

დილით შევჭამდი კრუასანებს, წავიდოდი უნივერსიტეტში და წმინდა იოანე მოციქულის ტაძრის კიბეებზე გავაკეთებდი გაკვეთილებს. მობეზრებილი მექნებოდა კარავაჯო, რომლის ყველაზე სასტიკ ტილოს პირღია უყურებენ გაოცებული ტურისტები.

*კარავაჯოს ტილო. ვალეტა. მალტა

მაგრამ მე არც ალისფერი თმა მაქვს, არც ბევრი ჭორფლები ცხვირზე, არც მალტელი სტუდენტი ვარ და კარავაჯოს მეც პირღია ვუყურებ. დიახ, ვუყურებ დიდხანს და დაკვირვებით ემოციის გარეშე შექმნილ ტილოს, სადაც თავისკვეთა ტრაგედია კი არაა, ტილოს გმირების ჩვეულებრივი საქმიანობაა. ყველა საქმეშია: ჯალათი, რომელსაც დანა აქვს აღმართული; გოგონა, რომელიც გრილი სახით ელოდება როდის დაუგდებენ თავს ჯამზე; სეირის მოყვარული პატიმრები.. მხოლოდ ერთი ქალი დგას ლოყებჩამოხოკილი. გამოდიხარ ამ “სისასტიკიდან” და ისევ თეთრი, ქუნქულა, მზიანი ვალეტა გხვდება გარეთ, რომლის ფერად აივნებს არაფერი აქვს საერთო ტაძრის ბნელ ოთახში გამომწყვდეულ სასტიკ ნახატთან.

*ვალეტა სავსეა ქუჩის მუსიკოსებით

მარსა შლოკი
“პაბლო პიკასო” გავიცანი. კეთილი მეთევზე, მზეზე გადამწვარი კანით, წყლიანი თვალებით და თევზის სუნით. როგორ გავს, დააკვირდით.

*მალტელი პაბლო პიკასო

მარსა შლოკი – ასე ქვია სოფელს, სადაც მეთევზეები ცხოვრობენ. მათი მამებიც მეთევზეები იყვნენ და ბაბუებიც. დიდი ბაბუებიც და დიდი ბაბუების მამებიც. აქ ყველა მეთევზე დიდ თევზზე ოცნებობს. ჩემი პაბლო პიკასო 6 წლის იყო ზღვაში რომ გავიდა. მისი ყველაზე დიდი თევზი 600 კილოგრამს იწონიდა და ეს 10 წლის წინ მოხდა. ბრუნდებოდა სახლში უზარმაზარი თევზით და გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა. ახლა უკვე მკლავებში ძველებური ძალა აღარ აქვს. ამიტომაც ყველაზე მეტად დიდი თევზის ეშინია. ეშინია, რომ ნახავს და ვერ ამოიყვანს. მეთევზეები აქაც პატარა სახლებში ცხოვრობენ. მათ სახლებიდან მათსავე ნავებამდე რამოდენიმე ნაბიჯია. ზღვაში გამთენიისას გადიან.

*ბავშობიდან ზღვაში
*მარსა შლოკი
*მეთევზის ქანდაკება
*კვლავ მეთევზე
*აბა თუ გამოიცნობთ
*მარსა შლოკი

ფანტასტიური ქალაქია მარსა შლოკი. კეთილი მეთევზეების სოფელი სავსე ნავებით და მომღიმარი ადამიანებით.

*ესეც მე და საკო

ზურიკ
ქალაქი ვნახე სასაცილო სახელით – ზურიკ. სანაპიროსთან შემაღლებულ გორაკებზე კაფეებია. უგემრიელესი პიცა ვჭამეთ და როგორც კი გავიგეთ, რომ ზღვაში ნავებით გასეირნება შეგვეძლო, ჩავქანდით ყველანი სანაპიროზე.

*მე ძალიან ბედნიერი

ზღვაში შეჭრილი კლდეები ოთახებივითაა. ერთ-ერთ “ოთახში” ნავები ჩვენ გველოდებოდა. ჩავხტით და გავცურეთ გამოქვაბულებისკენ. “კაპიტანმა” აზვირთებულ ტალღებში შეგვაქანა. ჩვენმა ნავმა ისეთი რწევა დაიწყო, \ მხოლოდ ჩემი კივილი ისმოდა. შევცურეთ გამოქვაბულში და ვნახეთ ისეთი ფერის წყალი, მე რომ სიტყვებს ვერ დავადებ. ფოსფორისფერ – ფირუზისფერი წყალი სავსეა თევზებით და წყლის კოროლებით.

ისეთი კამკამაა, ისეთი გამჭვირვალეა თითქოს წყალი არცაა, რაღაც მოძრავი მინა. ყველაფერს ხედავ წყლის მიღმა. გამოქვაბული წყალს ირეკლავს და ყველაფერი ისეთი ლივლივა და მისტიკურია.

*ზურიკში სულ შვიდი გამოქვაბულია

ზოგიერთი გამოქვაბული იმდენად ღრმაა, რომ უკუნი სიბნელე დგება. გამოცურავ და თაკარა მზე და ჰორიზონტია.

*ნავსადგური ზურიკში

უკანა გზაზე ნავმა ჩაგვიქროლა. ერთი მგზავრი ამაზრზენად კიოდა. ახლა ვხვდები როგორ ვკიოდი თურმე მე.

გოზო
ამ სტატუსს გადამხმარ ყანებში ვწერ. ზღვა და ტაძარი მოსჩანს, სადაც სურვილი ჩავიფიქრე.

*გოზოს ტაძარი, ზღვა და ყანები.

ასეთი ტრადიციაა აქ – კონვერტზე წერ იმას, რაც გინდა და მარიამ ღვთისმშობელმა უნდა აგისრულოს. გოზოს ყანები კაკაბაძის “იმერეთს” გაგონებს. როგორი ლამაზია ზღვაში შეჭრილი სოფლები.

*გოზოს გადმოსახედი
*გოზოს ნავსადგური

ვალეტადან ზუსტად 5 კილომეტრშია ეს ციცქნა კუნძული. სამაგიეროდ ისეთი კულტურული განსხვავებაა გოზოელებსა და დანარჩენ მალტელებს შორის, რომ გოზოზე საკუთარი დიალექტი აქვთ, საკუთარი პატრიარქი და სრულიად განსხვავებული თვისებები. უყვართ ფულის დაგროვება და არა ხარჯვაო. უყვართ ქონების ყიდვა და არა ქირობაო. ეჭვის თვალით უყურებენ ბანკს და ფულს ბალიშის ქვეშ აგროვებენო. კაცმა არ იცის სინამდვილეში როგორია აქ ხალხი. ჩვენ კი ასე მოგვიყვნენ.

გოზოს აღმართებში, იქ სადაც ცისფერი ლაგუნა და კუნძული კომინო ხელის გაწვდენაზე ჩანს, ლამაზი სახლები დგას. ფანჯრიდან მხიარულმა ქალმა გამოყო თავი. ნეტა თუ ხვდება სად ცხოვრობს? გოზო მშვიდი და აუღელვებელია. ფერადი აივნები აქ საღებავგადაცრეცილია. სანაპიროები ველური. მთავარი ხრიკი აქაური ტურიზმის სწორედ ესაა – აუთვისებელი სანაპირო. პირველად ვიყავი ასეთ სანაპიროზე. მე, ზღვა, ყვითელი ქვიშა და კლდეები. არც “სლობოდას” დაბრენდილი შეზლონგებია, არც სიმინდს ყიდიან, არც მუსიკა ისმის ბარიდან. მარტო ადამიანები და ზღვა.

*მე და გოზო

შენით უნდა გაფინო პირსახოცი, როგორც ჩემს ბავშვობაში ვაკეთებდი ხალხისგან მივიწყებულ შეკვეთილში. იცით როგორი ქვიშაა? თბილი, კარაქივით რბილი, სასიამოვნო. და ფირუზისფერი, კამკამა წყალი. კალმარებით და სიხარულით სავსე. ივლისში აქაურობა ხალხით გაივსება და კლდეებში გადებული ბილიკებიდან სულ უფრო მეტი ადამიანი დაეშვება ზღვისკენ.

გოზო ისე არ უნდა დატოვოთ  Solt Valley Window – “მარილის კლდე” რომ არ ნახოთ. მისი ომლის “ფანჯრიდან” სამყარო ჩანს.

*მარილის კლდე. გოზო

სასტიკი კლდეების ქიმზე ვუყურებ ვეებერთელა ლურჯ სივრცეს. კინოა! რა მოსაწყენი იქნებოდა სამყარო ამ ენერგიის გარეშე “ზღვა” რომ ქვია. ეს ადგილი კუნძულ გოზოზეა. ჩემს ფეხქვეშ, ათეულობით მეტრით დაბლა ზღვის ტალღებთან მეომარი კლდეებია, ეს სასტიკი ბრძოლაა. შეხედვაც მზარავს ქვემოთ, იმიტომ რომ ვიცი – ქვემოთ სიკვდილია. მირჩევნია სივრცეს ვუყურო, ლურჯ, ვეებერთელა, ლივლივა ზღვას, რომელსაც არაფერი შეუძლია გავნოს. მხოლოდ მოგცეს ზღვა ენერგია და სიხარული, ცრემლები მოგგვაროს თვალებზე და ღიმილი ტუჩებზე. ზღვას, რომელიც ჰემინგუეის მოთხრობას მაგონებს, ყველაზე კეთილ და მამაც მოხუცზე. ან კაპიტან გრანტის შვილებს, ან გაქცეულ მონტე-კრისტოს, ან კაპიტან ჯეკ ბეღურას ლამაზ თვალებს.

და იმ ტაძარში წეღან რომ ვახსენე, ჩავიფიქრე გოზოს ჯადოსნურ კუნძულზე კიდევ მოვხდე. ზღვა არის დიდი, ლურჯი სასწაული. ადრეც მითქვამს და ახლაც ვამბობ. მაგრამ აქ, ამ ჯადოსნურ კუნძულზე ზღვა ადამიანის ბედისწერაა.

*მე და საკო გოზოზე