ღმერთების თეთრი ქალაქი

არაცნობიერში ყოველთვის ვიცოდი, რომ ევროპის გაცნობა საბერძნეთით უნდა დამეწყო და დასავლური ცივილიზაციის აკვანი სხვა ქვეყნებზე ადრე აქ უნდა დამერწია, მაგრამ ღმერთების მიწაზე ფეხი მხოლოდ წელს დავდგი და ზუსტად მივხვდი, რომ ცოტაზე მეტად დამიგვიანია … თუმცა, როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! ჰოდა, ჩემი ათენური მოგზაურობაც 2019 წელს შედგა.

ათენში ჩემს მეგობრებთან ერთად ჩავედი. ადრეული გაზაფხულის გარიჟრაჟზე, თბილისიდან სუსხშეჭრილი, ძნელად თუ წარმოვიდგენდი მზის ისეთ სიკაშკაშეს და სითბოს ამ ბრწყინვალე ქალაქმა რომ დაგვახვედრა. აეროპორტიდან გამოსვლისთანავე ვიგრძენი, ჩემთვის, როგორც ამინდზე და ცის სილურჯეზე დამოკიდებული ადამიანისათვის, მითიური ქალღმერთების სამშობლო (თან მეც ხომ ნადირობის ქალღმერთის სახელი მქვია? მართალია რომაული მითოლოგიიდან, თუმცა არც ბერძნულ არტემიდაზე ვარ უარზე) ზედმიწევნით მისაღები და სასიამოვნო იქნებოდა, ჰოდა არც შევმცდარვარ!

The Acropolis/აკროპოლისი

ქალაქში გატარებული 1 კვირა, სანახაობრივად საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგით, ჩემი დაბადების დღის შეხვედრით და წლობით უნახავი საყვარელი ნათესავების მონახულებით, ერთი თვალის დახამხამებაში მიილია და ტრადიციულად დაბრუნების მძაფრი სურვილი დამიტოვა.

21-ე საუკუნისა და გათანამედროვებული ქალაქის მიუხედავად, ათასაობით წლის წინანდელი ღირსშესანიშნაობების შემხედვარემ, სრულიად გააზრებულად ვირწმუნე ოლიმპოს მთიდან მომზირალი მითიური ზევსის არსებობა და განსხვავებული ევროპული დედაქალაქის მოსანახულებლად შეძლებისდაგვარად მოვემზადე.

ღმერთების თეთრი ქალაქი

სინტაგმას მოედნიდან პლაკამდე, პლაკადან მონასტირაკამდე, მონასტირაკიდან რომაულ და უძველეს აგორამდე, შემდეგ თისიომდე, შემდეგ აკროპოლისამდე, შემდეგ იმპეტრატორ ადრიანეს ტრიუმფალურ თაღამდე, იქედან ზევსის ტაძრამდე, ტძრიდან პანათინაიკოსის ოლიმპიურ სტადიონამდე თითქოს ერთი ამოსუნთქვით მისვლაა შესაძლებელი … თუმცა თვალწინ გადაშლილი ანტიკური ისტორია ისეთ სიძველეს ხდის ხელშესახებს, ამ ყველაფერს არც ერთი და არც მილიონი ამოსუნთქვა ჰყოფნის …

The Acropolis/აკროპოლისი

მოკლედ, გამორჩეული ისტორიის მქონე, ლეგენდად ქცეული ფილოსოფოსების და მითიური ღმერთების სავანე, ოლიმპიური თამაშების უპირველესი მასპინძელი ქათქათა ათენი, #აუცილებლადსანახავია და უკვე დღევანდელი გადმოსახედიდან, კიდევ ერთხელ განვმეორდები და გეტყვით, რომ ჭეშმარიტმა მოგზაურმა მარტო ევროპის კი არა, მსოფლიოს აღმოჩენა სწორედ ათენით უნდა დაიწყოს!

ტრადიციულად, პირველ რიგში, დიდი მადლობა ჩემს ბრწყინვალე მეგზურებს ვერიკოს და ელას, მათ გარეშე ათენური არდადეგები ასეთი კაშკაშა ნამდვილად ვერ იქნებოდა!

აბა, თუ მზად ხართ, გამომყევით ქათქათა ქალაქში …

p.s. გაითვალისწინეთ ათენში სამუშაო საათები 8:00-დან 16:00 საათამდეა და მუზეუმებისა თუ ღირსშესანიშნაობების სანახავად ცოტა გადარბენაზე ყოფნა კი მოგიწევთ.

ათენი

საბერძნეთის დედაქალაქი ათენი, რომელსაც სახელი ქალღმერთ ათენას საპატივცემულოდ ეწოდა, 4 მილიონამდე მოსახლეობით, ერთ-ერთი ყველაზე განთქმული მეგაპოლისია მსოფლიოში. უძველესი, 3000 წლიანი ისტორიის მქონე თეთრი ქალაქი, სადაც ძველი ბერძენი ფილოსოფოესბი, სოკრატე, სოფოკლე, ევრიპიდე, პლატონი და მრავალი სხვა მოღვაწეობდნენ, დასავლური ცივილიზაციის აკვნის სტატუსს, ნამდვილად დამსახურებულად ატარებს.

ათენი, ძველი წელთ აღიცხვის მე-4, მე-5 საუკუნიდან მოყოლებული, საბერძნეთის წამყვანი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრია. ამ მემკვიდრეობის წყალობით ქალაქს ასობით უძველესი ნაგებობა, მონუმენტი თუ ხელოვნების ნიმუში ამშვენებს, თუმცა ყველაზე განთქმული, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი, აკროპოლისის პართენონია, ის დღემდე მოღწეული კლასიკური ბერძნული ხელოვნებისა და არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნიმუშთაგანია.

Athens/ათენი, ხედი აკროპოლისიდან

ქალაქის თვალისმომჭრელი სითეთრე, უმეტესად მზიანი ამინდი, ფირუზისფერი ცა, ზღვის პროდუქრების მრავალფეროვნება, უგემრიელესი სამზარეული, მომღიმარი ადგილობრივები და ყოველ ფეხის ნაბიჯზე სირტაკის ჰანგები, ნებისმიერი დამთვალიერებლისათვის მიმზიდველია და არც მე მოვიკელი ზევსთან საუზმობის, აპოლონთან სადილობის და ჭორიკანა ქალღმერთებთან ვახშობის სიამოვნება … ამ ყველაფერმა კი ემოციურად იმდენად ამამაღლა, “I let Athens affect the rest of my life!” (ათენს ჩემს ცხოვრებაში შემოჭრის ნება დავრთე!)

ათენში #აუცილებლადსანახავია
The Acropolis/აკროპოლისი; Parthenon/პართენონი; Theater of Dionysos/ჰეროდე ატიკოსის რომაული ოდეონი და დიონისეს თეატრი; Acropolis Museum/აკროპოლისის მუზეუმი; Hadrian’s Arch/იმპერატორ ადრიანეს ტრიუმფალური თაღი; Temple of Olympian Zeus/ზევსის ტაძარი; Syntagma Square/სინტაგმას მოედანი; The Monastiraki (Little Monastery)/მონასტირაკი; Plaka/პლაკას უბანი; Roman Agora/რომაული აგორა, ფორუმები; Ancient Agora/უძველესი აგორა; The Panathenaic Stadium/ათენის პანათინაიკოსის სტადიონი …

გაჩერება #1: The Acropolis/აკროპოლისი – იგივე ზედა ქალაქი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ათენში უდაოდ #1 სანახაობაა. ქალაქის რელიგიური და პოლიტიკური ცენტრი აკროპოლისი, პირველადი დასახლებული ადგილი გახლდათ, მის გარშემო კი ნაკლებად დაცული, ქვედა ქალაქი შენდებოდა. ის წარმოადგენდა ციხესიმაგრეს, რომელსაც ომიანობის დროს ქალაქის მოსახლეობა თავს აფარებდა.

The Acropolis/აკროპოლისი

156-მეტრიან კლდოვან ბორცვზე აგებული საოცრება ამაყად გადმოჰყურებს საბერძნეთის ქათქათა დედაქალაქს და აქ დაწყებული უძველესი ცივილიზაციის უტყუარობას 1 წამში გვიმტკიცებს. ღისშესანიშნაობის გვირგვინი კი პართენონია, ქალღმერთ ათენასადმი მიძღვნილი ტაძარი.

The Acropolis/აკროპოლისი

21-ე საუკუნეში დააბიჯებდე ჩვენს წელთ აღიცხვამდე მე-5 საუკუნეში აგებულ ადგილას, თანაც აი ზუსტად იქ, სადაც ასევე, ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მოღვაწე ბერძენი ფილოსოფოსები იყრიდნენ ხოლმე თავს, დაუჯერებელია, აბა რაა? მართლაც რომ ღმერთებო, ეს როგორ ხდება?

როგორ მივიდეთ: ათენის მთავარ ღისშესანიშნაობამდე მისვლა საკმაოდ მარტივია, უახლოესი მეტროსადგური Akropoli (M2 წითელი ხაზი) მის სიახლოვეს მიგიყვანთ, ბორცვზე კი ფეხით აუყვებით.

სამუშაო საათები და შესვლის საფასური: ღირსშესანიშნაობა ძირითადად ყოველ დღე, ორშაბათის გარდა დილის 8-დან საღამოს 7:30-მდე მუშაობს, ნოემბერი-მარტის პერიოდში კი 15:00-ზე იკეტება, შესვლა 10 ევრო დაგიჯდებათ.

გაჩერება #2: Parthenon/პართენონი – ათენის აკროპოლისზე აგებული ტაძარი – პართენონი, ქალაქში და, მე ვიტყოდი ზოგადად მსოფლიოში, უმნიშვნელოვანესი და ცენტრალური ტურისტული სანახაობაა. ის, რასაკვირველია, იუნესკოს მიერ დაცული, ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ცნობილი ძველი ბერძნული ნაგეობაა და ანტიკური არქიტექტურის უნატიფეს ნიმუშად დამსახურებულად ითვლება. პართენონი ქალღმერთ, ქალწულ ათენასადმი მიძღვნილი ტაძარია და მან ძველი წელთ აღრიცხვის მე-5 საუკუნეში სპარსელების მიერ განადგურებული, მისი წინამორბედი ჩაანაცვლა.

Parthenon/პართენონი

მრავალჭირნახული პართენონი საუკუნეების მანძილზე იყო, როგორც განძთსაცავი, ისე ქრისტიანული ეკლესია და მეჩეთიც კი. ამჟამინდელი სახით შემორჩენილი სასწაული, ნამდვილად წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს თითოეულ მნახველზე.

Parthenon/პართენონი

როგორ მივიდეთ, სამუშაო საათები და შესვლის საფასური: პართენონი აკროპოლისის ნაწილია, ასე რომ, კომპლექსიდან გაუსვლელად ისედაც წააწყდებით.

გაჩერება #3: Theater of Dionysos/ ჰეროდე ატიკოსის რომაული ოდეონი და დიონისეს თეატრი – თეატრი, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით პირველად ძველ საბერძნეთში აღმოცენდა და მასთან დაკავშრებული ტერმინოლოგიაც, პირველი დრამატული ჟანრები – ტრაგედია და კომედია აქვე შეიქმნა. ჰოდა, არსებულ თანამედროვეობაში, ამ ანტიკურობის მთელი სიმძაფრით შეგრძნება რომ შეგიძლია ადამიანს, ეს შანსი ნამდვილად უნდა გამოიყენო! მოკლედ, აკროპოლისის ფერდობზე მდებარე ჰეროდე ატიკოსის რომაული ოდეონი და დიონისეს თეატრი #აუცილებლადსანახავია, ის ხომ ზოგადად ევროპული თეატრის აკვნად მიიჩნევა.

Theater of Dionysos/ დიონისეს თეატრი

17, 000 მაყურებელზე გათვლილი ნაგებობა, ჩვენს წელთ აღიცხვამდე მე-4 საუკუნით თარიღდება და ჩვენამდე არც თუ ისე კარგად შენახულმა მოაღწია, თუმცა საერთოდაც რომ მოაღწია არაა საკვირველი?! სწორედ დიონისეს თეატრმა უმასპინძლა ანტიკური ხანის დრამატურგების, ევროპული ტრაგედიის მამების – ესქილეს, სოფოკლესა და ევრიპიდეს ტრაგედიების პრემიერებს. აღსანიშნავია, რომ ბახუსის ღმერთის, დიონისესადმი მიძღვნილი ფესტივალი აქ დღემდე იმართება.

Theater of Dionysos/ დიონისეს თეატრი

როგორ მივიდეთ: თეატრი აკროპოლისის სიახლოვეს, ფეხით 5 წუთის სავალზე მდებარეობს, აქამდეც Akropoli (M2 წითელი ხაზი) მიგიყვანთ.

სამუშაო საათები და შესვლის საფასური: ღირსშესანიშნაობა, აპრილი-ოქტომბრის პერიოდში, მნახველებს ყოველ დღე, დილის 8-დან საღამოს 8-მდე მასპინძლობს, ნოემბერ-მარტში კი საღამოს 5-მდე, შესვლის საფასური, სულ რაღაც 2 ევროა.

გაჩერება #4: Acropolis Museum/აკროპოლისის მუზეუმი – აკროპოლისის ბორცვიდან ჩამომავალი ბილიკის ბოლოს ძალიან საინტერესო მუზეუმი მდებარეობს. სიმართლე გითხრათ შესვლას არც ვაპირებდი, რადგან ისედაც ღია ცის ქვეშ მდებარე მუზეუმში არ დავაბიჯებდი? თუმცა სულმა წამსძლია და მაინც ვეწვიე … ჰოდა, ჩემმა გადაწყვეტილებამ კვლავ გაამართლა!

Acropolis Museum/აკროპოლისის მუზეუმი

მუზეუმი 2009 წელს გაიხსნა და მისი სრულიად თანამედროვე დიზაინი ჰარმონიულად ერწყმის უძველეს ისტორიულ არტეფაქტებს. მასში დაცულია აკროპოლისის გორაზე ნაპოვნი 4000-ზე მეტი უნიკალური არქეოლოგიური ნივთი და მერწმუნეთ დათვალიერებად, ნამდვილად ღირს … ხოლო მუზეუმის ტერასიდან გადაშლილი ხედი და ფინჯანი ბერძნული ყავის იქვე მირთმევა, თქვენს კულტურულ ვოიაჟს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

Acropolis Museum/აკროპოლისის მუზეუმი

როგორ მივიდეთ: აკროპოლისის ბორცვიდან ჩამომავალი ბილიკი ზუსტად მუზეუმამდე მიგიყვანთ

სამუშაო საათები და შესვლის საფასური: ღირსშესანიშნაობა ყოველ დღე, ზამთრის სეზონზე დილის 9-დან საღამოს 17:00-მდე, ხოლო ზაფხულის სეზონზე, დილის 8-დან საღამოს 20:00-მდე მუშაობს, შესვლა 5-10 ევრო დაგიჯდებათ, სეზონების შესაბამისად.

გაჩერება #5: Hadrian’s Arch/იმპერატორ ადრიანეს ტრიუმფალური თაღი – 18 მეტრის სიმაღლის ტრიუმფალური თაღი ახალი წელთაღიცხვის მე-2 საუკუნით თარიღდება და რომის იპერატორის, ადრიანესადმი არის მიძღვნილი. თაღი ქალაქის გამყოფის ფუნქციას ასრულებდა, აღმოსავლეთით მასზე შემდეგი წარწერაა დატანილი: „ეს ათენია, მეფე თეზევსის ძველი ქალაქი!“ დასავლეთ ფლიგელზე კი ვკითხულობთ: „ეს იმპერატორ ადრიანეს ქალაქია და არა თეზევსის!“ გადმოცემის თანახმად, აღნიშნული წარწერები ძველი ქალაქის ახლისგან გამოყოფის მიზნით დაიწერა, ახლისგან, რომელსაც ადრიანოპოლუსი დაერქვა და იმპერატორი ადრიანეს ტრიუმფალური გამარჯვების ადგილად მიიჩნეოდა.

Hadrian’s Arch/იმპერატორ ადრიანეს ტრიუმფალური თაღი

როგორ მივიდეთ: ტრიუმფალურ თაღამდე აკროპოლისიდან ჩასეირნებაც შეგიძლიათ, სულ 15 წუთის გზაა, ის სინტაგმას მოედნის სიახლოვეს მდებარეობს, უახლოესი მეტროსადგურია: Akropoli (M2 წითელი ხაზი).

გაჩერება #6: Temple of Olympian Zeus/ზევსის ტაძარი – აკროპოლისის სამხრეთ-აღმოსავლეთით შემორჩენილია ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი ტაძრის ნანგრევები, სადაც ფიდიასის მიერ შექმნილი, მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი, ძველბერძნულ მითოლოგიაში ცის, ელვისა და ქუხილის ღმერთის, ზევსის ქანდაკება იდგა. შემორჩენილი ნაგებობის მშენებლობა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 515 წელს დაიწყო და ახალი წელთაღიცხვის მე-2 საუკუნეში დასრულდა. ტაძარი შუასაუკუნეებში მომხდარმა მიწისძვრამ ძალიან დააზიანა, თუმცა მისი დიდებულების აღქმა, მნახველებს ამჟამადაც მარტივად შეუძლიათ. მასშტაბით პართენონზე დიდი ნაგებობა დაზიანებამდე 96 მეტრი სიმაღლის იყო.

Temple of Olympian Zeus/ზევსის ტაძარი

მოკლედ ოლიმპოს ღმერთებიდან #1-ის, ზევსის მითიურ ადგილსამყოფელში შესვლა და ფეხის დაბიჯება არის სრულიად წარმოუდგენელი შეგრძნება! #ღმერთებო მართლა ხომ არ ჩამოხვედით ისე?!

Temple of Olympian Zeus/ზევსის ტაძარი

როგორ მივიდეთ: ათენში ძველი ქალაქის ღირსშესანიშნაობები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, ამიტომ მეტროსადგურიდან Akropoli (M2 წითელი ხაზი) ყველაფერს მარტივად მიაგნებთ და ფეხით მოივლით.

სამუშაო საათები და შესვლის საფასური: ღირსშესანიშნაობა, აპრილი-ოქტომბრის პერიოდში, მნახველებს ყოველ დღე, დილის 8-დან საღამოს 7:30-მდე მასპინძლობს, ნოემბერ-მარტში კი საღამოს 3-მდე, შესვლის საფასური, სულ რაღაც 3 ევროა.

გაჩერება #7: Syntagma Square/სინტაგმას მოედანი – ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობა რაც სინტაგმას მოედანზე, ქალაქის გულში, დაგხვდებათ – ეს საბერძნეთის პარლამენტია. შენობა წარსულში სამეფო სასახლე ყოფილა და მხოლოდ მე-19 საუკუნის შუა წლებში, როდესაც ქვეყანამ კონსტიტუციური მმართველობა აირჩია, სწორედ მაშინ პარლამენტად გადაუკეთებიათ. სინტაგმას მოედანი ნებისმიერი ტიპის თავყრილობისათვის, საპროტესტო აქცია იქნება ეს თუ პირიქით, საზეიმო განწყობის დემონსტრირება, ცენტრალური ადგილია. ჰო, კიდევ პარლამენტის შენობის წინ საპატიო ყარაულის შეცვლის თვალის დევნება, რომელიც ყოველ საათში იცვლება, ნამდვილად სასიამოვნო საცქერია.

Syntagma Square/სინტაგმას მოედანი

სინტაგმას მოედნიდან კი ფეხით მონასტირაკის მოედნამდე ჩაუყევით, ოლეანდრებით, კვიპაროსებითა და ფორთოხლის ხეებით მოჭედილ ხეივანში გავლა, მერწმუნეთ ერთი სიამოვნებაა.

Syntagma Square/სინტაგმას მოედანი

როგორ მივიდეთ: სინტაგმას მოედნამდე, მეტროდადგური Syntagma (M2 წითელი ხაზი) უმარტივესად მიგიყვანთ.

გაჩერება #8: The Monastiraki (Little Monastery)/მონასტირაკი – მონასტირაკი, ანუ პატარა მონასტერი, აკროპოლისის ძირში მდებარე ერთ-ერთი უძველესი უბანია ათენში. მომცრო თუ დიდი მაღაზიები, ბუტიკები, სუვენირების ფარდულები ნამდვილ ბერძნულ სულს შეგაგრძნობინებთ, კვირაობით გამართულ ე/წ „ძველმანების ბაზრობაზე“ კი ვის აღარ გადაეყრებით აქ.

The Monastiraki (Little Monastery)/მონასტირაკი

მონასტირაკის უბანში გაერთიანებული თითოეული ვიწრო ქუჩა და ბილიკი უხსოვარი ისტორიის მემატიანეა, გზად უძველეს მეჩეთსაც შეხვდებით, მართლმადიდებლურ ეკლესიასაც და მუზეუმებსაც. მოკლედ ეს სახეტიალო ადგილია, ასე რომ ისიამოვნეთ შემოგარენით!

როგორ მივიდეთ: მონასტირაკის უბნამდე მისივე სახელობის მეტროსადგური Monastiraki (M3 ცისფერი ხაზი) მიგიყვანთ, თუმცა განვმეორდები და გეტყვით, რომ ათენში ყველა სანახაობა იმდენად ახლოსაა, ტრანსპორტი არც კი დაგჭირდებათ!

გაჩერება #9: Plaka/პლაკას უბანი– ეს ის ადგილია, რომელიც ათენში ყველაზე მეტად მოგეწონებათ, შეგიყვარდებათ და მოგენატრებათ! აკროპოლისის ჩრდილქვეშ, ანტიკური ხანის ნასახლარზე გაშენებული კვარტალი ისეთი სილამაზე და საყვარლობაა, გადმოცემაც კი მიჭირს.

Plaka/პლაკას უბანი

ვიწრო, ქვაფენილით მოკირწყლული ქუჩების ლაბირინთს ნეო-კლასიკური ხანის შენობა-ნაგებობები ამშვენებს, ფერადი სახურავები, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ყვავილები, მოცუცქნული აივნები და მთლიანად ვინტაჟური გარემო იმდენად სასიამოვნოა, მერწმუნეთ, თუ აქ ფინჯანი ყავის დასალევად შეჩერდებით, საოცარი სილამაზით გარემოცულს დრო ისე გაგეპარებათ, ვერც კი იგრძნობთ – თუმცა ნუ იდარდებთ, პლაკა „დროის კარგვად“ ნამდვილად ღირს!

Plaka/პლაკას უბანი

უბანი, ზედა და ქვედა პლაკად იყოფა და რაღაცნაირად დიდ ქალაქში მოწყობილ ციცქნა სოფელს ჰგავს, სადაც უამრავი კაფე, ბარი, რესტორანი და ბუტიკია თავმოყრილი. პლაკაზე ყოფნისას ნურსად იჩქარებთ, მას რაც მეტ დროს დაუთმობთ, მით მეტს ისიამოვნებთ!

როგორ მივიდეთ: მონასტირაკამდე ხომ უნდა მიხვიდეთ? ჰოდა პლაკას ვერ აცდებით …

გაჩერება #10: Roman Agora/რომაული აგორა, ფორუმები – რომაული აგორა, იგივე ფორუმები ისტორიას მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურებოდა ქალაქის ცენტრი ჩვენს წელთ აღიცხვამდე 1-ელ საუკუნეში, როდესაც ათენი რომის იმპერიის ნაწილად ითვლებოდა. ფორუმების მშენებლობას საფუძველი თვით იულიუს კეისარმა და იმპერატორმა აუგუსტუსმა ჩაუყარეს და ის, ანტიკური ბერძნული ფორუმების გაგრძელებადაც კი მიიჩნეოდა.

Roman Agora/რომაული აგორა, ფორუმები

რომაული აგორა იყო ქალაქის სოციალურ-პოლიტიკური ცენტრი, მოიცავდა სხვადასხვა დატვირთვის მქონე ნაგებობებს, მათ შორის სასამართლოს, მოგვიანებით უკვე სალოცავებს, სახელოსნოებს და ა.შ. ნაშთი ძველი დიდებისა აქ ყველაზე ძლიერად იგრძნობა და უკვე ვატყობ, ათასობით წლის წინანდელი შედევრები კი აღარ მიკვირს, ჩვეულებრივი მგონია. ჰოდა, რა მაინტერესებს, ბერძნები ზოგადად რაღამ უნდა გააკვირვოს, განსაკუთრებით სიძველის მიმართულებით ნეტავ?

Roman Agora/რომაული აგორა, ფორუმები

როგორ მივიდეთ: ღირსშესანიშნაობამდე უახლოესი მეტროსადგურია – Monastiraki (M3 ცისფერი ხაზი).

სამუშაო საათები და შესვლის საფასური: რომაული აგორა ყოველდღიურად ღიაა, თუმცა დილის 8–დან მხოლოდ საღამოს 3 საათამდე, შესვლის საფასური კი 6 ევროა.

გაჩერება #11: Ancient Agora/უძველესი აგორა – მე-20 საუკუნის დასაწყისში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი/ანტიკური აგორა, ადგილი სადაც სახალხო მთქმელები, ფილოსოფოსები და უბრალო მოსახლეობა იკრიბებოდა, ქალაქის ნამდვილი მარგალიტია.

Ancient Agora/უძველესი აგორა

ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 449 წლით დათარიღებული ნანგრევების გვირგვინს, ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაების, ზევსის ვაჟის, ჰეფესტოსადმი მიძღვნილი ტაძარი წარმოადგენს, სრულიად ათენის მსგავსად ეს ჯადოსნური შემოგარენიც აჯადოებს თითოეულ მნახველს და მის გარშემო გაშენებული ბაღი იმდენად დიდებულია, მჯერა ქალღმერთები საჭორაოდ სწორედ აქ მოდიოდნენ!

Ancient Agora/უძველესი აგორა

როგორ მივიდეთ: ღირსშესანიშნაობა რომაული აგორადან 5 წუთის სავალზეა.

სამუშაო საათები და შესვლის საფასური: ანტიკური აგორა ყოველდღიურად, დილის 8:30-დან მხოლოდ საღამოს 4 საათამდე მასპინძლობს მნახველებს, შესვლის საფასური კი 4 ევროა.

გაჩერება #12: The Panathenaic Stadium/ათენის პანათინაიკოსოს ოლიმპიური სტადიონი – ზოგადად სპორტის მოყვარულთა თუ არამოყვარულთათვის, პანათინაიკოსის, იგივე ლამაზი მარმარილოს სტადიონი უდაოდ საინტერესო სანახავია. ის მსოფლიოში ერთადერთი, სრულიად თეთრი მარმარილოთი აშენებული ნაგებობაა და ზუსტად ის ადგილია, სადაც ოლიმპიური თამაშების ისტორია იწყება.

The Panathenaic Stadium/ათენის პანათინაიკოსოს ოლიმპიური სტადიონი

პანათინაიკოსის სტადიონის აგების ისტორია ქრისტეშობამდე 330 წლით თარიღდება, ოდნავ მოგვიანებით კი, ახალი წელთაღრიცხვის 144 წელს, ათენში რომის იმპერიის ბატნობის დროს, იმპერატორმა ჰეროდე ატიკუსმა დაზიანებული სტადიონი სრულად აღადგინა. 50, 000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონზე შედგა პირველი ოლიმპიური თამაშები და დღემდე, მასპინძელ ქვეყანაში ოლიპიური ცეცხლის გაგზავნა ამ ადგილიდან ხდება.

The Panathenaic Stadium/ათენის პანათინაიკოსოს ოლიმპიური სტადიონი

დღევანდელი იერსახით შემორჩენილი სტადიონი კი 1896 წლის ოლიმიური თამაშებისათვის განახლდა.

როგორ მივიდეთ: სტადიონი ზევსის ტაძრიდან 10 წუთის სავალზეა.

სამუშაო საათები და შესვლის საფასური: ღირსშესანიშნაობა, ოქტომბერი-მარტის პერიოდში, მნახველებს ყოველ დღე, დილის 8-დან საღამოს 7-მდე მასპინძლობს, ნოემბერ-თებერვალში კი საღამოს 5-მდე, შესვლის საფასური, სულ რაღაც 5 ევროა.

არასეზონური #ბონუსი: ათენის ულამაზესი პლაჟები – მთელი ბლოგის განმავლობაში ათენის ხელშესახებ ანტიკურობაზე გიყვებით, თუმცა მსურს გაგახაროთ, რომ ქათქათა ქალაქი მხოლოდ აკროპოლისი და მუზეუმები არ არის, მას აქვს ულამაზესი სანაპირო ზოლი, რომელიც ევროპის დედაქალაქებს შორის ერთ-ერთი უგრძესია.

ათენის ულამაზესი პლაჟები/გლიფადას სანაპირო/Glyfada‎ Coastline

ათენის ცენტრიდან სილურჯით განთქმულ ეგეოსის ზღვის პლაჟებამდე სულ რაღაც 20-25 წუთის გზაა (სინტაგმას მოედნიდან ყოველ 15-20 წუთში #A2 ავტობუსი გადის) და განურჩევლად იმისა, არის თუ არა საბანაო სეზონი, აუცილებლად წადით – ოქროსფერი ქვიშა, ფირუზისფერი წყალი და გაზაფხულისათვის დამახასიათებელი სუსხნარევი მზე ნამდვილად ჩაგაფიქრებთ იმაზე, რომ ათენს საჭყუმპალაო სეზონზე, ყოველ მიზეზ გარეშე, უნდა ეწვიოთ!

ათენის ულამაზესი პლაჟები/გლიფადას სანაპირო/Glyfada‎ Coastline

მე გლიფადას/Glyfada‎ სანაპირო ავირჩიე და ფინჯანი ბერძნული ყავის თანხლებით, არასეზონის შესაბამისად ‘დაუსაქმებელი’ იახტების, მშვიდი ზღვისა და ცაში მოცეკვავე თოლიების ცქერით დავტკბი!

დაუგეგმავი #ბონუსი: Cape Sounion/სუნიოს კონცხი – მეგობრებო, წარმოგიდგენთ სუნიოს კონცხს, ათენიდან 77 კილომეტრში მდებარე საოცრებას! აქ უკვე 2500 წელია ცხოვრობს ზღვის ღმერთი პოსეიდონი და სტუმრებს ყოველ დღე სიხარულით მასპინძლობს! დიდებული სანახაობაა ზღვის დონიდან 60 მეტრზე, ბორცვზე აღმართული ტაძარი, სრულიად მომაკვდინებელი ხედით ფირუზისფერ ეგეოსის ზღვაზე! ისე, პოსეიდონს შესაშური გემოვნება ჰქონია და მასპინძლობაც ღმერთული სცოდნია …

ეგეოსის ზღვის ფერის შემხედვარე ზუსტად მიხვდებით, თურმე შავ ზღვას რატომ უწოდებენ შავს!

მოკლედ, თუ ათენს ეწვევით, სუნიოში წასვლა არ დაიზაროთ, აქ თქვენ ყველაზე ინსტაგენური ფოტოების გადაღებას შეძლებთ, თანაც ეგეოსის ზღვის ფერის შემხედვარე ზუსტად მიხვდებით, თურმე შავ ზღვას რატომ უწოდებენ შავს!

მეგობრებო, წარმოგიდგენთ სუნიოს კონცხს, ათენიდან 77 კილომეტრში მდებარე საოცრებას!

როგორ მივიდეთ: ათენიდან სუნიოში ერთ ან ნახევარ დღიანი ტური შეგიძლიათ აიღოთ, უმჯობესია თუ ონლაინ დაჯავშნით, მოძიება კი Google-ის საძიებო პორტალით საკმაოდ მარტივია.

#შოპინგი: Ermou Street/ერმუს ქუჩა – არ არსებობს ქალაქი რომელსაც ვსტუმრობ სიმბოლური შოპინგის გარეშე დავტოვო! მინიმუმ ერთ look-ს მაინც შევარჩევ და შევიძენ, იმიტომ კი არა რომ ის ბრენდები, რომლებშიც მე დავდივარ თბილისში არ არის, არამედ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს კონკრეტული ქალაქის ფერი აქვს, სული მოაქვს და თითოეული ნივთის მორგება დადებით მოგონებებს ამიშლის ხოლმე … ეს კი ჩემთვის ჭეშმარიტად ფასდაუდებელი შეგრძნებაა, უხილავი ბედნიერება მოაქვს და იმიტომ …

Ermou Street/ერმუს ქუჩა

ათენში საშოპინგოდ რამდენმე ადგილას შეიძლება წასვლა, გააჩნია ბიუჯეტში როგორ ხართ, თორემ ჰერმესის, პრადას, დიორის, შანელის და ბოტეგა ვენეტას მიგნებაც არაა ძნელი, თუმცა მე გაცილებით მცირებიუჯეტიან ბრენდებს დავჯერდი, ერმუს ქუჩა დავლაშქრე და ღმერთების სახელზე სიქათქათენარევი look-ი ავირჩიე …

როგორ მივიდეთ: ერმუს ქუჩა სინტაგმას მოედნის მოპირდაპირედ მდებარეობს და ერთ სივრცეშია თავმოყრილი უამრავი მაღაზია, კაფე თუ ტავერნა.

#სმაჭამადიდადშესარგი: ცოტა რამ ბერძნული სამზარეულოს შესახებაც – საბერძნეთი ზღვის პროდუქტების მოყვარულთათვის ყოფილა მიწიერი სამოთხე! მე, როგორც საშუალო სტატისტიკური გურმანი, თუ გავგიჟდი ადგილობრივ სამზარეულოზე, ზღვის პროდუქტების მრავალფეროვნებაზე, პურ-ფუნთუშეულზე, ზეთის ხილის უთვალავ ნაირსახეობაზე, ჭეშმარიტ ფეტაზე და ტკბილეულზე, წარმომიდგენია სერიოზულ გურმანებს ამ ყველაფერზე რა ემართებათ! მოკლედ, ტყუილად არ გასდევს ამ ბლოგს ღმერთების თემა ლეიტმოტივად – ღმერთების სამშობლოში კერძებიც სწორედ ღმერთების შესაფერი სცოდნიათ! მეტი დამაჯერებლობისათვის ფოტოებს გთავაზობთ …

ზღვის პროდუქტების მიქსი
ბერძნული სალათა

მეგობრებო, როგორც ხედავთ გასტრონომიული შედევრების ფეიერვერკია და საბერძნეთში დიეტაზე გაფიქრებაც კი მიუტევებელი ცოდვა მგონია მე!

სასარგებლო რჩევები:

  • ათენში მოგზაურობა წლის ნებისმიერ სეზონზე მისაღებია, აქ მარტში იმდენი მზე დამხვდა, წარმომიდგენია ზაფხულში როგორი იქნება;
  • მართალია, მე პირდაპირი რეისით არ ჩავფრენილვარ ათენში, თუმცა ავიაკომპანია ეგეოსის ავიახაზები და www.wizzair.com ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა;
  • ათენის აეროპორტიდან ცენტრამდე ტაქსი 40 ევროდ წაგიყვანთ, თუმცა არის ე.წ. Shuttle Bus-ები, რომლებიც 6 ევროდ სინტაგმას მოედნამდე მოგიყვანენ და მეტროს ხაზი – 10 ევროდ ცენტრამდე მოგაბრძანებთ;
  • ათენში იქირავეთ ბინა/აპარტამენტი www.booking.com-ზე ან www.airbnb.com-ზე, დილაობით ბერძნული საუზმის თავად მომზადების სიამოვნებას ნუ მოიკლებთ, გირჩევთ;
  • ფეხით სიარულის მოყვარულთა საყურადღებოდ: ბინა აიღეთ ქალაქის ცენტრში და პლაჟებზე წასვლის გარდა არანაირი ტრანსპორტი არ დაგჭირდებათ;
  • ტაქსი საკმაოდ იაფია ქათქათა ქალაქში, რა უნდა მოხდეს 5-8 ევროზე მეტი დაგიწეროთ;
  • ერიდეთ ქურდბაცაცებს, ძალიან და ყველგან!
  • კვირას არ მუშაობს არაფერი, აფთიაქიც კი, ჰოდა შესაბამისად მოემზადეთ;
  • ძირითადად ყველაფერი იკეტება საღამოს 3-4 საათზე, ამიტომ დილა ადრიანად დაიწყეთ, 4-ის მერე კი შეგიძლიათ ტავერნიდან-ტავერნაში გადახვიდეთ;
  • ჩემი ღრმა დაკვირვებით, სიესტა ყოფილა ბერძნების წმიდათა წმიდა ტრადიცია და 14:30-დან ლამის 17:00 საათამდე ხმაური არც კი გაბედოთ, თორემ დაგიჭერენ 😊;
  • სუნიოს კონცხზე რომ მიდიხართ ხომ შევთანხმდით უკვე? თუ არა?
  • „მოგონებების სკივრი“ ნელ-ნელა ივსება;
მოგონებების სკივრის მასალა
  • ათენში გამოდის სუპერ ინსტაგენური ფოტოები და აბა თქვენ იცით;
  • ბერძნული ენა სიმღერასავით სასიამოვნო მოსასმენია, გეგონება გესმის;
  • საბერძნეთში ფულის ერთეული ევრო მოქმედებს, ჰოდა საქართველოდან გადახურდავებული წაიღეთ, რადგან ჯერ ერთი ადგილზე ლარებს არავინ გადაგიცვლით და დოლარის ევროში გადაცვლის შემთხვევაში ძალიანაც გაგაცურებენ!

… მოკლედ კაშკაშა და ქათქათა ქალაქზე საუბარი არასოდეს მომწყინდება, ყველა დეტალი მინდა დავწერო, გავაზიარო, ავტვირთო, მაგრამ მრცხვენია და რასაც არ ვასაჯაროებ გულში ვინახავ! სრულიად გამაბედნიერმა ათენურმა თავგადასავალმა, აქ ჩემი #ოცდაათსპლიუსრამდენიმე წლის აღნიშვნამ და კიდევ ერთხელ გამიმყარა პოზიცია, რომ – მე მინდა ვცხოვრობდე იქ, სადაც არის ზღვა, მზე, სითბო და სიკაშკაშე …

… მომავალ ბლოგამდე გემშვიდობებით, Αντιο σας ❤

p.s. ყველა ფოტო არის თავად ჩემი გადაღებული

ათენის ტურისტული რუკა
ათენის მეტროს რუკა