დრამა სახელად „რიო“

ცხოვრება მშვენიერია

რამდენჯერ მოგისმენიათ ეს ბანალური ფრაზა? ხან სიმღერებში, ხან ლექსებში. ვიღაცეების ფეისბუქ სტატუსებშიც გინახავთ დიდი ალბათობით. მაგრამ რიოს სანაპიროებთან გატარებული წუთები ამ ერთი შეხედვით ბანალურ წინადადებას იმდენად რეალურს ხდის, რომ ყოფნა-არყოფნის ყველა საკითხი ასე წყდება: ყოფნა, მეგობრებო! თანაც ყოფნა რიოში!

*რიო

გადაწყვეტილება მალე მივიღე. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ შემეცვალა თბილისური ზამთარი ბრაზილიური ზაფხულით. ასეთ გადაწყვეტილებებს ყველა მალე იღებს, ან რა ბევრი ფიქრი უნდა? როგორც კი რიოს მომაჯადოებელ ფოტოებს შევავლე თვალი, კბილებმა კაწკაწი დაიწყო. მით უფრო თუ გარეთ მოსაწყენი ზამთარია. ახალი წელიც ჩამოიტოვე, ბედობაც, შობაც. წინ მხოლოდ გაწელილი დღეებია და სიცივე, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ჰოდა, ასეთ დროს ჭკუიდან შესარყევ, ლაჟვარდოვან სანაპიროებს რომ ათვალიერებ, ცხადია, გსურს რაც შეიძლება მალე შეცურო ამ ბედნიერებაში.

ფრენას 13 საათი და ერთი გადაჯდომა უნდა. მაგრამ აი, რა მნიშვნელობა აქვს რამდენი საათი მიფრინავ, თუკი ბოლოს რიო გელოდება? ბევრი ფილმის ნახვაც მოვასწარი, ბევრი ფიქრი, ძილი, კითხვა და ჰოლანდიელ მგზავრთან დამეგობრებაც. ეიფორია მთელი ფრენის განმავლობაში არ მტოვებდა.

როცა პილოტმა გამოაცხადა დასაშვებად ვემზადებითო, გულმა უფრო სწრაფად დაიწყო ძგერა.

90-იანებში ნანახი ყველა ბრაზილიური სერიალი გამახსენდა. ოჰ, ზამთრის სუსხიან ამინდებში როგორ ვიხეთქავდით გულს რიოს პეზაჟებით „გლობოს“ სერიალებიდან.

კარნავალის, ცეკვის, მხიარულების, ოჯახური დრამების, ყავის, ფეხბურთის, კრიმინალების, ღარიბების და უსაშველოდ მდიდრების ქვეყანაში, შუადღეს ჩავედი. მზემ ძვლები ეგრევე გაათბო.

27 გრადუსი რომ გხვდება ზამთარში არაა ბედნიერება?

აეროპორტი სავსეა ჩემსავით აჟიტირებული ხალხით.

ფულის გადასახურდავებელ ჯიხურებთან ზუსტად ამ დაბნეულობით სარგებლობენ და შეიძლება ყოველ 100$-ში, 30$-მდე აგცინცლონ და ამას „საკომისიო“ დაარქვან. ამიტომ პირველივე ჯიხურს ნუ ეძგერებით და თუ კარგად დაძებნით, მხოლოდ 5$-ს შეელევით საკომისიოს სახით.

კარნავალის დღეებში რიოს დათვალიერება სრულიად წარმოუდგენელი მისიაა.

ტურისტებით გაძეძგილ ქუჩებში მხოლოდ „რუგზაკებიან“ ადამიანებს ხედავ. ამიტომაც ჩემი რჩევაა კარნავალს ტელევიზორიდან უყუროთ. რიო ცარიელი არასდროსაა, მაგრამ მით უფრო კარგია, რაც უფრო ნაკლებად სავსეა.

რიოს ცენტრში ფეხი როგირც კი დავდგი თვალი მოვკარი უაღრესად კულტურულ და უკმაყოფილო ბურჟუებს ხულიგანმა ბავშვებმა როგორ ჩაურბინეს. გზის გადაღმა შეყვარებული ქალი ბოლო ხმაზე ურჩევდა საქმეებს მის ბიჭს. ღმერთო, რა ლამაზი ენაა! ავტობუსის გაჩერებასთან ქალი ყურსასმენებით დიდ უკანალს აქნევდა, როგორც მივხვდი ძალიან ვნებიან მუსიკას უსმენდა.

სასტუმრო კოპაკაბანასთან ავიღე.

*კოპაკაბანას სანაპირო

კოპაკაბანაში 63 სასტუმრო და 10 ჰოსტელია. ერთ-ერთში მე გავჩერდი. დილით ადრე გაღვიძება ამ ქალაქში არის ბედნიერება. თხელი სარაფანი, სანდლები და სერინობა პლიაჟზე – უხ, რა კარგია! კოპაკაბანას გასწვრივ, ტროტუარი კლაკნილი ფილებით მაშინვე ვიცანი, ზუსტად ისეთივეა 90-იანებში ნანახ სერიალებიდან რომ მახსოვს.

პლიაჟი დემოკრატიული და  ქაოსურია. ვინ სად წევს, ან რას აკეთებს… რთულია თვალი მიადევნო. მხიარული და სავსე სიცოცხლით, ქვიშით, ტალღებით, ბავშვებით, ლამაზი ქალებით და კაცებით. წამოკოტრიალდი და უყურე ლამაზ ადამიანებს – მეტი რა გინდა?

აქაც ის ხდება, რაც ყველა სხვა პლიაჟებზე: წყვილები კოცნიან ერთმანეთს, დედები ბავშვებს დასდევენ, აქვე იყიდება საცურაო კოსტიუმები, ეგზოტიკური ხილი და წვენები. ღვთისგან ბოძებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ. რა სხარტი ფეხები აქვთ, რა მოძრაობა! ფეხბურთს აქ ან ძალიან კარგად თამაშობენ, ან ძალიან მაგრად.

თუმცა ყველაფერი ღვთისგან ბოძებული არაა, განსაკუთრებით უკანალებს ეტყობა პლასტიკური ქირურგის ხელი. მე ჯერ კიდევ აქ ჩამოსვლამდე ვიცოდი, რომ ბრაზილიაში განსაკუთრებით პოპულარულია დუნდულების გამკვრივება.

სანაპიროდან ჩანს „შაქრის მთაც“. „შაქრის მთაზე“ საბაგირო გზით ავედი. საბაგირო ცალკე ამბავია: ჯერ ურკას მთაზე ჩერდება და შემდეგ სულ ზევით – „შაქრის მთაზე“. გული გიჩერდება ამ გზაზე. თუ გინდა ნახო ველური ბუნება, სადაც ადამიანებმა ცხოვრება გადაწყვიტეს, აქ უნდა აბობღდე.

*შაქრის მთისკენ მიმავალი საბაგირო გზა

ყურსასმენების გარეშე არ გაბედოთ. დიახ, თუ აქედან უყურებ სამყაროს და თან ასტრუდ ჟილბერტოს ძველ და სევდიან ბოსანოვას უსმენ, სიამოვნებისგან შეიძლება გული გაიხეთქო. რომ არა უამრავი ტურისტის ტიტინი, თითქოს ღმერთებთან სიახლოვეს გრძნობ.

*ქრისტეს ქანდაკება კორკოვადოს მთაზე

თუმცა ღმერთთან მიახლოება მართლა თუ გინდა, კორკოვადოს მთაზე უნდა ახვიდე და ქრისტეს ქანდაკება ნახო. სანამ ჩემი თვალით ვნახავდი ამ საოცრებას, ვერტმფრენიდან გადაღებული ქანდაკება “იუთუბზე” მქონდა ნანახი. ვერასდროს ვუყურებდი ამ ვიდეოს ცრემლების გარეშე. ჯერ კიდევ აქ მოხვედრამდე ვიცოდი, რომ არ არსებობს დედამიწაზე ამაზე ლამაზი, ამაზე მისტიკური, ამაზე კეთილშობილი ძეგლი. ახლა უკვე ჩემი თვალით დავრწმუნდი, რომ მართლაც ასეა. კორკოვადოს 710 მეტრიან მთაზე ქრისტეს ქანდაკება 30 მეტრი სიმაღლისაა.

კარგად რომ მოხვდე კადრში, იქვე დაგებულ ხალიჩაზე მოუწევს ვინმეს გაგორება – ასე იღებენ ფოტოებს.

აქედან ყველაფერი ჩანს – ბრაზილიური სიმდიდრე და სიღარიბე. სანაპიროები და ტყეები. მზის ჩასვლა და მზის ამოსვლა.

ქრისტე ზუსტად ასეთია ჩემს წარმოდგენებში, როგორიც აქ გამოუქანდაკებიათ. მისი სახე სიკეთითა და სევდითაა სავსე. ისეთი სულგრძელია, ლმობიერი, მომთმენი და ისეთი სულიერი – თითქოს ქვა კი არა მართლაც ღმერთკაცია გამოცხადებული. „მხსნელი იესო“ ასე ქვია ქანდაკებას. ზუსტად ასეა: თავისი გაშლილი ხელებით მთელი კაცობრიობის დასახმარებლადაა მოვლენილი. ყველაფერს უყურებს და თითქოს ბევრს ფიქრობს თავჩაქინდრული. ფიქრობს მდიდრებზეც და იმ ღატაკ კარიოკელებზეც ფაველებში რომ არიან შეყუჟულნი და მართლაც მარტო ღვთის იმედი დარჩენიათ.

ფაველა! ურბანული სიგიჟე, სადაც არც ინფრასტრუქტურა აქვთ, ხშირად არც დენი (არალეგალურად იპარავენ), არც ნორმალური სასმელი და საჭმელი. სამაგიეროდ ყველას აქვს ერთი ოცნება – იქნებ ოდესმე თავი დააღწიონ ამ ჯოჯოხეთს. „ჯოჯოხეთის“ დათვალიერება ადრე ტურისტებისთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო, თუმცა ახლა სამხრეთის ფაველები მეტ-ნაკლებად კრიმინალებისგან დაიცალა და პირღია ტურისტებს აქ უფრო ხშირად ნახავთ.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფაველაში გიდის გარეშე უნდა იაროთ, ან მოგზაურობისთვის განკუთვნილი მთელი ფული თან ატაროთ.

მნიშვნელოვანია სადმე გზას არ ასცდეთ და არ მოხვდეთ იქ, საიდანაც „მთელი“ ვერასდროს გამოხვალთ. ფაველებში ბარაკები ლამის ფურთხითაა აშენებული. მშენებლობა აქ სრულიად უკონტროლა. მოსახლეობა ხშირად საშენ მასალად ნაგავსაც იყენებს. ოჯახი მრავლდება და იზრდება ფაველაც – ხან გვერდიდან მიადგამენ შენობას, ხან წინიდან, ხან უკნიდან, ხან კი ერთსართულიანი ბარაკი, ხუთსართულიან ბარაკად იქცევა. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ერთ დიდ მხიარულ ნაგავსაყრელს გავს, რომელსაც ასეთივე მხიარული სახელი აქვს “ფაველა”. „მხიარული“ ტყუილად კი არ მიხსენებია – დაუჯერებელია, მაგრამ უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრები ადამიანები ხშირად ტირიან, შიათ, ეშინიათ მომავლის, მაგრამ არასდროს კარგავენ ცეკვისა და ფეხბურთის თამაშის ხალისს. ეს ბრაზილიაა! უაღრესად ემოციური ხალხის ქვეყანა, სადაც ყოველთვის ისმის მუსიკა, სადაც ცეკვით გამოხატავენ არამხოლოდ მხიარულებას, არამედ სევდასაც.

რიოში მოგზაურობა მართლა არაფერს გავს. პირველივე წამიდან იწამლები მთელი იმ დრამით, რომლითაც სავსეა რიოს ქუჩები, კვარტლები და ულამაზესი სანაპიროები.

იპანემაზე უფრო ცხვირაბზუებულ ხალხს ნახავ.

რიო-დე-ჟანეიროში 23 პლიაჟია, თუმცა იპანემა ყველაზე “სვეცკი. “The Girl from Ipanema“-ც, ანტონიო კარლოს ჟობიმის ცნობილი სიმღერიდან, ალბათ ასეთი ბურჟუა გოგოა.

ზამთარში აქაურობას სერფერები სამოთხეს ეძახიან. აბობოქრებული ტალღები ხშირად 10 ფუტს აღწევს. მზიან ამინდებში კი სერფერებს ბურჟუები ცვლიან. წყალი ისეთი ფერია სახელს რომ ვერ მოუძებნი – თან ცისფერი, თან მწვანე, თან ლურჯი. იპანემა თავს არც კარნავალის დღეებში „უყადრის თავს“ სხვებს. კარნავალის დროს, იპანემაზე რიო-დე-ჟანეიროსგან განსხვავებული მსვლელობა ეწყობა. ნამდვილი ბანდაა! ასეც ქვია: „ბანდა დე იპანემას“ მსვლელობაში მონაწილეობას დაახლოებით 40-50 000 ადამიანი ესწრება ხოლმე.

*„ბანდა დე იპანემას“ მსვლელობა

მაგრამ მე არ მიყვარს რიო კარნავალების გამო. მე მიყვარს რიოს საღამოეები, ბრაზილიური დილა და ადრიანი საუზმეები. ოკეანეში შეხეთქილი გულის გასაგლეჯი მთები და ტყეები. რიოს ფაველები, ძუნძგლიანი ბავშვები და თავხედურად ლამაზი გოგოები. პორტუგალიური გადაძახილები, ქვიშაში აზელილი დაკოჟრილი ფეხები ბურთს რომ დასდევენ. მდიდრები კაბრიოლეტებში და საკუთარ კილომეტრიან აუზებში. მიყვარს ქრისტეს ქანდაკება, ყველა ადამიანზე და ღმერთზე უფრო ცოცხალი და სევდიანი.

მიყვარს „შაქრის მთიდან“ დანახული კორკოვადო და ორ მთას შორის გაჩხერილი დრამა, რომელიც მთლიანად ემოციურმა კარიოკელებმა შექმნეს და ერთი მარტივი სახელი აქვს: რიო.

Will my book www.veteranstoday.com/2019/06/19/guide-to-create-professional-resume-cv-for-war-veterans fill an empty spot on the bookstore shelf.