ჩემი წილი გოა და ქეთევანი

მორჯიმი – ჩრდილოეთ გოას პოპულარული სანაპირო, ინდოეთის ერთი ციდა ნაგლეჯი. მორჯიმი უყვართ დამოუკიდებლად მოგზაურ ადამიანებს. ახლა ქუჩაში უფრო ყოფილი საბჭოეთის მოქალაქები ჩანან. ოღონდ, ამ სანაპიროს მოყვარული რუსები ცოტა სხვანაირები არიან, გაწელილი მოსკოვური „გოვორით“, წრუპვის და ზღვის პროდუქტების მოყვარული, ბავშვებს ფეხის ადგმამდე ზღვაში ცურვას ასწავლიან, ცოტა ინგლისურიც იციან, მოდიან სამეგობროებად, ოჯახებადაც. იმის თქმა მინდა, რომ „კაბლუკიანი“ ქოშებით არავინ შემიმჩნევია (განსხვავებით კალანგუტისაგან, სადაც სანდლებიანი და მუხლამდე აქაჩულ „ნასკიანი“ ტიპიური რუსო ტურისტოები სულ დაშოპინგობენ პატარ-პატარა მაღაზიებში და არიან ლაღად).

მოკლედ, მორჯიმში ერთი პლაჟის ბარ-შეკია, სახელად „ING’s Bar-‘, სადაც ცხელი თებერვლის ნაშუადღევს ფეხმორთხმით ვსხედვართ და თეთრ ცისფერში გადაწყვეტილ მენიუს გულდასმით ვსწავლობთ, ზღვიდან მონაბერი ნიავი და თავზე მობზუილე ვენტილატორი კი აქეთ-იქეთ აქანავებენ ჭერიდან ჩამოშვებულ ვარსკვლავებიან სანათებს.

მოგვიახლოვდა მფლობელი, პაველ დავიდოვიჩი, ყოფილი საბჭოთა მოქალაქე, როგორც მივხვდი, ისრაელში ემიგრირებული და სეზონურად გოაზე გადმობიზნესებული შუა ხნის კაცი. აფხაზეთში გაუტარებია ბავშვობა. თბილად იხსენებს ყველაფერს, რაც საქართველოსთან აკავშირებს: ბიჭვინთას, რიწას, გაგრას, მაიმუნების „პიტოვნიკს“, ელარჯს, აჯიკას და მისი ყმაწვილობის კარგ ამბებს შავი ზღვის სანაპიროზე. სევდაა, როცა ჩემზე მეტი იცის კიდეც, კიდეც უგრძვნია და კიდეც უნახავსამ, როგორც ამბობენ, საქართველოს სამოთხისებურ კუთხეზე. ალბათ ამიტომაა მენიუში ქართული კერძებიც.

  • შევიდეთ ზღვაში?
  • მოიცა, ჯერ შევუკვეთოთ და მერე.
  • მე ინდური მირჩევნია. ტრადიციულად კრევეტებიანი მასალა იყოს. მიყვარს ეს ქარი და რა ვქნა, ჰოლანდიაში შევიყვარე.

ინდონეზიური გავლენით, ჰოლანდიელები აქტიურად მიირთმევენ ეგზოტიკურ საჭმელს. ნიდერლანდებმა ოდესღაც დაიპყრო ინდონეზია და ინდონეზიურმა სამზარეულომ მერე უკან დაიპყრო ჰოლანდიელების კუჭები და ყნოსვის რეცეპტორები. ბარი ბარში, ასე ვთქვათ.

  • წამო ზღვაში, ნახე რა ტალღაა!
  • კარგი. მენიუ მერეც აქ იქნება, ტალღა კი – არა!

ლივ-ლივ-ლივ-ლივ. არაბეთის ზღვა ზამთარში ისე გემრელად გალივლივებს, თავისუფლად ვრჩები წყალში მთელი საათი.

ჩვენ მორჯიმზე სტუმრად ვიყავით, რადგან ბაზა ვაგატორზე გვქონდა დაცემული და იქ ვაპირებდით გამოზამთრებას, ტერიტორიის შესწავლას და საჭირო კავშირების გაბმას (ისევ და ისევ მოგზაურებისათვის გზის სწორად გასაკვლევად).

ვაგატორი ყველაზე გოური გოაა, თავისი ჩაპორათი, ე.წ. ჯუს ცენტრით (ახლადგამოწურული ტროპიკული ხილის წვენები აქ გავიგე სინამდვილეში რას ნიშნავს), თავისი გიჟური ტრანს ფართებით, მაიმუნებით, დრაგებითა და ლამაზი მზის ჩასვლა-ამოსვლებით.

სულ მოკლედ რომ ვთქვა, გოაში ჩასულს ადგილზე სრულყოფილი ჯუნგლის კლიმატი, გაღიმებული ადგილობრივები, ტურისტები და გაადგილოვებრივებული უცხოელები დამხვდნენ. ასევე მოსეირნე ძროხები, პატარა კამეჩები, გამწლეული მაწანწალა ძაღლები და რათქმაუნდა ის აუცილებლობა, რომ აქ გამორჩეულად კარგი დრო უნდა გამეტარებინა.

კარგი შთაბეჭდილებები და დროსტარება გოაში დაპირება არ არის, ეს შესაძლებლობაა. ვისაც არ ეზარება უცხო ადამიანებთან დამეგობრება, სკუტერებით ქროლვა და ღამეების გადაბმულად თენება ღია ცისქვეშ, ძროხის ნეხვისათვის ქუჩაში ფეხის აქცევა, ჯაი განეშის “ჯუს ცენტრის” რიგში დილიდანვე ჩადგომა ავოკადოს წვენის მისაღებად, ის გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და მერე ისევ მოუნდება გოაში (თუ გოაზე) დაბრუნება.

სხვაგვარად უბრალოდ ჩამოხვალთ მორიგ თბილ და იაფიან ტროპიკულ ქვეყანაში, ერთ-ორ ექსკურსიას „მოარტყამთ“ ინდუისტურ ტაძარში, დუდსაგარის ჩანჩქერზე, შესაძლოა სპილოზეც ისეირნოთ, უკვე გათენებულზე ტრანსული მუსიკის ფერად-ფერადი „კონცერტიც“ დაინახოთ შორიდან და გაგიკვირდეთ, რა აცეკვებს ამდენ ზრდასრულ ხალხს დილის 11 საათზე თაკარა მზეში, მოკლედ, ვერ მიხვდებით გოას ყველაზე მთავარ ხიბლს.

გოაში ძალიან ბევრი გალაღებული და გაღიმებული ადამიანია. ზოგი უცხოელი აქ წლებია გამოსაზამთრებლად რჩება და რუჯი უკვე ზედ აქვს შეხორცებული. ზოგი, სულაც გადმობარგებულია და მუსონებისგან გაქცეული დროებით უბრუნდება დედა ევროპას, რომ ისევ დაბრუნდეს ინდოეთში.

ასეთია ჩემი ნაცნობი რუდოლფი, გერმანელი კლასიკური მუსიკოსი, რომელიც უკვე 20 წელია გოელების სიძეა და ძალიანაც იხდენს ინდურ ფერად ტუნიკას და სხვადასხვანაირ ჯინჯილებს.

რატომ ამხელა შესავალი? იმიტომ, რომ როგორც ვამბობდი, გოაში და გოადან უთვალავი რამ შეიძლება ნახო, გააკეთო, შეიმეცნო, მაგალითად სუნელების პლანტაციაში მოწყვიტო პაპაიას ტკბილი ნაყოფი, არამბოლის პლაჟზე გადაწოლილ პალმაზე ფეხებით დაეკიდო და მაიმუნივით იქანაო, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ინდოელი გაიცნო სახელად აგნილო ფერნანდესი, ის ხომ წარსულში პორტუგალიელი კოლონისტების შთამომავალია და თავი მაღლა უჭირავს, თუმცა ღერი პორტუგალიური არ იცის, იცხოვრო ანდა უბრალოდ ესტუმრო იგივე პორტუგალიელ დიდებულთა დანატოვარ პატარა ან მოზრდილ სასახლეებს (აქ მათ Heritage House ეწოდება), ღამისთევიდან მილასლასებულმა ისაუზმო სასწაული ავოკადოს ტოსტებით ანჯუნას სანაპიროს ერთი შეხედვით სრულიად არაჰიგიენურ არტ კაფეში და ცოცხალიც გადარჩე.

(ჯავალაზე არ დავწერ, იქ ნამყოფებმა ისედაც იციან, როგორი პროფესორი კაცია დოქტორ ჯავალი), ფული თუ გაქვს გაყოლებული წახვიდე „გვერძემდებარე“ კარნატაკას შტატში და ნახო ძლევამოსილი ვიჯაიანაგარის იმპერიის ძველი დედაქალაქი ჰამპი თავისი მაიმუნებიანი ტაძრებით და შივა ლინგამებით (ჰამპიზე ახლა ვერ მოვყვები, მერე იყოს, მეტი დრო როცა გვექნება).

ფული თუ არ გაქვს, მაგრამ რამენაირად ტაქსისთვის იშოვი 2000 რუპიას ( სადღაც 35-40 აშშ დოლარია), შეგიძლია ჩახვიდე (და უკანაც დაბრუნდე) ძველ გოაში (იგივე Velha Goa) რომელიც პორტუგალიური კათოლიციზმის გოური ცენტრია

და იქ ნახო ძალიან საინტერესო და ინდური სუბკონტინენტისათვის ცოტა უცხო არქიტექტურის ძეგლები, არც მეტი, არც ნაკლებიცოტა რენესანსი, ცოტა ბაროკო და ცოტაც გოთიკა, თავისი საკმაოდ ნატურალისტური ჯვარცმებით, ორღანით და წმინდანთა ფრაზებიანი ბანერებით (მაგალითად დედა ტერეზას ეს ლამაზი ჩანაწერი). ამ ტაძართა შორისაა იუნესკოს მიერ დაცული წმინდა ავგუსტინეს საეკლესიო კომპლექსი, უფრო სწორედ ავგუსტინეს ეკლესიის კოშკის ნანგრევი.

გრძელი შესავალითქო და ისევ გავუტიე. მოკლედ, ამხელა წინასწიტყვაობა იმიტომ დამჭირდა, რომ, ისეთი ამბავი უნდა მოვყვე, მთელი 2 წლის წინ რომ უნდა მომეყოლა, მაგრამ არ გამომომივიდა. ჰოდა, ვსხედვართ მორჯიმის ING’s ბარში და სანამ შეკვეთილი კერძები მოვა (ბურჟუაზიული კრევეტები მასალა სოუსში), რომლისთვისაც ალბათ შქმერულსაც გავყიდიდი და ბოღლიწოსაც) ანზდად ვფურცლავ ადგილობრივ თხელფურცლიან გაზეთს. სარეკლამო გვერდი: ბინების გაქირავება, სკუტერების გაქირავება, რესტორნები, ივენთები, ფერადი ტანსაცმლის მაღაზიები, ისა, ესა და ვაჰ, რას ხედავს ჩემი თვალები: „Ketevan World Sacred Music Festival”. რაო? თვალები მეძაბება. დაკვირვებით ვკიხულობ სადღაც 120 სიტყვიან განცხადებას და არც მეტი, არც ნაკლები, წერენ, რომ 10 დღეში იწყება გოას სასულიერო მუსიკის ფესტივალი „ქეთევანი“, რომელშიც რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. არსად ჩანს საქართველო.

  • ნეტა. ჩვენთან თუ იციან?
  • გადავამოწმოთ. წაიკითხე კიდევ რას წერენ.

ბილეთების შესაძენად, მოგვმართეთ ამადაამ ტელეფონზე ან ფეისბუქზეო.

ცოტა დაბნეული და თან აღფრთოვანებული, ტელეფონით შევდივარ ინტერნეტში და ჩემი უსათვალოდ უძლური თვალებიც კი ხედავენ, რომ რაღაც საოცარი აღმოჩენის პირას ვართ. დედოფალი ქეთევანიო..

ვეკითხები გოაში ჩემზე გაცილებით ადრე ჩასულ და ადგილობრივ ამბებში საკმაოდ გათქვეფილ მეგობარს, რამე თუ სმენია ამ ამბავზე და არაო. მოკლედ, დაახლოებით ის განწყობა მექმნება, კოლუმბის შტურმანმა რომ მიწა დაინახა და ბღავილი აღმოხდა.

ბღავილი არა და ადრენალინისგან სულ მავიწყდება კრევეტებიც, მასალაც და ზღვის ლივლივა ტალღების სიამეც.

სახლში დაბრუნებული ყურადღებით ვუჯდები გაზეთში მითითებულ ონლაინ მისამართს და ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ! უკვე მეორე წელია და თანაც ვიზრდებით – შარშან იყო 5 მონაწილე ქვეყანა, წელს იქნება 15. სასულიერო მუსიკა ხომ ისეთი მრავლისმომცველია: ქრისტიანული, ებრაული, ინდუისტური, ისლამური, კარნატული, ევროპული, აზიური, ახლო აღმოსავლური, შუა საუკუნეების, აქ ყველა მონაწილეობს.

ტელეფონით ვუკავშირდები ორგანიზატორს, რომლის ნომერიც ფეისბუქ გვერდზე იყო მითითებული და მოკლედ ვუხსნი, რომ ქეთევანის ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტი ვარ და ძალიან მინდა მოვხვდე ფესტივალზე.

რუდოლფთან შეხვედრა ქალაქ მაპსას ადგილობრივ სტარბაქსულ კაფეში გვაქვს. გერმანელისაგან გასაკვირად გვიან მოდის და ბოდიშის მოხდით გვეცნობა. დიდი აღფრთოვანებით ვუყვებით, როგორ წავაწყდით სრულიად შემთხვევით ინფორმაციას და როგორ გაგვიხარდა, რომ ფესტივალის დროს გოაში ვართ. ჩქარა-ჩქარა და სულმოუთქმელად ვუყვები ამბავს, თუ რამდენად ნიშვნელოვანია ქეთევანის პიროვნება ქართველებისათვის და როგორი პატივია მისი სახელობის ღონისძიება უცხო მიწაზე. რუდოლფი გაოცებულია, წარმოდგენაც არ მქონდა ქართველებს თუ გახსოვდათ თქვენი დედოფალიო… ვეკითხები რატომ არ არიან მონაწილეების სიაში ქართველი მუსიკოსები. პასუხი იგივე – წარმოდგენაც არ გვქონდა, თუ ვინმეს დააინტერესებდა თქვენთან ეს ფესტივალიო, პრინციპში, არც მე ვიცნობ ქართულ მუსიკასო. მოკლედ, დაუღალავად ვყვები ჩვენი მრავალხმიანობის, საეკლესიო ჰიმნების, ქალაქური სიმღერების, ფალიაშვილის შესახებ და გიჟივით ვცდილობ კაფეშივე მოვასმენინო „ შენ ხარ ვენახი“.

  •  საქართველოს საელჩოს თუ დაკავშირებიხართ, ჩვენ ახალი, ენერგიული ელჩი გვყავს, აუცილებლად დაინტერესდებოდა.
  •  არა, არ მქონია შეხება, ეს არაა მაინცდამაინც ქართული ფესტივალი, თუმცა, რათქმაუნდა კარგი იქნებოდა ქართველების ჩართულობაც. მათი მონაწილეობა სულ სხვა, თანამედროვე კონტექსტს შესძენდა დედოფალი ქეთევანის ხსოვნას გოაში.
  •  უდიდესი ინტერესით ველი რას შემოგვთავაზებენ ქართველი შემსრულებლები, ჩვენთვის უდიდესი პატივი იქნებოდა.
  •  რატომ „ქეთევანი“?
  •  რატომაც არა? მითუმეტეს, როცა ასეთი გამორჩეული პიროვნების სახელია და თან აქვეა ავგუსტინის მონასტერიც.

დიდი ამბით ვპირდებით, რომ აუცილებლად დავაკავშირებთ და მაქსიმალურად შევეცდებით პროგრამაში ჩვენებური შემსრულებლები რამენაირად ჩავრთოთ.

შეხვედრას ვასრულებთ მთელი ჩვენი გუნდისათვის ვიპ (თლა ძვირიანი) ბილეთების შეძენით და ვბრუნდებით ვაგატორის „ბაზაზე“.

მიუხედავად „მიდგომა-მოდგომისა“ და ბევრი „ხალხის შეწუხებისა“, ვერ ხერხდება ერთ კვირაში ქართული მუსიკის გოაში ჩამოყვანის ორგანიზება, თუმცა იკვეთება მომავალი წლისათვის დასალაგებელი ამბების მონახაზი.

როგორი უცნაურია ეს ამბავი, ინდოეთში და მითუმეტეს, გოაში მიმავალი არც ვუშვებდი, რომ გარდა ჯუნგლის ჟრიამულის, ინდუისტური მანტრების და ტრანსული მუსიკის მეტს მოვკრავდი ყურს, არადა, თურმე ეს კონცერტები მელოდა.

8 თებერვალია. გახსნა 10-შია. ჩვენ საპატიო სტუმრები ვართ. რა ჩავიცვათ, როგორ წარვდგეთ, რა ვთქვათ. მოდი, სამოხალისო რეპორტაჟს გავაკეთებ, ლაივზე გავალ, ან რა ვიცი, რა გავაკეთო, რომელი ოფრა უინფრი მე ვარ. არიქა, დაჩი, მიშველე, როგორ მოვიქცე.

დაჩი, როგორც გამოცდილი ჟურნალისტი, მარიგებს: ტელეფონი ჰორიზონტალურად დაიჭირე, რომ თავდაყირა კადრი არ იყოს. გადაიღე ვიდეო მასალა და მერე დაშლი კადრებად. ყველაფერს ვიწერ, ვინიშნავ, არაფერი გამომრჩეს, მეორედ კი არ იქნება ფესტივალის პირველი დღე.

მოხდა ისე, რომ მარტოს მომიწია წასვლა პანჯიმში (იგივე პანაჯი – გოას შტატის დედაქალაქი). ჩავიცვი გარდერობში არსებული ერთადერთი სოლიდური კაბა, შევიღებე თვალები, დავივარცხნე ჩემი კარე და გულის ფანცქალით მივედი წმინდა ფრანცისკო ასიზელის ეკლესიაში, სადაც ტარდება კიდეც ფესტივალის პირველი კონცერტი.

დამხვდა აი, ასეთი ლამაზი განათება და ფესტივალის გახსნისათვის უჩვეულოდ წყნარი შარი-შური.

ბოლო თვის მანძილზე ჩემს მიერ თვალშეჩვეული გოასაგან სრულიად განსხვავებული სამყარო: გამოპრანჭული, ქუსლებზე შემდგარი საზოგადოება, ტაძრიდან გამოდის ვიოლინოს თუ ალტის სიმების აწყობის ხმები, მიკროფონიც ფხაკურობს ცოტას, თუმცა ისეთი სიწყნარეა, რომ ლაივზე გასვლაც უპრობლემოდ გამომდის და ერთი-ორი იმპროვიზებული ინტერვიუს ჩაწერაც.

გახსნის სიტყვა: მისალმება, დედოფალი ქეთევანი, გოასათვის და აქაური საზოგადოებისათვის უაღრესად პატივსაცემი პიროვნება, შემწყნარებლობის და უდრეკი რწმენის სიმბოლო, ერთნაირად უყვართ კათოლიკებსაც და ინდუსებსაც…

უცნაურია, მართლა არაა ადვილი გაიაზრო, რომ შენი პაწაწინა ქვეყნის ასეთი ტრაგიკული ბედის დედოფალი ამ უზარმაზარ ინდოეთში რომ იციან და აფასებენ.

წამყვანი აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, წელს ქართველები ვერ მონაწილეობენ ფესტივალში, თუმცა მომავალ წელს იმედოვნებენ, რომ ეს შესაძლებელი იქნება. თან ღელვისგან გული მისკდება, მე არ ვიპოვე ეს ფესტივალი და დავაკავშირე საქართველოს? მერე რა, რომ ჯერ არ გამოვიდა, გაისად ბატონი არჩილი აუცილებლად გამოიყვანს. (სულაც, მან არ დააფრთხობინა სუხიშვილებს პირამიდებისათვის ძილი საოცდაექვსმაისოდ 2015-ში?).

პროგრამაშია: ერაყული უდის (Oud) და ფლამენკოს გიტარის დუეტი; უნგრული საეკლესიო გუნდის საგალობლები, პორტუგალიური კლასიკური კვარტეტი, სანტიაგო გირელის ქორო (სენიორ სანტიაგო ფესტივალის სულის ჩამდგმელია სხვათაშორის), პორტუგალიელი კომპოზიტორის ვასკო ნეგრეიროს მიერ უშუალოდ ამ ფესტივალისათვის დაწერილი კანტატა „ქეთევანი“.

როგორც ფესტივალის ვებ გვერდი იუწყება, ორგანიზატორები დედოფალ ქეთევანის საოცარმა ცხოვრებისეულმა გზამ შთააგონა. დედოფალმა სვლა აღმოსავლეთ ევროპის პატარა ქვეყანაში დაიწყო, განაგრძო და მოწამეობრივად აღესრულა იმ დროის ძლევამოსილ სპარსეთში, თუმცა მისი მოგზაურობა იქ არ დასრულებულა. გადმოცემის მიხედვით, წამებული დედოფლის ნაშთები ავგუსტინელ ბერებს ინდოეთში, გოაში წამოუღიათ 1627 წელს. პორტუგალიური წყაროების ცნობით, რომ ქეთევანის ნაშთები შავ სარკოფაგში ინახებოდა გოას წმინდა ავგუსტინეს მონასტერში. მეტი ინფორმაციისათვის ამ საიტს ეწვიეთ

აქვე მახსენდება, რომ სადღაც მაქვს ყური მოკრული ამ ამბავზე. გადავქექე ინტერნეტი და საინტერესო ფილმს წავაწყდი The Travelling Hand („მოგზაური ხელი“), სადაც 1989 წლის ჩანაწერში ირაკლი ტრიპოლსკი (იმ დროს რეზო თაბუკაშვილის თანაშემწე) ყვება, თუ როგორ ჩამოვიდნენ გოაში ნოსტრა სინიორა დი გრასას ეკლესიის სანახავად, სადაც გადმოცემით „საკურთხევლის მარჯვენა მხარეს“ უნდა ყოფილიყო კიდეც ქეთევანის სარკოფაგი. ამ წელს ბატონი რეზო და ინდოეთის არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტი ერთობლივად იწყებენ წმინდა ავგუსტინის კომპლექსის ნანგრევების გათხრებს.

1990 წელს,  რეზო თაბუკაშვილის გარდაცვალების შემდეგ, არქეოლოგიური გათხრები წყდება და მხოლოდ 19 წლის შემდეგ, 2009 წელს სრულდება. გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა დედოფლის მკლავის ფრაგმენტი, რომლის დნმ-ს ანალიზით დადგინდა მისი ქართული წარმოშობა.

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები 2017 წელს საქართველოში დიდი პატივით ჩამოიტანეს და ექვსი თვე იმყოფებოდა სამშობლოში. (ჩემს მიერ აღწერილი ფესტივალი მანამდე ჩატარდა).

მიუხედავად სიშორისა (45 წუთია გზა), ვერაფრით გამოვტოვებდი ფესტივალის ვერც ერთ დღეს და დავესწარი ორივე შაბათ-კვირას. ყველა მისვლაზე სხვადასხვანაირი, მაგრამ ერთნაირად საინტერესო და სასიამოვნო პროგრამა სრულდებოდა და მეც ვწერდი და ვწერდი ხან ვიდეოს და ხანაც, აუდიო მასალას, ხან ფეისბუქის ლაივზე გავდიოდი და დიდის ამბით ვუყვებოდი ჩემს სანაცნობოს, თუ სად ვიყავი და რას ვიქმოდი, რატომ მიხაროდა ქართველობა იმ შორეულ ინდოეთში და რატომ ვიყავი სრულიად თანაბარ პირობებში უძველეს და შედარებით ახალ, თუმცა გენიალურ კულტურებთან, რატომ ვულოცავდი რეზო თაბუკაშვილს გულში და რატომ მეცრემლებოდა თვალები ქეთევან დედოფლის ტრაგიკული ბედის ხელახლა გააზრებაზე და გათავისებაზე.

არიან ადამიანები, ვისაც სჯერა ანგელოზების არსებობის, სასწაულების, სიწმინდეების, არამატერიალური ღირებულებების, ასევე არიან ადამიანები, ვისაც არ სწამს და მხოლოდ რაციონალურად აფასებს ამათუიმ მოვლენას, არც ე.წ. წმინდანის „საეჭვო“ ნაწილებია ავტორიტეტი და შთაგონება, თუმცა, ალბათ მეტ-ნაკლებად ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი ქვეყნის დღემდე მომტანი თავგანწირვის ისეთი თვალსაჩინო მაგალითი, როგორიც კახეთის დედოფალი ქეთევანია, უდაოდ აღარ საჭიროებს დამატებით მტკიცებულებას და არგუმენტებს. მთავარი მაინც ის უხილავი ნაკვალევია, რაც მან დატოვა თუნდაც იმ კონკრეტული ინდოელების თუ პორტუგალიელების გულებში, ვინც მას დღესაც პატივს სცემს და მისი სახელობის ფესტივალს ატარებს, თანაც ისეთ გიჟმაჟი და ხშირად ზღვარსგაცდენილი გართობის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ წერტილში, როგორიც ჩრდილოეთ გოაა, თავისი ვაგატორ ჰილით, შივა ველით, გასაოცარი მუსიკით  და უხარისხო დრაგებით.

დროებით ამ პეიზაჟს გიტოვებთ

 
A breath of fresh air in the amazon/booksurge fire storm – www.fadedandblurred.com/how-to-write-a-rap-song-to-enjoy-success-and-recognition/ write nonfiction now.