ჩემი ნაცნობი პასკარანი და რკინიგზით მოსავლელი შრი ლანკა

შრი ლანკა რომ გავიგე, პირველ რიგში ჩემი ძველისძველი და დაკარგული ნაცნობი პასკარანი გამახსენდა, შრი ლანკელი სტუდენტი, რომელიც თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა 90-იანების ბოლოს. იყო კარგა მუქად შეფერილი, გრძელ და შავთმიანი, სულ მომღიმარი ბიჭი. ცხოვრობდა უნივერსიტეტის სტუდქალაქში ბაგებში და დადიოდა კედელ-კედელ, რომ ზედმეტად არავის მოხვედროდა თვალში მისი ეგზოტიკური გარეგნობა და აქცენტიანი ინგლისური. სადაც გავიცანი, იმ საზოგადოებაში კანის ფერს და ეროვნებას დიდად არ დასდევენ, პირველ რიგში, ხედავენ ადამიანებს, ამიტომ, პასკარანი იქ დუნდებოდა და ყვებოდა ხოლმე ჩვენთვის, თბილისელი ხელმოკლე სტუდენტებისთვის წარმოუდგენელ ეგზოტიკურ ამბებს: ჯუნგლებზე, ოკეანეზე, ცუნამიზე, სპილოებზე და ტამილურ საჭმელებსაც გვასინჯებდა ალაგ-ალაგ. მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა და ერთმა გვარიანმა ცუნამიმაც გადაუარა პასკარანის მშობლიურ კუნძულს, თუმცა ამ ტროპიკულ კუნძულთან პირველად ვირტუალური შეხვედრა მაინც საფუძვლიანად დაილექა ჩემს მოგონებებში და შეგრძნებებში.

შრი ლანკა არც თუ ისე დიდი კუნძულია ინდოეთის ოკეანის, არაბეთის ზღვის და ბენგალის ყურის შეხვედრის ადგილას. ფორმით ზოგს მსხალს აგონებს, ზოგს ცრემლის წვეთს, ზოგსაც იასამნის ფოთოლს. დახედეთ რუკას და თავად გადაწყვიტეთ, უფრო საით იხრება თქვენი წარმოსახვა.

მიუხედავად მცირე ზომისა (სულ 65 610 კვადრატული კილომეტრია), ის ისეთი მრავაფეროვანია, რომ მოგზაურობის დაგეგმვისას ერთბაშად დაიბნევი, რას ეცე და სად გაეშურო ძნელი გადასაწყვეტია.

სხათაშორის, ამ ერთი ციდა კუნძულზე მდებარეობს UNESCO-ს მიერ დაცული რვა ძეგლი, რომელთა შორისაა: სიგირიას ნაქალაქარი Sigirya (იგივე “ლომის კლდე”), ანურადჰაპურას წმინდა ქალაქი (Anuradhapura), ძველი ნაქალაქარი პოლონარუვა (Polnnaruwa), წმინდა ქალაქი კანდი (Kandy), ძველი გალე (Galle) და მისი სიმაგრეები, დამბულას ოქროს ტაძარი (Dambulla), ბუნების ძეგლები: ცენტრალური მაღლობები და სინჰარაჯას ტყის ნაკრძალი (Sinharaja).

მაინც რა იზიდავს ადამიანებს შრი ლანკაზე (ზოგისთვის შრი ლანკაში)? მარკო პოლო რასაც ეძებდა ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქეთ ისტორიის წიგნებიდან კი ვიცით. მან ამ სამოთხის ნაგლეჯს კი “მსოფლიოში საუკეთესო კუნძული“ უწოდა. ჰო, დამავიწყდა, პასკარანს გამორჩა მოეყოლა, რატომ აღარ უწოდებს თავის ქვეყანას ცეილონს, ჩვენ ხომ ასე კარგად ვიცოდით ცეილონის ჩაის გემო (ჩვენ რა, კაპიტალისტურმა დასავლეთმა). თურმე ცეილონად შრი ლანკას ჯერ მისი პირველი ევროპელი დამპყრობლები – პორტუგალიელები მოიხსენიებდნენ, შემდეგ – ბრიტანელი კოლონისტები. დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებისთანავე (ანუ 1972 წელს) შეცვალეს სახელი და ახლანდელ სახელმწიფოს ოფიციალურად ეწოდება შრი ლანკის დემოკრატიულ – სოციალისტური რესპუბლიკა.

მართალია დამპყრობლები არავის გვიყვარს და შრი ლანკელებმაც კოლონიზატორების მიერ დარქმეული სახელი შეცვალეს, თუმცა ძალიან კარგად გამოადგათ ბრიტანელების დროს აგებული რკინიგზა.

რკინიგზის მარშრუტი სახელად „Main Line“

ეს კუნძული იდეალურია ტურიზმისათვის და უმჯობესია მატარებლით დაათვალიერო. გარდა იმისა, რომ კომფორტულად იჩუქჩუქებ, უამრავ საინტერესო რამეს ნახავ. მიყვარს მატარებლით მგზავრობა. როცა გინდა ადგები, გაივლი, გამოივლი, ფანჯრიდან გაიხედავ. რაც უფრო გრძელია გზა, მით უფრო ბედნიერი ვარ (ბერლინი – ჰააგას მატარებელი გამახსენდა ანაზდად, მახსოვს როგორ გადავფსიხდი ჰაუპტბანჰოფის არქიტექტურაზე და როგორ მომიბრუნა უკან მოწყალების მთხოვნელმა ჩემი 7 ევროიანი ხელუხლებელი  სენდვიჩი, ნაღდი ფული მომეციო) მოკლედ, კოლომბოს ე.წ ფორტ სთეიშენიდან (Fort Station) დილის 8:30 ზე გადის მატარებელი, რომელიც ულამაზესი მთების, ჩაის პლანტაციების და ბრინჯის ყანებისაკენ მიმაქანებს. ეს სადგური, ისევე, როგორც სხვები, შრი ლანკაში ბრიტანელებმა ააგეს. ფორტ სთეიშენი მანჩესტერის ვიქტორიას სადგურის მსგავსადაა დაპროექტებული.

*ბილეთის კონტროლიორი ფორთ-სთეიშენში
*კოლომბოს სადგური

სადგური დიდი ტექნოლოგიებით არ გაგაოცებთ, მაგრამ სასიამოვნო რეტრო განწყობას კი შეგიქმნით. ღიმილით ამოწმებენ ბილეთებს და გზასაც გილოცავენ. სიტყვამ მოიტანა და უმჯობესია მატარებლის ბილეთები წინასწარ შეიძინოთ. განრიგები და ბილეთები ინტერნეტშია ხელმისაწვდომი. დეტალურ ინფორმაციას იხილავთ აქ: განრიგი

რკინიგზის ბილეთები და შესაბამისად, ადგილები კლასებად იყოფა: პირველი კლასი დასაძინებელი კაბინებით ღამის მატარებლებისთვისაა, ჩემი, ანუ დღის მატარებლის ვაგონი დასაჯდომია და მას 1st Class Observation Car ეწოდება. სწორად მიხვდით, მისი ფანჯრებიდან იდეალურად ვხედავ ულამაზეს ხედებს, ხან ლურჯ და ხანაც ღრუბლიან ცას. მატარებლებს ასევე აქვს მესამე კლასის ვაგონები, სადაც ყველზე იაფი ბილეთებია, თუმცა ხალხიც ბევრია და პირობებიც ყველაზე მოკრძალებული.

მარშრუტი ასეთია: კოლომბო-რამბუკანა-კანდი-ნანუ ოია-პატიპოლა-ელა და გზად გავივლით ხეობებს, უღელტეხილებს, პლანტაციებს. მე კი წინასწარ გული მისკდება მოსალოდნელი გასაგიჟებელი ემოციებისაგან.

მატარებლით მოგზაურობა საბედისწერო ყოფილა შრი ლანკელებისათვის. რომ არა მატარებელი, მთაში მაცხოვრებლები ვერ ნახავდნენ ვერც კოლომბოს და ვერც ზღვას.

*ჯუნგლებში გამავალი რკინიგზის ხაზი

პირველი გაჩერებაც მოახლოვდა. რამბუკალას სადგურიდან ტუკტუკითულ რამდენიმე წუთია ამ რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ წერტილამდე. პინავალას სპოლოების თავშესაფარი (Elephant Orphanage of Pinawalla) პატარა სპლიყვების (როგორ მომწონს ეს სიტყვა) და ტრავმირებული მოზრდილი სპილოების სახლია.

თავშესაფრის ყველაზე ხანდაზმული ბინადარია მამალი სპილო სახელად ნილა (Neela), რომელიც გახსნის დღიდან (1975) აქ ცხოვრობს და აგერ უკვე 61 წლისაა. ნილა რამდენიმე თაობის მამა და ბაბუაა. მის თვალწინ იზრდებიან მისი შვილები და შვილიშვილები.

*Elephant Orphanage of Pinawalla

მატარებელი იწყებს აღმართებზე ასვლას (სულ მინდა ხოლმე ვთქვა აღმასვლას, მაგრამ რაღაც პოლიტიკური რეკლამასავითაა). თუკი უწინ გზას კოლომბოდან ელამდე ხარებიანი კარეტით სჭირდებოდა 12 დღე, ახლა მატარებელი 9 საათში მიდის.

3,5 საათის მგზავრობის და 130 კილომეტრის დაფარვის შემდეგ შევდივართ კანდიში (Kandy). ტემპერატურაც უფრო სასიამოვნო და გრილია, უკვე 500 მეტრზე ვართ ზღვის დონიდან. კანდი სინჰალური სამეფოს ძველი დედაქალაქია, რომელიც საუკუნეების მანძილზე ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, მანამ, სანამ ბრიტანელები არ მოვიდნენ 1815 წელს. ქალაქი თითქოს მესალმება ლურჯი წყლის დუმფარებით. ეს ულამაზესი ყვავილი შრი ლანკის სიმბოლოა. მორწმუნეები ლურჯ დუმფარას ბუდისტურ ტაძრებს სწირავენ.

*წყლის დუმფარები

კანდის ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობა UNESCO-ს მიერ დაცული „წმინდა ეშვის ტაძარია“ (Sri Dalada Maligawa). აქ ბუდისტებისთვის მეტად ძვირფასი რელიქვია ინახება და ამდენად პილიგრიმები მუდამ გარს ახვევია. ტაძარში ყოველდღიურად ტარდება თაყვანისცემის ხმაურიანი და ფერადოვანი რიტუალი. პუჯა, ანუ ჩვენებურად წირვა დაახლოებით 90 წუთს გრძელდება.

*წმინდა ეშვის ტაძარი Sri Dalada Maligawa

ისტორიულად კანდი, ეს ტაძარი და მისი რელიქვია ძალაუფლების სიმბოლო ყოფილა და მისი ხელისუფალი აქაურებისთვის მეფეც იყო და იმპერატორიც. ბრიტანელებმა რეგიონის კოლონიზაცია სწორედ კანდის დაუფლებით დაასრულეს. ჩემი ქართული რეალობა არ მიშვებს და აქაც ოკუპაცია-დამოუკიდებლობის ამბებს ვეძიები.

ტაძრიდან ცოტა მოშორებითაა პარკი, სადაც აი, ეს უცნაური ღამურები, რომლებსაც მფრინავ მელიებს ეძახიან, ძალიან კომფორტულად ქანაობენ და ერთობიან. ყველა ღმერთმა იცის, როგორ მეშინია მფრინავი არსებების, მაგრამ რატომღაც ეს არ მაპანიკებს.

*მფრინავი მელა

კანდი ცნობილია თავისი ტრადიციული ცეკვებით. აქ გინდა ცეკვების სკოლაში მიხვალ, გინდა უბრალო ტურისტივით შოუს დაესწრები, რაც სადღაც 1 საათს გრძელდება და მოიცავს 11 ცეკვას. როგორს შოუს ხელმძღვანელი გვიყვება, ამ ცეკვით ადრე მეფეებს ახალისებდნენ, ახლა კი ძირითადად ტურისტებს აცნობენ ადგილობრივ კულტურას.

*მოცეკვავე კანდიში
*წარმოდგენა ტურისტებისთვის

ეს მეორე ფოტო ასახავს ცეკვას სცენაზე. ძალიან ლამაზი სანახავია.

კანდიდან გავდივართ და გზა ისევ მაღლა მიიწევს, ჩაის ხასხასა პლანტაციებისა და ბანანის პალმებიანი ხედებისაკენ.

მატარებელში კალათით სხვადასხვანაირ ტკბილეულს და ხემსს დაატარაბენ. ეს ბრასლეტებიანი კაცი მაგალითად ნამცხვარ „ვადე“-ს (Wade) ყიდის და ამ საქმით აგერ 20 წელია მრავალშვილიან ოჯახს არჩენს. მართალია ნამცხვრებს  იმ ქაღალდის მიჩხაპნულ პაკეტებში აწყობს, სადაც ჯოკერი უთამაშიათ, მაგრამ მატარებლის ადმინისტრაციისგან ლიცენზია აქვს და ხარისხზეც პასუხისმგებელია.

ულამაზეს გოგოს ვხედავ – მწვანე სარონგში გამოწყობილს, გრძელი შავი ნაწნავით. მოდი, ცოტა გადავუხვევ თემიდან. შრი ლანკელი ქალები სარონგების დასამზადებლად ქსოვილებს საკუთარი ხელით რთავენ. როგორც გამიმხილეს, უხვნალექიან გარემოში კოტონის სარონგი ჯობს თურმე, აბრეშუმი ძალიან არაპრაქტიკული ყოფილა. ბამბა უფრო სასიამოვნოაო სატარებლად.

ჩვენი მატარებელი კი მაღლა და მაღლა მიიწევს, უკვე ხელით შემიძლია შევეხო გურიასავით „ჩას“ პლანტაციებს (რა ვქნა, „ჭრიჭინა“ მახსენდება).

*შრი-ლანკელი მეჩაიე

ბრიტანელებმა თავის დროზე რკინიგზა სწორედ ჩაის გადასაზიდად გაიყვანეს. ასე გადაჰქონდათ „მწვანე ოქრო“ კოლომბოში და იქიდან სხვადასხვა მიმართულებით აგზავნიდნენ. ჩაის პლანტაციებში, რისი ტერიტორიაც დაახლოებით 200 კვ კილომეტრს ფარავს, უამრავი ადამიანია დასაქმებული. ხან აქ ამოყოფენ მეჩაიიები თავს, ხან იქ, ზოგჯერ ხელსაც უქნევენ ჩავლილ მატარებელს. უწინ რიგით მეჩაიეს ბრიტანელები ბრინჯით უხდიდნენ გასამრჯელოს, ახლა კი დღეში 3-4 ევროს იღებენ, რაც საკმაოდ ცოტაა გამთენიიდან მზის ჩასვლამდე მუშაობისათვის, მაგრამ აქაურები მაინც არ წუწუნებენ და მთავრობას მადლობას უხდიან რომ სამუშაო აქვთ.

ვენტილაცია მეორე კლასში. ასეთი „კარლსონები“ ინდოეთშიც მინახავს, ოღონდ, იქ ავტობუსში.

ჰორიზონტზე „ცეილონის ჩაის“ ფაბრიკა ჩანს, სადაც ახლაც კი ძველი ტექნოლოგიით ახარისხებენ ნედლეულს, აშრობენ და ფუთავენ ჩაის. სხვათაშორის, ფერმენტაცია მარტო ყურძენს და სოიოს კი არა, ჩაისაც სდომებია.

*ჩაის ფაბრიკა

მე რომ კვების ტექნოლოგი ვყოფილიყავი უკვე მეცოდინებოდა, რომ ჩაის „ბეიბი-ფოთოლში“ მეტია სასარგებლო ნივთიერება (მაგალითად კოფეინი), ვიდრე უკვე ზრდასრულ ფოთოლში. ინფორმაცისათვის, შრი ლანკა ჩაის ექსპორტით მსოფლიოში პირველი ყოფილა. ახლა ჩაი რკინიგზით აღარ გადააქვთ და მატარებლები მხოლოდ ადამიანების გადასაადგილებლად გამოიყენება.

ვუახლოვდებით სადგურ Nany Oya-ს და ვხდები ძველი რიტუალის მოწმე, როცა ბაქანზე გამომდგარი მეისრე მემანქანეს გადასცემს ტყავშემოკრულ ბოქლომს. ერთი შეხედვით რაღაც ძველი ნივთია, მაგრამ სინამდვილეში ეს თილისმაა, რომლის მიღების შემდეგ მატარებელს შეუძლია გზა განაგრძოს შემდეგი სადგურისაკენ. აქ არსადაა ციფრული ტექნოლოგიები, აქ ყველაფერი კოლონიურ პერიოდს ეხმიანება.

სამწუხაროდ, მატარებელი უკვე აღარ მიდის Nuwara Ellia-ს მთის სადგურამდე, სადაცაა ულამაზესი ტბისპირა დასახლება. ამ სოფელს ბრიტანელები Little England-ს უწოდებდნენ და ყველაფერს ისე აწყობდნენ, რომ შინ ეგრძნოთ თავი. ახლაც იხილავთ ოდესღაც კოლონისტებისთვის მოწყობილ იპოდრომს, სადაც დოღი იმართებოდა და მათ სამეფო ასკოტის განწყობას უქმნიდა. აქვეა ტიპიური ბრიტანული სამამულო სასახლე თავისი ვარდების ბაღითა და მწვანე გაკრეჭილი მოლით, გოლფის მოედნებით და ლონდონური ლამპიონებით.

*Little England

ინგლისური გარემო ვახსენე და დოღის გარდა ბრიტანელებს ნისლიან ალბიონს გოლფიც ახსენებდათ. ეს მათ მიერ აქაური მაღალი საზოგადოებისათვის დატოვებული უსაყვარლესი რამაა. ფოტოზე ასახული მოხუცი მებაღე 1971 წელს გოლფში ქვეყნის ჩემპიონი გამხდარა და კორტი ისე უყვარს, როგორც საკუთარი სახლი.

*გოლფის ჩემპიონი მებაღე
*ნანუ ოიას რკინიგზის სადგური

გარშემომარტო ჩაის პლანტაციები კი არაა, აქ ბოსტნეულის ნათესებიც ნაირ-ნაირ მწვანედ ბიბინებს.

დავტოვეთ ნანუ ოია. გზად სენტ ბენედიქტის კათოლიკურ მონასტერი გვხვდება. ესეც ევროპელების დანატოვარია. მონასტერში აქაური მაცხოვრებლები ეგზოტიკური ხილის ჯემებსა და ხილფაფებს აკეთებენ, სპილოს ვაშლისაგან, გუავასაგან მომზადებული გემრიელი ჯემების გაყიდვიდან შემოსული თანხებით მამა მაიკლი აგერ უკვე ოცი წელია მონასტერს ხან კედლებს უღებავს, ხან სახურავს უკეთებს.

*წმ. ბენედიქტის მონასტერი
*ჩანდრას ჯემების საწარმო

ბატონი ჩანდრა უკვე ბევრი წელია ასე ხელით ურევს და ურევს მომზადებულ ჯემებს, შემდეგ ჩვენი ბებიებივით ჩამჩით ასხამს წინასწარ გარეცხილ მინის ქილებში. მოთხოვნა დიდია ნატურალურ ჯემებზე და ჩანდრას სეზონზე 1000 ცალი ქილის გაკეთება მაინც გამოსდის ხოლმე.

მატარებელი ისევ ზევით და ზევით მიიწევს. ამინდი გვიფუჭდება, თუმცა ხედი ფანჯრიდან ულამაზესია.

ჩვენი მატარებელი ე.წ. განიერ ლიანდაგზე მოძრაობს. ბრიტანელები იმ ქვეყნებში, სადაც რკინიგზით მძიმე ტვირთს გადაადგილებდნენ სულ ასეთ ლიანდაგს აგებდნენ თურმე, ასე ყოფილა აქ, ინდოეთში და ბანგლადეშშიც.

შემდეგი სადგურია შრი ლანკას უმაღლესი სადგური Pattipola, ის ზღვის დონიდან 1891 მეტრზე მდებარეობს და სულ რაღაც 7 მეტრით ჩამორჩება ამ უღელტეხილის ყველაზე მაღალ წერტილს – Summit Level 1898 მეტრზეა და ნისლშია გახვეული.

*Summit Level

ახლა კოლომბოდან 220 კილომეტრით ვართ დაშორებული და ვაგონში სულ უფრო ცოტა მგზავრი რჩება. აი, მაგალითად ეს ქალბატონი, რომელის ისე მაგონებს წლების წინ ლუქსორის ტაძართან ნანახ ბედუინს, რომ არა ეს ცხვირის სამკაული, ვიფიქრებდი ფარაონის წყევლა გამომედევნათქო.

წყევლა იქეთ იყოს და მგონი დასვენების დროა. Ella-მდე ცოტა დარჩა და კარგ აიურვედულ მასაჟზეც არ იტყოდა უარს კაცი. აიურვედა ინდური სამკურნალო ხელოვნებაა, უძველესი ცოდნაა, თავისი იოგათი, მასაჟებითა და სხვადასხვა ძნელად გამოსათქმელი პროცედურებით. მას საკმაოდ ძველი ტრადიცია აქვს შრი ლანკაზეც. აიურვედაზე  სხვა დროს მოვყვები, თუმცა ახლა ეს 80 წუთიანი მასაჟი ზედგამოჭრილია ამხელა გზის გამოვლის შემდეგ, ხომ უნდა გავიაქტიურო სისხლის მიმოქცევა სხეულში და მოგზაურობის გასაგრძელებლად ძალებიც აღვიდგინო.

*აიურვედა

შრილანკაში წარწერები სამ ენაზე შეგხვდებათ, ზედა ხაზზეა სილჰანური (silhanese), შუაზე – ტამილური (Tamil), ქვედა ხაზზე კი იცნობთ – მშობლიური ინგლისური.

ჩამოვედით Ella-ში. ეს პუნქტი ამ გზის, ანუ, Main Line-ის ბოლო სადგურია.

*ელას სადგური

მივგუგლ-მოვგუგლე და მინიმუმ 6 პუნქტიანი შემდეგი გეგმა დავსახე ელაში რასაც გავაკეთებ:

  1. Little Adam’s Peak-ზე ასვლა და ფოტოს გადაღება. სოფლიდან ფეხით 45 წუთი სჭირდება ასვლას, გზადაგზა საინტერესო სოფლებია, ადგილობრივი ხალხიც გიღიმის.
  2. Nine Arch Bridge ეს ხიდი 30 მეტრიან ცხრა თაღზე დგას და მასზე მატარებლები გადიან და გამოდიან. აქ ლიანდაგზეც გაისეირნეთ, დაცვა არ დაგიშლით, თუმცა უსაფრთხოებისათვის თვალყურს გადევნებთ.
*Nine Arch Bridge
  1. Lipton’s Seat – ასვლა ლიპტონის გადასახედზე და თვალუწვდენელი ჩაის პლანტაციების ხედის გადაღება. მისტერ ლიპტონი ის ბრიტანელი ბიძია იყო, ვინც პირველად დარგა ჩაი ამ ფერდობებზე შორეულ 1890 წელს. აქ მისასვლელად მოკლე გზა უნდა გაიაროთ მატარებლით ჰაპუტალემდე და მთლად წვეროზე ასასვლელად სადგურიდან ტუკტუკი წაიყვანოთ.
*Lipton’s Seat
  1. Diyaluma Falls – ბანაობა. ჩანჩქერზე ბანაობისათვის ცოტა ცივა, ამიტომ ფოტოს დავჯერდები. აქ მოსასვლელად კარგი 45 წუთი ტრეკინგი დაგჭირდებათ. სრული სიამოვნების მისაღებად აუცილებლად გამოყავით ერთი სრული დღე.
  2. Ella Spice Garden ქალაქის სუნელების ბაღი (თუ ბოსტანი), სადაც ტურისტებისათვის დეგუსტაციები და შრი ლანკური მზარეულობის მასტერკლასები ტარდება. სამწუხაროდ, წინასწარ დაჯავშნა ვერ მოვასწარი. თქვენ კი აუცილებლად გირჩევთ თადარიგის დაჭერას.
  3. Ravana Waterfall – რავანას ჩანჩქერი ელადან 10 წუთი მანქანით სავალზეა. ფაქტიურად გზის პირასაა, ამდენად ადვილი მისასვლელია და ცხადია ტურისტებიც უხვად მოდიან.
Ravana Waterfall

რომ არა მატარებელი, ამ გზას ჩემით ვერაფრით გავივლიდი. სამანქანო მოძრაობა შრი ლანკაზე ბრიტანულად მარჯვენა მხარესაა. კაცმა რომ თქვას, გინდაც მარცხენა მხარეს იყოს, მე მანქანის ტარება მაინც არ ვიცი და შეღავათი ალბათ არ მექნებოდა. რა ვქნა, ზარმაცი გამოვდექი.

ოკლედ, სოლო – მოგზაური ხარ თუ ტურისტული ჯგუფის წევრი, მატარებლით მოგზაურობას მაინც არაფერი სჯობს. დროსაც არ ფლანგავ, მარშრუტიც ადვილად გასაგებია და როგორც დასაწყისში ვთქვი, ზოგადად, მიყვარს რკინიგზაზე ჩაქ-ჩაქი.

ისე, კარგი იქნებოდა პასკარანი მენახა, უფრო დამაკვალიანებდა, იქნებ მისი ოჯახიც გამეცნო, აბა ასე უცხო ტურისტი თავზე ხომ ვერ დავადგები შრი ლანკურ ოჯახს, გამარჯობა, თქვენი გაცნობა მინდათქო. პასკარანსაც გაუხარდებოდა, ქართულ ჩურჩხელას და ძველი ნაცნობების მოკითხვას ჩამოვუტანდი შორეული საქართველოდან.
The other day a potential client asked me what practical I thought about her book idea.