თამუნა 23 წლისაა. უყვარს ძაღლები, შოპინგი და მოგზაურობა. ასაკმა არ დაგაბნიოთ. ევროპა ხუთი თითივით იცის.

აფასებს ცივილიზაციას და საშინლად ეშინია ტროპიკების.

და რადგან ეშინია ტროპიკების ჭკუას კარგავს დავარცხნილ, ცივილიზებულ, კოპწია ევროპულ ქალაქებზე.

თამუნას მუზეუმებში ვერასდროს ნახავთ, ძირითადად ქუჩებში დადის, ნაყინს მიირთმევს და ევროპული ქუჩების ხედებით ტკბება.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუზეუმები მისი სუსტი მხარეა. ჰკითხეთ ყველაფერი! თუ საჭირო გახდა ხელოვნებათმცოდნედ გადაიქცევა და სასარგებლო რჩევებსაც მოგცემთ.

სიცოცხლით სავსე თამუნასთვის მოგზაურობა ბევრ სიარულს ნიშნავს.

ერთი და იმავე ადგილას ვერასდროს ნახავთ. და თუ მაინც ნახავთ, ნიშნავს რომ კლუბშია და ცეკვავს. განა გასართობად შედის? კლუბების შესახებ ინფორმაციას აგროვებს, რომ თქვენ გაგიზიაროთ.

უნდა ითქვას, რომ თამუნა ადამიანური შესაძლებლობებისთვის გასაოცარი სისწრაფით გადაადგილდება ერთი ადგილიდან – მეორეში.

არ გეგონოთ, რომ ასეთი წოწიალისას დროს უქმად კარგავს. ყოველთვის თან აქვს წიგნაკი საინტერესო ჩანაწერებისთვის.

ზუსტად ამ ჩანაწერებს ეფუძნება ის ოქროს რჩევები, ასე გულუხვად რომ ურიგებს ევროპაში მოგზაურობის მოყვარულებს.

თამუნას ბედნიერებას ანიჭებს ახალი გამოცდილების შეძენა, ახალი ტურისტული მარშრუტების შედგენა და ისეთი ნაკლებად ცნობილი ადგილების აღმოჩენა, თამუნას გარდა არავინ რომ არ იცის.

ამ საქმეში პირველად სახელი მაშინ გაითქვა, როცა „სტენდალის სინდრომით“ შეპყრობილმა ტოსკანა ზედმიწევნით შეისწავლა. დღეს უკვე იტალიის მსგავსად სხვა ევროპულ ქალაქებზეც ყვება.

და თან ისეთ დეტალებს ყვება, დიდი მკრეხელობა იქნება, წლების შემდეგ წიგნი არ გამოსცეს მოგზაურობაზე და ეს ცოდნა ასე უბრალოდ ჰაერში გაანიავოს.