როცა ნათიას ვეკითხებით რას აპირებს „საგზურის“ მოგზაურებისთვის, გვპასუხობს:

მე მინდა ტურისტული ევროპიდან, ხალხი, არატურისტული ევროპისკენ შემოვაქციო!

ეს „შემოქცევა“ ნათიამ რუმინული ქალაქებით დაიწყო. მისი მონათხრობიდან შევიტყვეთ, რომ თურმე დრაკულას  ლეგენდის გარდა, რუმინეთში სხვა საინტერესო  რაღაცეებიც ხდება, თან მართლა ძალიან საინტერესო!

როგორც ჩანს, ნათიას სურს უფრო მეტ ადამიანს დაანახოს, რომ პარიზისა და რომის გარდა, სხვა ბევრი ქალაქია აუცილებლად სანახავი.

ნათია გვიპრდება, რომ ტურისტულ ქალაქებზეც არატურისტულად მოგვიყვება.

ანუ აქედანვე ვიცით: მისი ისტორიების მკითხველი პოპ-მუსიკას არ მოუსმენს და არც ბანალურ ფილმებს შეხედავს.

ნათიამ იცის, რომ ჭეშმარიტი მოგზაურები განსაკუთრებით ამაყობენ, როცა ისეთ ადგილებში ხვდებიან, სადაც ფოტოაპარატიანი ტურისტის ჭაჭანება არაა. ვიღაცეებისთვის ეს ყველაფერი სამოგზაურო სნობიზმია. თუმცა ფაქტია:

განსაკუთრებული პატივისცემის ღირსნი არიან ისინი, ვისაც “პაპსა” არაფერი არ აინტერესებთ (მათ შორის, არც ადგილები), რადგან მხოლოდ მათგან თუ გავიგებთ თუ რა საინტერესოა სამყარო, რომელსაც არატურისტულად უყურებ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნათიას მიზანია მკითხველმა მისი ისტორიების წაკითხვის შემდეგ გაიფიქროს:

თურმე ევროპაში უამრავი ადგილია, სადაც კარგად გართობა შეიძლება და რას გადავეკიდე ამ ბერლინს?

თავად ნათიაც სულ ისეთი ადგილების ძიებაშია, რომელიც ტურისტების მიერ არაა უმოწყალოდ გადათელილ-გადაღებულ-განცდილი.

ნათია ეძებს არამხოლოდ ადგილებს, არამედ ახალ ადამიანებს, ტრადიციებს.

რადგან თვლის, რომ სამყაროს არა ზღვები, ოკეანეები და მდინარები ალამაზებენ, არამედ  მრავალფეროვანი ადამიანები, ტრადიციები და მათი განსხვავებულობა.

ნათია გვპირდება, რომ ზუსტად მის ისტორიებში წავაწყდებით ბედნიერების იმ ნაპერწკალს, რომელსაც მოგზაურები „შთაბეჭდილებას“ ვეძახით.